მეორე ტიმოთეს მიმართ, თავი 1
პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე იესოში, -
ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;
შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით.
მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.
ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა.
რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.
მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,
რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,
ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით;
ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი,
ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.
სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში.
შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.
შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც.
წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.
არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.
ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ,
ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე,
და მსურის ხილვაჲ შენი, - მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო.
მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა.
რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა.
რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ.
ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა,
რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა,
რომელ გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანთლა ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ სახარებითა მით,
რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღურად წარმართთა.
რომლისათჳსცა ესე მევნების, არამედ არა მრცხუნის. რამეთუ ვიცი, რომელი-იგი მრწმენა და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა.
სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა.
კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა.
უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი.
მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა;
არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა.
მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.