ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ტიმოთეს მიმართ, თავი 2

1

უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის,

2

მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,

3

ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის თვალში,

4

რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.

5

რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო,

6

რომელმაც თავი დადო ყველას გამოსასყიდად, რაც დამოწმებულ იქნა თავის დროზე;

7

რომლისთვისაც დადგენილი ვარ ქადაგად და მოციქულად (ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ), წარმართთა მოძღვრად რწმენითა და ჭეშმარიტებით.

8

ამიტომ ჩემი სურვილია, ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.

9

ასევე ქალებიც, ღირსეუღაღ მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,

10

არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი.

11

ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.

12

მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.

13

ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.

14

ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა.

15

თუმცაღა მაინც ცხონდება, რადგანაც შვილებს გააჩენს, თუკი რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში დარჩება კდემით.

1

გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს,

2

მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა,

3

რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა,

4

რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.

5

რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე,

6

რომელმან მისცა თავი თჳსი საჴსრად ყოველთა საწამებელად ჟამთა თჳსთა,

7

რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად, - ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი, - მოძღუარი წარმართთაჲ სარწმუნოებითა და ჭეშმარიტებითა.

8

მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა;

9

ეგრეთვე დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა,

10

არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა.

11

დედაკაცი მდუმრიად ისწავებდინ ყოვლითა დამორჩილებითა.

12

მოძღურებად დედათა არა უბრძანებ, არცა მთავრობად ქმრისა, არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით.

13

რამეთუ ადამ პირველად დაებადა და მერმე - ევა.

14

და ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა,

15

არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სიწმიდით ღირსებასა ზედა.

123456