პირველი ტიმოთეს მიმართ, თავი 3
სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია.
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,
არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არამედ წყნარი, თვინიერი, ვერცხლისმოძულე,
თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით,
(რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?),
არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს.
უნდა ჰქონეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას.
დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი,
რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით.
ესენიც ჯერ უნდა გამოიცადონ და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლონი აღმოჩნდნენ, მიენდოთ მსახურება.
მათი ცოლებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყოველმხრივ სარწმუნონი.
დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი.
ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში.
ამას გწერ და იმედი მაქვს მალე გეწვევი.
მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით.
სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.
ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ,
არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ,
თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.
ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსისა სახლისა განგებაჲ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაჲ აგოს?
ნუ ახალნერგ, რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა.
არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან, რაჲთა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრჴესა ეშმაკისასა.
დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ,
აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა.
და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.
ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა.
დიაკონნიმცა არიან ერთის ცოლის ქმარ, შვილთა კეთილად ზედამდგომელ და თჳსისა სახლისა.
რამეთუ რომელნი კეთილად დიაკონობდენ, პატივი თავთა თჳსთა კეთილი მოუგონ და მრავალი განცხადებულებაჲ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.
ამას მივსწერ შენდა და ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა;
ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ.
და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა.