პირველი ტიმოთეს მიმართ, თავი 5
ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი - როგორც ძმებს,
დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს, მთელი სიწმიდით.
პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან.
ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს.
ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს.
განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია.
ეს ამცნე მათ, რათა უბიწონი იყვნენ.
ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი.
ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი
და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს.
ახალგაზრდა ქვრივებს კი ნუ მიიღებ, რადგანაც ქრისტეს ზურგს აქცევენ და კვლავ გათხოვება სურთ,
რისთვისაც სასჯელის ღირსნი არიან, ვინაიდან უარყვეს უწინდელი რწმენა.
ეგეც არ იყოს, უქმად ყოფნასა და კარდაკარ წანწალს ეჩვევიან, და არა მარტო უქნარანი არიან, არამედ ყბედნიც, ცნიაბისმოყვარენიც და უტიფრად მოჭარტალენიც.
ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს.
რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა.
თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ქვრივი ნათესავები ჰყავს, დაეხმაროს მათ, რომ ეკლესიას არ დააწვნენ ტვირთად და, ამრიგად, მან შესძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.
ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ.
რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“.
ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე.
შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად.
ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, ურღვევლად დაიცავი ჩემი რჩევა და ნურაფერს აღასრულებ მიკერძოებით.
ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და წმიდად შეინახე თავი.
ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას.
ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.
ასევე წინასწარვე ცხადნი არიან კეთილი საქმენიც, თუ არა და, ბოლოს მაინც არ დაიფარვიან.
მოხუცებულსა ნუ ჰრისხავ, არამედ ჰლოცევდ ვითარცა მამასა, ჭაბუკთა –ვითარცა ძმათა,
მოხუცებულთა დედათა – ვითარცა დედათა, ჭაბუკთა –ვითარცა დათა, ყოვლითა სიწმიდითა.
ქურივთა პატივ-ეც, ჭეშმარიტად ქურივთა.
უკუეთუ ვისმე ქურივსა შვილ გინა შვილის შვილ ესხნენ, ისწავებედ პირველად თჳსსა სახლსა, ღმრთის მსახურებასა და პატივ-სცემდედ მამა-დედათა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე ღმრთისა.
ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე.
ხოლო რომელი-იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს.
და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ.
ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს.
ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, რომელი ყოფილ არს ერთის ქმრის ცოლ,
და საქმეთა შინა კეთილთა წამებულ: უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა, უკუეთუ ჭირვეულთა შეეწია, უკუეთუ ყოველსა საქმესა კეთილსა შეუდგა.
ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ.
აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს.
და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა.
მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა.
რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.
უკუეთუ ვინმე მორწმუნე ესუას ქურივთა, იგი კმა-ეყავნ მათ და ნუ დაუმძიმებედ ეკლესიასა, რაჲთა სხუათა ქურივთა კმა-ეყოს.
რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა.
რამეთუ იტყჳს წიგნი: ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი; და: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა.
და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაჲსა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის.
ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით.
ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე.
ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.
რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან და წინა უძღჳან საშჯელად, ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან.
ეგრევე საქმენი კეთილნი წინაწარ ცხად არიან; და სხუებრ თუ ვისმე აქუნდეს, დაფარვად ვერ ჴელ-ეწიფების.