ზაქარია წინასწარმეტყველი, თავი 5
კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი.
მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი მე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით - ათი წყრთა.
მითხრა: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი; რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად.
გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას.
გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს.
ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე.
აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში.
თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედა.
ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ; და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას შორის.
ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული?
მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.
და მოვიქეც და იხილეს თუალთა ჩემთა: და, აჰა, მანგალი მფრინვალე.
და თქუა ჩემდამო: რასა ხედავ შენ? და ვთქუ: მე ვხედავ მანგალსა მფრინვალესა, სიგრძით წყრთათა ოცთასა.
და თქუა ჩემდა მომართ: ესე წყევაჲ გამომავალი პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა მით, რამეთუ ყოველი მპარავი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს. და ყოველი ცრუფიცი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს.
და განვასწორო იგი, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და შევიდეს იგი სახიდ მპარავისა და სახით მფუცავისა სახელსა ჩემსა ცრუსა ზედა და დაარღჳოს საშუალ სახლისა მისისა და მოასრულოს იგი და ძელნი მისნი და მოასრულნეს ქვანი მისნი.
და განვიდა ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის და თქუა ჩემდამო: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე გამომავალი ესე.
და ვთქუ: რაჲ არს? და მრქუა: ესე საზომი გამომავალი. და თქუა: ესე უსამართლოება ყოველსა შორის ქუეყანასა მათსა.
და, აჰა, ტალანტი ბრპენისაჲ აღღებული. და, აჰა, დედაკაცი ერთი ჯდა საშალ საზომისა
და თქუა: ისი არს უსჯულოება. და დააგდო იგი საშუალ საზომისა და შთაუგდო ქვაჲ ბრპენისაჲ პირსა მისსა.
და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე. და, აჰა, ორნი დედანი გამომავალნი და სული ფრთეთა შორის მათთა და მათ აქუნდეს ფრთენი, ვითარცა ფრთენი ოფოფისანი, და აღიღეს საზომი საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა.
და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: სადა მიიღებენ ისინი საზომსა?
და ჰრქუა ჩემდამო: აღშენებად მისდა სახლსა ქუეყანასა შინა ბაბილონისასა და განმზადებად და დადვან იგი მუნ, განმზადებასა ზედა მისსა.