ლოცვანი
აპლიკაცია

ზაქარია წინასწარმეტყველი, თავი 12

1

განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი; რომელმაც გადაფინა ცა და დაამყარა მიწა, რომელმაც გამოსახა ადამის სული მის წიაღში.

2

აჰა, გავხდი იერუსალიმს სიბრუვის თასად ყოველი ხალხისთვის ირგვლივ და თვით იუდასთვის, როცა ალყაში მოექცევა იერუსალიმი.

3

დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება.

4

იმ დღეს, ამბობს უფალი, გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს; მაგრამ იუდაზე მექნება თვალი გახელილი, როცა ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ.

5

იტყვიან იუდას ათასეულნი თავიანთ გულში: ჩემი ძალა იერუსალიმის მცხოვრებნი არიან ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის შეწევნით.

6

გავხდი იმ დღეს იუდას ათასეულთ ანთებულ ქურად ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხის ირგვლივ; იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილზე, იერუსალიმში.

7

იუდას კარვებს იხსნის უფალი, რომ დავითის სახლის დიდებამ და იერუსალიმის მცხოვრებთა დიდებამ არ გადააჭარბოს იუდას დიდებას.

8

იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მცხოვრებთ და ძაბუნი მათ შორის დავითივით იქნება იმ დღეს; დავითის სახლი კი ღმერთივით იქნება, უფლის ანგელოზვით იქნება მათ წინაშე.

9

იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეტ ყოველი ხალხის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე.

10

გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ძხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.

11

იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადადრიმონისა მეგიდონის ხეობაში.

12

იგლოვებს ქვეყანა, ყოველი საგვარეულო ცალკე; დავითის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები გალკე; ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე;

13

ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე; შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.

14

ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.

1

ნეშტი სიტყჳსა უფლისა ისრაჱლსა ზედა, - იტყჳს უფალი, გარდამრთხმელი ცისაჲ და დამამყარებელი ქუეყანისაჲ და შემქმნელი სულისა კაცისასა მის შორის:

2

აჰა, მე დავსდებ იერუსალჱმსა, ვითარცა კარსესა მერყევსა გარემოჲს ყოვლისა ერისა და იუდას შორის და იყოს გარემოცვაჲ იერულალჱმსა ზედა.

3

და იყოს მას დღესა შინა, დავდვა იერუსალიმი ქვად დათრგუნვილად ყოველთა წარმართთა მიერ. ყოველი დამთრგუნველი მისი სიმღერით იმღეროდის და შეკრბენ მის ზედა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი.

4

მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, დავსცე ყოველი ცხენი განკრთომილებითა და აღმავალი მისი ცნობავნებულებითა. ხოლო სახლსა ზედა იუდაჲსსა განვახუნე თუალნი ჩემნი. და ყოველნი ცხენნი ერთანი დავსცნე დაბრმობითა.

5

და იტყოდიან ათასისოავნი იუდაჲსნი გულთა შინა მათთა: ვპოვნეთ თავთა თჳსად დამკჳდრებულნი იერუსალჱმს უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისა.

6

მას დღესა შინა დავსხნე ათასისთავნი იუდაჲსნი, ვითარცა მუგუზი ცეცხლისაჲ შეშათა შორის და ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ ლელწამთა შორის, და შესჭამდენ მარჯვენით და მაცხენით ყოველთა ერთა გარემო. და დაიმკჳდროს იერუსალიმმან მერმე თჳსაგან იერუსალჱმი.

7

და აცხოვნნეს უფალმან კარვებნი იუდაჲსნი, ვითარცა დასაბამსა, რაჲთა არ განდიდნებოდის სახლი დავითისი და სილაღე მკჳდრთა იერუსალიმისათა იუდას ზედა.

8

და იყოს მას დღესა შინა, შემწე იყოს უფალი ყოველთა მკჳდრთათჳს იერუსალჱმისათა. და იყოს უძლური მათ შორის მას დღესა შინა, ვითარცა დავით. და სახლი დავითისა სახლ, და ვითარცა სახლი ღმრთისაჲ, ვითარცა ანგელოზი უფლისაჲ წინაშე მათსა.

9

და იყოს მას დღესა შინა, ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა მიმავალთა იერუსალჱმსა ზედა.

10

და მივჰფინო სახლსა ზედა დავათისსა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა სული მადლისა, სიხარულისა და თანალმობისა და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს, და როკვიდეს და იტყებდენ მათ ზედა ტყებათა, ვითარცა საყუარელსა ზედა, და ილმონ ლმობა, ვითარცა პირმშოსა ზედა.

11

მას დღესა შინა განდიდნეს იერუსალჱმსა შორის ტყებაჲ, ვითარცა ტყებაჲ ბროწეულთა ველსა ზედა მოკუეთილისაჲ.

12

და იტყებდეს ქუეყანაჲ ტომად-ტომად თჳსაგან:

13

ტომი სახლისა დავითისი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა ნათანისი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა ლევისი თჳსგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა სჳმეონისა თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით.

14

ყოველნი ნეშტნი ტომნი - ტომი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით.

1234567891011121314