ზაქარია წინასწარმეტყველი, თავი 3
დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად.
უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! გან ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?
იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე.
მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ.
თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი! და დაახურეს თავზე სუფთა თავსაბურველი და ჩააცვეს სამოსელი; უფლის ანგელოზი კი იდგა.
გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა:
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის.
ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები; რადგან აჰა, მოვავლინებ ჩემს მორჩილს - მორჩს!
რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.
იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ.
და მიჩუენა მე უფალმან იისუ, მღდელი დიდი, მდგომარე წინაშე პირსა ანგელოზისა უფლისასა და ეშმაკი უდგა მარჯუენით მას წინააღგომად მისსა.
და თქუა უფალმან ეშმაკისა მიმართ: შეგრისხენინ უფალმან შენ შორის, ეშმაკო, და შეგრისხენინ უფალმან შენ შორის გამომრჩეველმან იერუსალჱმსა! არა აჰა, ესე, ვითარცა მუგუზი გამოტაცებული ცეცხლისაგან.
და იისუ იყო შემოსილ სამოსლითა მწიკულიანითა, დადგა წინაშე პირსა ანგელოზისასა
და მიუგო და ჰრქუა მდგომარეთა მიმართ წინაშე პირსა მისსა მეტყუელმან: მოსძარცუენით სამოსელნი მწიკულევანნი მისგან; და თქუა მისდა მიმართ: აჰა, აღვიხუენ შენგან უსჯულოებანი შენნი და შეჰმოსეთ მას პოდირი
და დაადგით კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და გარემოასხნეს მას სამოსელნი და დაადგეს კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და ანგელოზი უფლისაჲ დგა.
და წამებდა ანგელოზი უფლისაჲ იისუას მიმართ მეტყუელი:
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ გზათა შორის ჩემთა ხჳდოდი და ბრძანებათა შორის ჩემთა სცვიდე და შენ განსაჯო სახლი ჩემი და უკუეთუ დაიცვა ეზოჲ ჩემი და მოგცნე შენ მოქცეულნი საშუალ მდგომარეთა ამათ.
ისმინე უკუე იისუ, მღდელო დიდო! შენ და მახლობელთა შენთა მსხდომარეთა წინაშე პირსა შენსა. მით, რამეთუ კაცნი ნიშთმჭურეტელნი არიან, ამისთჳს, აჰა, მე მოვიყუანო მონაჲ ჩემი აღმოსავალით.
მით, რამეთუ ქვაჲ, რომელიც მივეც წინაშე პირსა იისუჲსსა, ქვასა ერთსა ზედა შჳდნი თუალნი არიან. აჰა, მე აღმოვთხარო ჴნაცჳ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვიძიო ყოველი უსამართლოებაჲ ქუეყანისაჲ მის ერთსა შინა დღესა.
მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლის მპყრობელი, - მოუწოდოს თითოეულმან მოყუასსა თჳსსა ქუეშე კერძო ვენაჴისა და ქუეშე კერძო ლეღჳსა.