სიბრძნე სოლომონისა, თავი 1
შეიყვარეთ სამართლიანობა, ქვეყნის მსაჯულნო, შეიცანით უფალი სიკეთით და წრფელი გულით ეძიეთ იგი.
რადგან იპოვნიან ისინი, რომელნიც არ გამოსცდიან მას, და გამოეცხადება მათ, რომელთაც სწამთ მისი.
რადგან მრუდე ზრახვები უფალს გვაშორებს და გამოცდა მისი ძლიერებისა ამხელს უგუნურებას.
რადგან მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს.
რადგან სიბრძნის წმიდა სული მზაკვრობას გაექცევა, განუდგება უგუნურ ზრახვებსაც და მოწევნული უსამართლობისა შერცხვება.
კაცთმოყვარე სული სიბრძნეა და დაუსჯელს არ დატოვებს მგმობელს თავისი ბაგეებით, რადგან ღმერთია მისი იდუმალი ზრახვების მოწმე, მისი გულის მართალი მეთვალყურე და მსმენელი მისი ენისა.
რადგან ქვეყნიერება აავსო უფლის სულმა და ყოვლისმპყრობელმა ყოველი ნათქვამი უწყის.
ამიტომაც უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება და არავის ასცდება მამხილებელი სამსჯავრო.
რადგან ზრახვანი უღვთოსი გამოიძიება და უფლის სმენამდე ააღწევს მისი სიტყვები სამხილებლად.
რადგან შურისმგებლის ყური ყოველთვის ისმენს და გუგუნი დრტვინვისა არ დაიფარება.
ფუჭ დრტვინვას ერიდეთ და მოეშვით ავსიტყვაობას, რადგან ფარულად თქმულიც კი ამაოდ არ ჩაივლის და ცილისმწამებელი ბაგე სულს ჩაკლავს.
ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი ცხოვრების შეცდომებით და თქვენ ხელთა ნამოქმედარით აღსასრულს ნუ მოიახლოვებთ.
რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს;
რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება; არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე.
რადგან უკვდავია სამართლიანობა,
უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და, მასთან დამოყვრებულნი, დაიშრიტნენ, აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ.
შეიყუარეთ სიმართლე მსაჯულთა მაგათ ქუეყანისათა, ზრახევდით უფლისათჳს სახიერითა და განმარტებულითა გულითა ეძიებდით მას.
რამეთუ გამოუჩნდების მათ, რომელნი არა ურწმუნო არიან მისა მიმართ,
რამეთუ დრკუთა გულისსიტყუათა განაშორნიან უფლისაგან, გამო-რა-იცდებინ ძალი, ამხილებნ უგუნურთა.
რამეთუ ბოროტისმოქმედსა სულსა არა შევიდეს სიბრძნე, არცა დაიმკჳდრონ ჴორცთა შინა განკაფულთა ცოდვათა.
რამეთუ წმიდა სული სწავლისა ევლტინ ზაკუასა და განეშორის ზრახვათაგან უგულისჴმოთა, ემხილის, მო-რა-იწიის მის ზედა სიცრუჱ,
რამეთუ კაცთმოყუარე არს სული სიბრძნისა, არა უბრალო უვის მგმობარი იგი ბაგეთაგან მისთა, რამეთუ თირკუმელთაგან მისთა მოწამე არს ღმერთი და გული მსახურ ჭეშმარიტ, და ენა მსმენელ.
რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი და რომელსა უპყრიეს ყოველი სული და ცნობა იცის ჴმისა.
ამისთჳსცა, რომელი იტყოდის სიცრუესა, არა ვინ დავიწყდეს, არცა თანაწარჰჴდეს მამხილებელი სჯულისა მიერ.
რამეთუ ზრახვათათჳს უღმრთოთა განკითხვა იყოს, რამეთუ სიტყუანი მისნი არა ნებსით უფლისა მივიდენ მამხილებელად უსჯულოებათა მისთა,
რამეთუ ყური მოშურნეობისა მისისა ისმენს ყოველსა და იდუმალი დრტჳნვა არა დაეფარვის,
ეკრძალენით უკუე დრტჳნვასა ურგებსა და ძჳრისსიტყუასა ერიდენით ენითა, რამეთუ თქმული იდუმალი არა ცუდად წარვიდის, და პირი, რომელი იტყოდის ძჳრსა, მოკლის სული თჳსი.
ნუ ნატრობ სიკუდილსა ცხორებასა შენსა საცთურსა თქუენსა, ნუცა მოიტაცებთ მოსრვასა საქმესა ჴელთა თქუენსა,
რამეთუ ღმერთმან სიკუდილი არ დაჰბადა, არცა ჰნებავს წარწყმედა ცხოველთა,
რამეთუ დაჰბადა საყოფლად ყოველი და ცხოვრება შესაქმე სოფლისა. და არა არს მას შინა წამალი მომსრველი, არცა ჯოჯოხეთისა სუფევა ქუეყანასა ზედა,
რამეთუ სიმართლე მარადის უკუდავ არს.
უღმრთოთა ჴელითა და სიტყჳთა მოჰჴადეს სიკუდილსა და მეგობრად შეჰრაცხეს იგი და დღეს ნაძლევი დაიდვეს მის თანა, რამეთუ ღირს არიან ნაწილად მისა ყოფად.