სიბრძნე სოლომონისა, თავი 9
ღმერთო მამა-პაპათა და წყალობის უფალო, რომელმაც ყოველივე შექმენი შენი სიტყვით,
გამომსახველო კაცისა შენი სიბრძნით, რათა მეუფებდეს იგი შენ მიერ გაჩენილ ქმნილებებზე,
რათა სიწმიდით და სიმართლით განაგებდეს სოფელს და წრფელი სულით სჯიდეს სამართალს!
მომმადლე სიბრძნე, შენს ტახტზე დაბრძანებული, და ნუ გამომრიცხავ შენს მსახურთაგან.
რადგან მე მონა ვარ შენი და ძე შენი მხევლისა, კაცი უძლური და დღემოკლე, მსჯავრისა და რჯულის უმეცარი;
რადგან ადამიანის ძეთა შორის თვით სრულქმნილიც კი არარად ითვლება, თუ შორსაა შენი სიბრძნისგან.
შენ გამომარჩიე მე მეფედ შენი ერისა და მსაჯულად ძეთა და ასულთა შენთა;
მიბრძანე ტაძრის აშენება შენს წმინდა მთაზე და საკურთხევლისა შენს სამყოფელ ქალაქში. მსგავსად წმიდა კარვისა, რომელიც დასაბამიდანვე წინასწარ განამზადე.
შენთან არის სიბრძნე, რომელმაც უწყის შენი საქმეები, რომელიც თან გახლდა, როცა სამყაროს ქმნიდი, რომელმაც უწყის, რა არის სათნო შენს თვალში და რა არის სწორი შენს მცნებათა მიხედვით.
მოავლინე იგი წმიდა ზეცათაგან და შენი დიდების ტახტიდან წარმოგზავნე, რათა შემეწიოს ჩემს შრომაში, რათა შევიცნო, თუ რა არის შენი მოსაწონი.
რადგან მან ყოველივე იცის და ყველაფერი ესმის, ბრძნულად წარმიძღვება ჩემს მოქმედებაში და დამიცავს მე თავისი დიდებით.
ჩემი საქმეები შეწყნარებული იქნება, განვსჯი სამართლიანად შენს ერს და გავხდები ჩემი მამის ტახტის ღირსი.
რადგან კაცთაგან რომელი შეიცნობს ღვთის განზრახვას? ან უფლის ნებას ვინ მიხვდება?
რადგან უსუსურია მოკვდავთა ფიქრები და ჩვენი ზრახვები მერყევია.
რადგან განხრწნადი ხორცი ამძიმებს სულს და ეს მიწიერი კარავი ტვირთად აწევს ფიქრით სავსე გონებას.
ძლივს ვხვდებით მას, რაც მიწაზეა, და რაც ხელთა გვაქვს, ძნელად ვპოულობთ, ხოლო რაც ცაშია, ვინ გამოიკვლია?
განგებას შენსას ვინ შეიცნობდა, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა, და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა?
ასე წარიმართნენ მიწიერთა გზები, ადამიანები მიხვდნენ შენს მოსაწონს და სიბრძნით გადარჩნენ.
ღმერთო მამათა ჩუენთაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შექმენ ყოველი სიტყჳთა შენითა,
და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რათა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა,
და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით, სიწრფოებითა გულისათა სასჯელსა სჯიდეს,
მომეც მე საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე. და ნუ განმაგდებ მე მონათა შენთაგან,
რამეთუ მე, მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა, კაცი უძლური და მცირედ ჟამისა ნაკლულევანი გულისჴმის-ყოფითა სასჯელისა და შჯულისათა.
დაღათუ ვინმე იყოს სრულ ძეთა შორის კაცთასა, სიბრძნისა შენისა თჳნიერ არა შერაცხილ არს.
შენ გამომირჩიე მეფედ ერისა შენისა და მსაჯულად ძეთა შენთა და ასულთა.
და სთქუ ტაძარი შენებად მთასა წმიდასა შენსა, და ქალაქსა მკჳდრობისა შენისასა. საკურთხეველი მსგავსად კარვისა მის წმიდისა, რომელი განჰმზადე პირველ დასაბამითგან.
და შენ თანა სიბრძნე შენი, რომელმან იცნის საქმენი შენნი, მუნ იყო, ოდეს შეიქმოდე სოფელსა, და იცი, რა-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა და რა-იგი სიწრფოება არს მცნებათა შენთა.
გამოავლინე იგი წმიდათაგან ცათა შენთა და საყდართაგან დიდებისა შენისათა. და მოავლინე იგი, რათა იყოს ჩემ თანა და იღუწიდეს, და ვცნა, რა-იგი არს სათნოება წინაშე შენსა.
რამეთუ იცის მან ყოველივე და გულისჴმა-ყოფს. და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმიდით და დამიცვას მე დიდებითა თჳსითა.
და იყვნენ შეწყნარებულ მისა საქმენი ჩემნი, და განვიკითხვიდე ერსა შენსა სიმართლით და ვიყო მე ღირს საყდართა მამისა ჩემისათა.
ვინმე კაცთაგანმან ცნას განზრახვა ღმრთისა, ანუ ვის გულსა მოუჴდეს, რა ჰნებავს უფალსა?
რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ, და საცთომელ განზრახვანი ჩემნი.
რამეთუ განხრწნადმან ჴორცმან დაამძიმის სული, და შესულიბის მიწოანმან საყოფელმან გონება მრავალმზრახვალი,
რამეთუ ძნიად ვსცნობთ ქუეყანისასა და ფერჴთა ქუეშე მდებარესა შრომით ვპოებთ, ხოლო ცათა შინა ვინ გამოიკულიოს?
და ზრახვა შენი ვინ გულისჴმა-ყოს, უკუეთუმცა არა მოეც სიბრძნე შენი და მოავლინე სული შენი წმიდა მაღლით?
და ესრეთ განემართნეს ალაგნი ქუეყანისანი და სათნოებითა შენითა განისწავლნეს კაცნი და სიბრძნითა შენითა ცხონდეს.