ლოცვანი
აპლიკაცია

სიბრძნე სოლომონისა, თავი 5

1

მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს.

2

მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა.

3

ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი:

4

ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად.

5

როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო?

6

ამგვარად, გადავსცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის.

7

ბილიკები ჩვენი ურჯულოებითა და წარწყმედით ავავსეთ, უვალი უდაბნოები გადავლახეთ, მაგრამ უფლის გზა კი ვერ შევიცანით.

8

რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა?

9

წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი და როგორც ხმა, დარხეული და მიმწყდარი.

10

როგორც ქრება მღელვარე წყალზე მიმავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი ძირისგან გავლებული ბილიკი,

11

ან როგორც ცაში აფრენილი ჩიტისგან არ რჩება ნაკვალევი, გარდა ფრთანაცემი და სტვენით გაკვეთილი ნაზი ჰაერისა,

12

ან როგორც მიზნისკენ გატყორცნილი ისრით გაბასრული ჰაერი მყისვე შეიკვრის და ისრის კვალი წაიშლება,

13

ჩვენც ასე ვიშვით და აღვესრულეთ, ვერ გამოვაჩინეთ სიქველის ნიშანი, არამედ დავუძლურდით ჩვენივე ბოროტებით.

14

რადგან უღვთოს იმედი ქრება როგორც მტვერი, ქარისგან ატაცებული, როგორც ცვრის წვეთები, ქარიშხლისგან გაბნეული, როგორც კვამლი, ქარისგან გაფანტული, და ერთ დღეს სტუმრებული კაცის ხსოვნასავით წაიშლება.

15

მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე.

16

ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა.

17

აიღებს სრულ საჭურველს - თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს.

18

შეიმოსება აბჯრით - სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს - მოუსყიდველ სამართალს;

19

დაწვდება უძლეველ ფარს - სიწმინდეს,

20

მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე.

21

ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან.

22

ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ.

23

მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.

1

მაშინ დადგეს მართალი განცხადებულებითა დიდითა წინაშე პირსა მაჭირვებელისა თჳსისასა, და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მათნი,

2

იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულებასა მაცხოვარებისა მისისასა.

3

და იტყოდიან გულსა თჳსსა სინანულით, და იწროებითა სულისათა სულთ-ითქუმიდენ და თქუან: ესე იგი არს, რომელი-იგი ოდესმე გუქონდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა.

4

ჩუენ, უგუნურთა, ცხორება მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი უპატიოდ,

5

ვითარ შეურაცხია ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის ნაწილი მისი.

6

შევსცეთით გზისა მისგან ჭეშმარიტებისასა. სიმართლისა იგი ნათელი არა გამოგვიჩნდა ჩუენ.

7

უშჯულოებისა გზითა აღვივსენით და წარწყმედისათა. ვიდოდეთ უდაბნოთა უგზოთა, და გზა უფლისა არა ვიცანთ.

8

რა მარგო ჩუენ ამპარტავანებამან ჩუენმან? და რა შემეწია ჩუენ სიმდიდრე იგი სილაღისა?

9

წარჰჴდა იგი, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა ამბავი, რომელი ადრე განქარდის.

10

და ვითარცა ნავი ღელვასა ზღჳსასა წარვიდის და კუალი არღარა იპოის, არცა ადგილი სლვისა მისისა ღელვათა ზედა,

11

გინა თუ მფრინველი რა გამოფრინდის აერსა, არა იპოის სახე სლვისა, გუემისა ნაწევართა იტანჯების ქარისაგან სულმცირისა, აღიღებნ ძლით, მძაფრად ძრავნ ფრთეთა და განვლის, ამისა შემდგომად არა იპოის სასწაული განსლვისა მისისა.

12

ანუ ვითარცა ისარი განტყორცებული ბანსა, განაპის აერი და მუნვე შეირწყუის, და ვერ საცნაურ იქმნის განსლვა იგი მისი.

13

ეგრევე ჩუენ ვიქმნენით და მოვაკლდით, და სათნოებისა სასწაული არა გუაქუს, რაჲთამცა ვაჩუენეთ, რამეთუ უკეთურებათა შინა ჩუენთა განვილიენით.

14

ვითარცა მტუერი ქარისაგან მოღებული, და ნეფხუა წულილი, ალმური არმურისაგან განიდევნა და ვითარცა კუამლი, ქარისაგან განიბნია და ვითარცა ჴსენება მდგურისა ერთდღისა, წარვიდა.

15

მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთჳს მაღლისა მიერ.

16

ამისთჳს მოიღონ მეუფება შუენიერებისა და შარავანდედი სიკეთისა ჴელისაგან უფლისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ.

17

და მოიღოს ყოვლად საჭურველი შურისა მისისა და შეჭურნეს დაბადებულნი მისნი - ძლევად მტერთა.

18

და შეჰმოსოს ჯაჭჳ სიმართლისა და დაადგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული.

19

მოიღოს თორნე უძლეველი - სიწმიდე,

20

და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ.

21

და ვიდოდიან მიმართებულად საისრენი ელვათანი და ღრუბელთაგან, ვითარცა კეთილთა სიმგურგულითა მშჳლდისათა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს

22

და კლდისა საისრითა გულისწყრომითა სავსედ დაეცემოდიან სეტყუანი, განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსა და მდინარენი წარღუნიდენ სასტიკად.

23

და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისა და ვითარცა არმური განანქრინენ იგინი და მოაოჴროს ყოველი ქუეყანა უშჯულოებამან და ძჳრისმოქმედმან, და დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი.

12345678910111213141516171819