მიქა წინასწარმეტყველი, თავი 7
ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული.
გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით.
გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.
უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია; დადგება შენს მფარველთაგან გამოცხადებული დღე, შენი განკითხვის დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი.
ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი
რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები.
მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!
დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.
დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება.
შენი კედლების აშენების დღე შენი რჯულის გავრცელების დღე იქნება.
იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.
გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა მიზეზით, მათ ნამოქმედართა ნაყოფების მიზეზით.
დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდრო ფარა, ტყეში მცხოვრები მარტოდმარტო, შუაგულ ქარმელში. იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად!
გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი.
დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ.
მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ.
რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე.
ვაჲ მე, რამეთუ ვიქმენ ვითარცა შემკრებელი ჴუილისა ნამკალსა შორის და ვითარცა კუფხალი ნასთულებსა შორის არყოფასა ტევნისასა ჭამად (პირველ ნაყოფთა).
ვაჲ მე სულო, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქუეყანით და წარმმართებელი კაცთა შორის არა არს; ყოველნი სისხლთა ესაჯებიან, თითოეული მოყუასსა თჳსსა აჭირვებს მაჭირვებელი.
ბოროტსა ზედა განმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი ითხოვს, და მსაჯული სიტყუათა მამშჳდებელთა ზრახავს, გულისსათქმელ სულისა მისისა არს.
და განვერები კეთილთა მათთა, ვითარცა მღილი შემჭამელი და მოარული კანონსა ზედა დღეთა შინა მსტურობისათა: ვაჲ, ვაჲ, შურისგებანი შენნი მოიწინეს. აწ იყვნეს ტირილნი მათნი.
ნუ მიენდობვით, ირწმუნებთ ტომთა შორის, ნუცა ესავთ წინამძდუართა მიმართ; თანმესარეცლისაგან დაფარე ართხრობად რაჲმე მისდა.
რაჲსათჳს ძე უპატიო ჰყოფს მამასა, ასული ზედააღდგების დედისა ზედა თჳსისა, სძალი დედამთილისა ზედა თჳსისა; მტერებ მამაკაცისა მამანი სახლისა მისისა შორისნი.
ხოლო მე უფლისა მიმართ მივიხილო და დაუთმო ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. შეისმინენ ჩემი უფალმან ღმერთმან ჩემმან.
ნუ იხარებნ ჩემ ზედა მტერი ჩემი, რამეთუ დავეცი და ადვდგე მით, რამეთუ ვიდოდი თუ ბნელსა შინა, უფალი ნათელ ჩემდა.
რისხვასა უფლისასა ვექუევე, რამეთუ შევსცოდე მას. ვიდრემდის განამართლოს მსჯავრი ჩემი, და ქმნას განკითხვაჲ ჩემი, და გამომიყვანოს მე ნათლად, და ვიხილო მე სიმართლე მისი.
და ჰხედვიდეს მტერი ჩემი. და გარემოისხას სირცხჳლი მეტყუელმან ჩემდამო, სადა არს უფალი ღმერთი შენი, თუალთა ჩემთა ზედა დაჰხედონ მას. იყოს აწ ვითარცა დანათრგუნავი, ვითარცა თიჴაჲ გზათა შორის.
დღეთა ცხებისა ალიზისათა მცხებ მე მას დღესა და განიჴადნენ შჯულვილნი შენნი მას დღესა
და ქალაქნი შენნი მოვიდენ განსაწილველად ასსურასტანელთა და ქალაქნი შენნი მაგარნი განსაწილველად ტჳროსითგან ვიდრე მდინარედმდე ასურეთისა და ზღჳთგან, ვიდრე ზღუადმდე, და მთათაჲთგან ვიდრე მთათამდე დღესა წყლისა და შფოთისასა.
და იყოს ქუეყანაჲ უჩინო საქმნელად დამკჳდრებულთა თანა მისთა, ნაყოფისაგან სიმარჯუეთა მათთასა.
მწყსე ერი შენი კუერთხითა შენითა, ცხოვარნი სამკჳდრებლისა შენისანი დამკჳდრებულნი მარტოობით მაღნარსა საშუალ კარმელისა, ძოვდენ ბასანელსა და გალაადელსა დღეთაებრ საუკუნოჲსათა.
და დღეთაებრ გამოსვლისა შენისათაა ქუეყანისაგან ეგჳპტისა, უჩუენნე მათ საკჳრველნი.
ჰხედვიდენ ნათესავნი და სირცხჳლეულ იქმნენ ყოვლისაგან ძლიერებისა მათისა, ზედადაიდვან ჴელი პირსა ზედა მათსა და ყურნი მათნი დაყრუვნეს.
ლოშნიდენ მტუერსა ვითარცა გუელნი მთრევნი ქუეყანად. შეირინენ წყუდეულებასა მათსა. უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა განჰკჳრდენ და შეაშინონ შენგან.
ვინ არს ღმერთ, ვითარ შენ, აღმღებელი უშჯულოებათა და ზეშთამავალი უსამართლობა ნეშტთა სამკჳდრებელისა მისისათასა? არა იპყრა საწამებელად რისხვა მისი, რამეთუ მნებებელ წყალობისა მისისა არს
მომაქცინეს დ შემიწყალნეს ჩუენ. შთაჴადნეს ცოდვანი ჩუენნი და განიყარნენ სიღრმეთა მიმართ ზღჳსათა ყოველნი ცოდვანი ჩუენნი
მიეც ჭეშმარიტებაჲ იაკობსა, წყალობაჲ აბრაჰამსა, ვითარ-იგი ეფუცე მამათა ჩუენთა დღეთაებრ წინასწართა.