ნაუმ წინასწარმეტყველი, თავი 1
ნინევეს განაჩენი. ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი.
იჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.
სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს; გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი; ღრუბელი მის ფერხთა მტვერია.
დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს; გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.
მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები; წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი.
ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.
კეთილია უფალი - ციხე-სიმაგრე გასაჭირში - და ცნობს თავის მოიმედეთ.
მოვარდნილი ნიაღვარივით წალეკავს მის ადგილს და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში.
რა განუზრახავთ უფლის წინააღმდეგ? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი.
რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით გალეშილნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით.
შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი.
ასე თქვა უფალმა: თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან, გადაშენდებიან. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ.
ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადევს, და დავწყვეტ შენს ბორკილებს.
ასე ბრძანა შენზე უფალმა: აღარ მოშენდება შენი სახელი; გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან; საფლავს გაგიმზადებ, რადგან არარაობა ხარ.
მიღებაჲ სანინევოჲ; წიგნი ხილვისა ნაუმ ელკესელისაჲ.
ღმერთი მოშურნე და შურისმგებელი, უფალი გულისწყრომისა თანა, შურისმეძიებელი უფალი წინააღმდგომთა მისთა და აღმღებელი თჳთ მტერთა თჳსთა.
უფალი სულგრძელ და დიდ ძალი მისი. და უბრალოჲ არ უბრალო ყოს უფალმან. აღსასრულისა შორის და ძრვისა შორის გზაჲ მისი და ღრუბლებ მტუერი ფერჴთა მისთაჲ.
მქადაგებელი ზღჳსაჲ და განმაჴმობელი მისი და ყოველთა მდინარეთა მომაოჴრებელი. შემცირდა ბასანელი და კარმელი და ყუავილოვნება ლიბანისანი მოაკლდეს.
მთანი შეიძრნეს მისგან და ბორცუნი შეირყინეს და კდემულ იქმნა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა თანად ყოველნი და ყოველნი დამკჳდრებულნი მის შორის.
პირისაგან რისხვისა მისისა ვინ დაუთმოს და ვინ წინააღუდგეს წინააღმდეგად გულისწყრომასა მისსა? და გულისწყრომაჲ მისი დაადნობს დასაწყისთა. და კლდენი დაიფუშნეს მისგან.
ტკბილ არს უფალი მოთმინეთა მისთათჳს დღესა ჭირისასა და მცნობელ მოკრძალვათა მკრძალავთა მისთა და საფლავსა შორის.
და რღუნასა სლვისასა მოსრულებაჲ ყოს მან. ზედაღდგომილთა და მტერთა მისთა სდევდეს ბნელი.
რაჲსა ჰსიტყუავთ უფლისა ზედა? მან ყოს მოსრულება. არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა,
რამეთუ ვიდრე საფუძველთამდე მისთა განკორდნენ და ვითარ ბრწამლი მოხუეული შეიჭამოს და ვითარცა ლელწამი სავსე სიჴმელითა.
შენგან გამოვიდეს გულისსიტყვა ძჳნად უფლისა ბოროტი განმზრახი წინააღმდგომთაჲ.
ამათ იტყჳს უფალი განმთავრებული წყალთა ზედა მრავალთა და ესრეთ განიკერძნენ და სასმენელმან შენმან არ შეისმინოს მერმე.
და აწ შევმუსრო კუერთხი მისი შენგან და საკრველნი შენნი განვბძარნე.
და ამცნოს შენთჳს უფალმან - არ დაითესოს სახელისაგან შენისა მერმე; სახლისაგან ღმრთისა შენისა მოვსპნე წახნაგებულნი და გამოდნობილნი დავსხნე საფლავად შენდა.