ივდითი, თავი 5
ეუწყა ოლოფერნეს, აშურის ლაშქრის მთავარსარდალს, რომ ისრაელიანები გამზადებულნი არიან საბრძოლველად და ჩაკეტილი აქვთ მთის მისადგომები, რომ ზღუდეებით გაამაგრეს მაღალი მთების ყველა მწვერვალი, დაბლობებზე კი დაბრკოლებები მოაწყვეს.
ძლიერ განრისხდა იგი და უხმო მოაბის ყველა მთავრს, ყამონის სარდლებს და ზღვისპირეთის გამგებლებს.
უთხრა მათ: მაუწყეთ, ქანაანელნო, რა ხალხია, მთაში რომ მოკალათებულა, ვინ არიან, ქალაქებში რომ სახლობენ, შემატყობინეთ მათი ლაშქრის რაოდენობა, რა არის მათი სიმაგრე და ძალა, ვინაა მათი მეფე, მათი ლაშქრის წინამძღოლი?
რატომ მაქციეს ზურგი და არ მოვიდნენ ჩემს შესახვედრად ყველა დასავლეთელთან ერთად?
მიუგო მას აქიორმა, ყამონიანთა წინამძღოლმა: ისმინოს ჩემმა უფალმა სიტყვა შენი მორჩილის პირიდან და გაუწყებ სიმართლეს იმ ხალხზე, რომელიც მთაზე სახლობს, შენს მახლობლად. არ ამოვა ტყუილი შენი მორჩილის პირიდან.
ეს ხალხი ქალდეველთა შთამომავალია.
წინათ შუამდინარეთში ცხოვრობდნენ, რადგან არ ისურვეს შედგომოდნენ ღმერთებს თავიანთი მამა-პაპის, რომლებიც ქალდეველთა ქვეყანაში იყვნენ შობილნი.
გადაუდგნენ წინაპართა გზას და ცის ღმერთს დაუწყეს თაყვანისცემა, ღმერთს, რომელიც შეიმეცნეს და რომელმაც ჩამოაშორა ისინი თავიანთ ღმერთებს. გაიქცნენ შუამდინარეთში და იქ სახლობდნენ დიდხანს.
უთხრა მათმა ღმერთმა, გამოსულიყვნენ თავიანთი საცხოვრისიდან და ქანაანის ქვეყნისკენ წასულიყვნენ. ისინიც დამკვიდრდნენ იქ და მეტისმეტად გამდიდრდნენ ოქრო-ვერცხლითა და ყოველგვარი საქონელით.
მერე ეგვიპტეში ჩავიდნენ, რადგანაც შიმშილი ჩამოვარდა ქანაანის ქვეყანაში. იქ სახლობდნენ, სანამ საკვები ჰქონდათ და ისე ძალიან გამრავლდნენ, რომ სათვალავი აღარ ჰქონდა მათ მოდგმას.
ეგვიპტის მეფე გადაემტერა მათ. დაჯაბნა ისინი ჯაფითა და აგურის კეთებით, დააბეჩავა ისინი და მონებად აქცია.
შეჰღაღადეს მათ თავიანთ ღმერთს და მოისრა მთელი ეგვიპტის ქვეყანა წყლულებით, რომელთა განკურნება შეუძლებელი გახდა. ეგვიპტელებმაც გამოაძევეს ისინი მათი პირისაგან.
დააშრო ღმერთმა მეწამული ზღვა მათ წინაშე,
წარუძღვა სინასა და კადეშ-ბარნეას გზით და აჰყარა უდაბნოს ყველა მცხოვრები.
დასახლდნენ ამორეველთა მიწაზე და თავიანთი ძლიერებით საბოლოოდ გაანადგურეს ხეშბონელები, მიადგნენ იორდანეს და დაიმკვიდრეს მთელი მთიანეთი.
აჰყარეს ქანაანელები, ფერიზელები, იებუსელები, შექემელები, ყველა გირგაშეველი და სახლობდნენ იქ მრავალი ხანი.
ვიდრე არ შესცოდავდნენ თავიანთ ღმერთს, ყოველივე სიკეთე მათთან იყო, რადგან მათთან იყო უსამართლობის მოძულე ღმერთი.
როგორც კი გადაუხვევდნენ მათთვის დაწესებულ გზას, სასტიკად მარცხდებოდნენ უამრავ ბრძოლებში, წარიტყვევნებოდნენ უცხო ქვეყანაში, მისაფუძვლამდე ინგრეოდა მათი ღმერთის ტაძარი და მათ ქალაქებს მტრები იპყრობდნენ.
ახლა კი, თავიანთი ღმერთისკენ მიქცეულნი, დაბრუნდნენ იქიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ, აიღეს იერუსალიმი, სადაც მათი საწმიდარია, და დამკვიდრდნენ მთიანეთში, რადგან უკაცრიელი იყო იგი.
ახლა, ხელმწიფევ და ბატონო, თუ რაიმე უმეცრებაა ამ ხალხში, თუ სცოდავენ ღმერთის წინაშე და თუ შევატყობთ, რომ არის მათში ცთუნება, ავიდეთ და შევებრძოლოთ მათ.
თუ არ არის დანაშაული ამ ხალხში, უნდა გაეცალოს მათ ჩემი ბატონი. ვაითუ შეეწიოს მათ მათი უფალი. ვაითუ დაიფაროს ისინი მათმა ღმერთმა და სასირცხოდ გავიხადოთ თავი მთელი ქვეყნის თვალში.
როცა აქიორმა დაამთავრა ეს სიტყვები, ახმაურდა მთელი ერი, კარვის ირგვლივ რომ იყო შემოკრებილი. ოლოფერნეს დიდებულებმა, ყველა ზღვისპირელმა და მოაბელმა თქვა, ავჩეხოთო იგი,
არ შევუშინდებით ისრაელიანებს. ამ ხალხს ბრძოლისთვის არც ძალა აქვს და არც შეძლება.
ამიტომაც, თუ ავალთ, შენი ლაშქრის ჩასანთქმელი გახდებიან ყველანი, ხელმწიფევ ოლოფერნე!
და უთხრეს ჰოლომფორნეს, ერისთავსა მას ძლიერებისა ასურასტანისასა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი განმზადებულ არიან ბრძოლად; გამოსავალნი მთათანი დაჴსნეს და მოზღუდნეს ყოველნი თხემნი მთათა მაღალთანი, დაუგიან ველთა ზედა დასაბრკოლებელნი.
და განრისხნა ჰოლომფორე გულისწყომით ფრიად და მოუწოდა ყოველთა მთავართა მოაბისათა და ერისთავთა ამონისთა და ყოველთა პეტთა ზღჳსკიდისათა.
და ჰრქუა მათ: მითხართ მე, ძენო ქანანისანო! ვინ არს ერი ესე, რომელი სხედს მთასა ამასა? და ვინ არიან დამკჳდრებულნი ქალაქთა და რა არს სიმრავლე ძალისა მათისა? და რა არს სიმაგრე მათი და სიმტკიცე? და ვინ აღდგომილ არს მათ ზედა მეფე წინამძღურად ერისა მათისა?
და რასათჳს არა ისმინეს ჩემი, რათამცა მოვიდეს და მომეგებოდეს მე, ვითარცა-იგი ყოველნი მკჳდრნი მზისა დასავლისანი?
მიუგო და ჰრქუა მას აქიორ, მთავარმან ძეთა ამონისთამან: ისმინენ უფალმან ჩემმან სიტყუაჲ პირისაგან მონისა მისისა, და გითხრა შენ ჭეშმარიტი ერისა მისთჳს, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა ამას მახლობელად შენსა და არა გამოვიდეს ნაცილი პირისაგან მონისა შენისა.
ესენი არიან ნაშობნი ქალდეველთანი.
და მწირობდეს პირველად შუამდინარესა, რამეთუ არა ინებეს შედგომად ღმერთთა მამათა მათთასა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქალდეველთასა დაბადებულ.
და გამოვიდეს გზათაგან ნათესავთა მათთასა.
და თაყუანი-სცეს ღმერთსა ცათასა, ღმერთსა, რომელი იცნეს ჭეშმარიტი, და გამოიყვანნა იგინი პირისაგან ღმრთისათა და ივლტოდეს შუამდინარედ. მწირობდეს მუნ დღეთა მრავალთა და ჰრქუა მათ ღმერთმან მათმან: მწირობისაგან მათისა გამოსულა და მოსულა ქუეყანად ქანანისა, და მკჳდრობდეს მუნ ორასდაათხუთმეტ წელ და განმრავლდეს ოქროთა და ვეცხლითა და საცხოვრით ფრიად. და შთავიდეს ეგჳპტედ, რამეთუ დაფარა სიყმილმან პირი ქუეყანისა ქანანისა და მწირობდეს კუალად მუნ ორასდაათხუთმეტ წელ, ვიდრემდე გამოიზარდნეს. და იქმნეს მუნ სიმრავლე დიდი და არა იყო რიცხჳ ნათესავისა მათისა.
და აღდგა მეფე ეგჳპტისა ბრძოლად მათ ზედა შრომითა ალიზისა საქმითა და დაამდაბლის სიმრავლე მათი და დაიმონნეს იგინი. და ღაღადებდეს ღმრთისა მიმართ მათისა და გვემნა იგინი ღმერთმან მათმან მათითა ტანჯვითა და მოსრა ყოველი ქუეყანა ეგჳპტისა წყლულებით, რომლისა არა იყო კურნებაჲ.
ოდეს გამოავლინეს ეგჳპტელთა, აღებულ იქმნეს წყლულებანი მათგან და კუალად დევნა-უყვეს, ენებათ დაპყრობაჲ, დამონებაჲ და კირთადა.
და ივლტოდენ რა, ღმერთმან ცათამან განაჴმო ზღუაჲ მეწამული წინაშე მათსა, და წყალნი იგი იქმნნეს ზღუდე მაღალ ამიერ და იმიერ და იგინი ფერჴითა დაულტოლველითა ვიდოდეს სიღრმეთა ზღჳსასა.
და განასხნეს ქანანელნი იგი პირისაგან მათისა. ეგრევე ფერეზელნი იგი და იებოსელნი და სუიქემი და ყოველნი გერგესეველნი, და დაემკჳდრნეს მათ შინა დღეთა მრავალთა,
ვითარცა არღა ეცოდა წინაშე ღმრთისა მათისა და იყო კეთილი მათა, რამეთუ ღმერთი მოძულე სიცრუისა არს მათ თანა.
ხოლო რაჟამს განდგეს გზისა მისგან, რომელი ღაუდვა მათ სჯული, მოისრნეს მრავლითა ბრძოლითა მრავალ ჟამ ფრიად და წარიტყუენნეს ქუეყანასა უცხოსა, და ტაძარი ღმრთისა მათისა იქმნა ოჴერ და ქალაქნი მათნი დაიპყრნეს მტერთა მათთა.
და აწ მოიქცეს ღმრთისა მათისა, აღმოსრულ არიან განბნეულებისაგან მათისა, სადა-იგი იყვნეს განთესილად და კუალად და-ვე-იპყრეს იერუსალჱმი, სადა-იგი არს სიწმიდე მათი, და დაემკჳდრნეს მთასა ამას შინა, რამეთუ იყო მოოჴრებულ.
და აწ, ჴელმწიფეო უფალო! უკუეთუ არს რამე უმეცრება ერსა მას შინა, ცოდვენ ღმრთისა მიმართ მათისა და ვიხილოთ, რამეთუ ესე საცთურ არს მათა, აღვიდეთ და ვჰბრძოთ მათ.
და უკუეთუ არა არს უსჯულოება მათ შორის და ნათესავსა მათსა თანა, წარვედინ უფალი ჩემი. ნუუკუე შეეწეოდის მათ ღმერთი მათი და ვიქმნნეთ ჩუენ სირცხჳლეულ და ყუედრებულ ყოველსა ქუეყანასა.
და ვითარცა დასცხრა აქიორ სიტყუათაგან, დრტჳნვიდა ყოველი ერი, რომელი გარემო იყო კარავსა ჰოლომფორესა.
და თქუეს მთავართა ჰოლომფორესთა და ყოველთა მკჳდრთა ზღჳსკიდისათა და მოაბელთა, რათა განიპატიჟოს აქიორ, რამეთუ არა გუეშინის ჩუენ ძეთაგან ისრაჱლისათა, ერისა მის, რომელთა არა ძალ-უც წყობად.
აწ აღვიდეთ ჩუენ და ვქმნეთ შესაჭმელ ყოვლისა ერისა შენისა, უფალო ჰოლომფორე!