ლოცვანი
აპლიკაცია

ივდითი, თავი 16

1

თქვა ივდითმა: ადიდეთ ჩემი ღმერთი ბობღნებით, უგალობეთ უფალს წინწილებით, აღუვლინეთ მას ახალი ფსალმუნი, განადიდეთ და ახსენეთ მისი სახელი,

2

რადგან ღმერთია იგი, ბრძოლათა შემმუსრველი უფალი. რადგან მის ბანაკში, შუაგულ ხალხში, მიხსნა ჩემი მდევნელების ხელთაგან.

3

მოვიდა აშური ჩრდილოეთის მთებიდან, მოვიდა თავისი აურაცხელი ლაშქრით, მათმა სიმრავლემ ჩახერგა ხევები და მათმა ცხენებმა დაფარა ბორცვები.

4

ბრძანა, გადაბუგვა ჩემი საზღვრებისა, ჩემი ჭაბუკების მახვილით შემუსვრა, მიწად დანარცხება ჩემ ძუძუმწოვართა, ნადავლად წაგვრა ჩემ წვრილშვილთა, ნამუსის ახდა ჩემ ქალწულთათვის.

5

მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის ხელით.

6

არ დაცემულა მათი ხელმწიფე მოყმეთა ხელით, დევკაცთა ნაშიერთ არ მოუკლავთ იგი, არც ამაყ ბუმბერაზებს დაუჯაბნია, არამედ ივდითმა, მერარის ასულმა, გაანადგურა თავისი სილამაზით.

7

ქვრივობის სამოსი გაიხადა დათრგუნულთა აღსადგინებლად ისრაელში, ნელსაცხებელი იცხო სახეზე,

8

თავსაკვრელით შეიკრა თმები და სელის სამოსელი ჩაიცვა მათ საცთუნებლად.

9

მოსტაცა თვალი ოლოფერნეს მისმა სანდალმა, მისმა სილამაზემ დაუტყვევა სული. და გაჰკვეთა მახვილმა მისი კისერი.

10

შეაძრწუნა სპარსელები მისმა სიმამაცემ და მიდიელები მისმა გულადობამ გააოგნა.

11

მაშინ შეღაღადეს ჩაგრულთა ჩემთა და შეშინდნენ უძლურნი და შეძრწუნდნენ, ხმამაღლა ყვიროდნენ და უკუიქცნენ.

12

მხევალთა შვილებმა განგმირეს ისინი და უკუქცეულთა ბავშვებივით ჩეხავდნენ, დაიღუპნენ ისინი ჩემი უფლის განაჩენით.

13

გიგალობ, ჩემო ღმერთო, ახალი საგალობლით. უფალო, დიადი ხარ და დიდებული, ძალით საკვირველი, დაუძლეველი,

14

შენ გმორჩილებს ყოველი ქმნილება შენი, რადგან თქვი და გაჩნდნენ. მოავლინე შენი სული და დამკვიდრდნენ ისინი. არავინაა, რომ გაუძლოს შენს ხმას.

15

წყლებითურთ შეირყევა მთათა საფუძვლები, კლდენი შენს წინაშე ცვილივით დადნებიან, შენს მოშიშებს კი წყალობას არ მოაკლებ.

16

რადგან მწირია ყოველი ამოდსაყნოსველი მსხვერპლი და მცირეზე მცირეა ყოველი ქონი, შენთვის დასაწველი. უფლის მოშიში კი ყველაფერზე დიდია.

17

ვაი, ხალხებს, ჩემი ერის წინააღმდგომელთ! ყოვლისმპყრობელი უფალი დასჯის მათ განკითხვის დღეს. ცეცხლსა და მატლებს მიუვლენს იმათ ხორცს და მწარედ იტირებენ უკუნისამდე.

18

როგორც კი მივიდნენ იერუსალიმში. თაყვანი სცეს ღმერთს და როცა ხალხი განიწმიდა, შესწირეს აღსავლენი, ნებაყოფლობითი მსხვერპლი და ძღვენი.

19

შესწირა ღმერთს ივდითმა ოლოფერნეს მთელი აღჭურვილობა, რომელიც ხალხმა მას მიაკუთვნა, და გალავაკი, რომელიც თავისთვის აიღო ოლოფერნეს საწოლიდან.

20

სამ თვეს ხარობდა ხალხი იერუსალიმში სიწმინდეთა წინაშე და ივდითიც მათთან ერთად იყო.

21

ამ დღეების შემდეგ ყველანი თავ-თავიანთი სამკვიდრებლისაკენ გაემართნენ, ივდითიც ბეთულიაში წავიდა და იქ ცხოვრობდა ძველებურად. პატივდებული იყო თავის დღეში მთელ ქვეყანაზე.

22

ბევრს ჰქონდა მისი სურვილი, მაგრამ კაცს არ გაჰკარებია მთელი სიცოცხლე მას მერე, რაც მენაშე, მისი ქმარი, გარდაიცვალა და თავის ერს შეუერთდა.

23

უფრო და უფრო სახელოვანი შეიქმნა და დაბერდა თავისი ქმრის სახლში ასხუთი წლისა. გაათავისუფლა თავისი მხევალი, გარდაიცვალა ბეთულიაში და დაკრძალეს იგი თავისი ქმრის, მენაშეს სამარხში.

24

შვიდი დღე გლოვობდა მას ისრაელის სახლი. სიკვდილის წინ გაუყო ქონება თავისი ქმრის, მენაშეს, ყველა ნათესავს და ნათესავებს თავის საგვარეულოში.

25

ისრაელიანები მეტად აღარავის შეუშინებია ივდითის სიცოცხლეში და დიდხანს, მისი სიკვდილის შემდეგაც.

1

და უპირობდა ივდით აღსარებითა მით ყოველსა ისრაჱლსა და მიუგებდა ყოველი ერი ქებასა მას.

2

რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან შემუსრნის ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი, ღმერთმან, რომელმან დასცა

3

რამეთუ მოვიდა ასური მთავართაგან ჩრდილოსათა ბევრეულითა ერითა. რომლისა სიმრავლემან დაჴშნა ჴევნი, დააშრნა წყალნი, და ცხენმან მათმან დაფარნა ბორცუნი.

4

და თქუა მოწვა საზღვართა ჩემთა და ჭაბუკთა ჩემთა მოსრვა მახჳლითა და მწოვართა ჩემთა დახეთქებაჲ ქუეყანასა და ჩჩჳლთა ჩემთა მიცემად იავარსა და ქალწულთა ჩემთა წარტყუენვად.

5

უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან შეურაცხ-ყვნა ჴელითა ქალისათა და სირცხჳლეულ-ყუნა იგინი,

6

რამეთუ არა დაეცა ძლიერი მათი ჭაბუკთაგან, არცა ძეთა ტიტანელთაგან მოიკლა, არცა ასაკგრძელთა გმირთა დასცეს, არამედ ივდით, ასულმან მერარისამან, სიკეთითა პირისა მისისათა დაჴსნა იგი,

7

რამეთუ განიძარცვა სამოსელი ქურიობისა მისისა აღსამაღლებლად შრომათა ისრაჱლისათა.

8

იცხო პირსა მისსა ნელსაცხებელი და შეითხზნა თმანი მისნი საბურველითა და მოიღო სამოსელი სელისა საცთურად მისა.

9

სანდალთა მისთა მისტაცნეს თუალნი მისნი და სიკეთემან მისმან წარტყუენა სული მისი და განვიდა საბარკალი ქედსა მისსა.

10

შეძრწუნდეს სპარსნი კადნიერებასა მისსა და უჟიკნი სიხუესტესა მისსა, შეძრწუნდა ყოველი ბანაკი ასურასტანელთა და დაეცნეს.

11

მაშინ ღაღად-ყვეს მდაბალთა ჩემთა და შეეშინა უძლურთა ჭირსა ჩემსა და შეშფოთნეს და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მართლუკუნიქცეს მტერნი ჩემნი.

12

ძეთა ქალთა განგუმირნეს იგინი და ვითარცა ყრმათა მეოტთა დასწყლვიდეს მათ; წარწყმდეს წყლულებისაგან უფლისა ჩემისა.

13

უგალობდე ღმერთსა ჩემსა გალობითა ახლითა:

14

შენ გმონებდეთ ყოველნი დიდებულნი შენნი, რამეთუ სთქუ და იქმნნეს ესრეთ, მოავლინენ სიტყუაჲ შენი და აღაშენენ.

15

და კლდენი წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცჳლნი, დადნენ, მერმე კუალად მოშიშთა შენთა შენვე ულხინო, რამეთუ მცირე არს ყოველი მსხუერპლი საყნოსელად სულნელებისა და უმრწემეს არს ყოველი ცმელი შესაწირავად შენდა.

16

ხოლო მოშიში უფლისა დიდ არს მარადის.

17

ვაჲ თესლთა მათ, რომელნი ადგენ ნათესავთა ჩუენთა ზედა, უფალმან ყოვლისა მპყრობელმან დღესა სასჯელისასა შური იძიოს მათთჳს და მოხედვა-ყოს მათ ზედა.

18

და ვითარცა მოვიდეს იერუსალჱმდ და თაყუანის-სცეს ღმერთსა, რაჟამს განწმიარა ერი იგი არაწმიდებისაგან მათისა, მაშინ შეწირეს ნამსხუერპლები მათი უფლისა და აღნათქვემნი მათნი და ნეფსით შესაწირავნი მათნი და ნიჭნი მათნი.

19

და მისცა ივდით ყოველი ჭურჭელი ჰოლომფორესი, რაოდენი მისცა ერმან და სამუმლე იგი, რომელი მოიღო მან საწოლისაგან მისისა, შესაწირავად უფლისა მისცა.

20

და იხარებდა ერი იგი უფლისა მიმართ იერუსალჱმს წინაშე სიწმიდეთა სამ თვე, ივდით მათ თანა დაადგრა მონაგებითურთ მისით.

21

და შემდგომად მათ დღეთა აღიძრა და წარვიდა კაცად-კაცადი სამკჳდრებელად, თჳსა, ხოლო ივდით წარვიდა ბეტულად და იყოფოდა სახლსა შინა მისსა.

22

და მრავალნი ნატრიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, ვინა დღითგან მოკუდა მანასე, ქმარი მისი, და შეეძინა ერსა თჳსსა.

23

და წარემატებოდა და დიდებულ იქმნეოდა დღითი დღე და დაბერდა სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა, ცხონდა ასდახუთ წელ და განუტევა შიმუნვარი იგი თავისუფლად და მოკუდა ბეტულსა შინა და დაფლეს საფლავსა მანასესსა, ქმრისა მისისასა.

24

და იგლოვდა მას ზედა ყოველი სახლი ისრაჱლისა შჳდ დღე და განუყო მონაგები თჳსი სიცოცხლესავე თჳსსა ნათესავთა მანასესთა, ქმრისა თჳსისათა, და ყოველთა მახლობელთა თჳსთა.

25

და არავინ იყო შემაწუხებელ ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ივდითისათა და არცა შემდგომად სიკუდილისა მისისა მრავალ დღე.

12345678910111213141516