ივდითი, თავი 13
რომ მოსაღამოვდა, მორჩილნი მალე წავიდნენ და ბაგუამ გარედან ჩაკეტა კარავი. დაითხოვა გუშაგები თავისი ბატონისგან და ისინიც თავ-თავიანთი საწოლებისკენ გაემართნენ, რადგან ყველანი გასავათებული იყვნენ უზომო სმისაგან.
მარტო დარჩა ივდითი კარავში ოლოფერნესთან, რომელიც ღვინონასვამი გაშხლართული იყო თავის საწოლზე.
უთხრა ივდითმა თავის მხევალს, რომ საძინებლის გარეთ გამდგარიყო და დალოდებოდა მის გამოსვლას. როგორც ყოველდღე, ახლაც უთხრა, რომ სალოცავად გადიოდა, ბაგუასაც იგივე უთხრა.
ყველა წავიდ-წამოვიდა, არავინ დარჩენილა საძინებელში, არც მცირე, არც დიდი. დადგა ივდითი ოლოფერნეს საწოლთან და გულში თქვა: უფალო, ღმერთო ყოველთა ძალთაო, ახლა მოხედე ჩემ ხელთა საქმეს, იერუსალიმის ასამაღლებლად აღსასრულებელს.
სწორედ ახლა დადგა ჟამი, რომ შეეწიო შენს სამკვიდროს და აღასრულო ჩემი განზრახვა მტრების განადგურებისა, რომლებიც აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ.
მივიდა იგი საწოლის სვეტთან, რომელიც ოლოფერნეს თავის მხარეს იყო, და ჩამოხსნა მასზე ჩამოკიდებული მახვილი.
მიუახლოვდა საწოლს, სწვდა თმებში და თქვა: გამაძლიერე მე, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, დღევანდელ დღეს.
მერე ორჯერ დაჰკრა კისერზე მთელი ძალით და თავი მოკვეთა.
გადააგორა მისი გვამი საწოლიდან და სვეტებიდან ჩამოაგდო გავალაკი. ცოტა ხნის მერე გამოვიდა და მისცა მოახლეს ოლოფერნეს თავი.
მან კი ჩააგდო იგი საგზლის გუდაში და ორივენი ერთად გავიდნენ, როგორც ჩვეულებისამებრ სალოცავად გადიოდნენ. გაიარეს ბანაკი, შემოუარეს ხევს, ავიდნენ ბეთულიას მთაზე და მის კარიბჭეს მიადგნენ.
შორიდანვე შესძახა ივდითმა მცველებს: გააღეთ, გააღეთ კარიბჭე, ჩვენთანაა ღმერთი. იგი მომადლებს ძლიერებას ისრაელს და დათრგუნავს მტრებს, როგორც დღევანდელ დღეს მოიმოქმედა.
როცა ქალაქის კაცებმა გაიგონეს მისი ხმა, ქალაქის კარიბჭისკენ გაეშურნენ და შეჰყარეს ქალაქის უხუცესები.
გამორბოდა ყველა, პატარა თუ დიდი, რადგან დაუჯერებელი იყო მათთვის მისი დაბრუნება. გააღეს კარიბჭე, შეეგებნენ მათ, აანთეს ცეცხლი გასანათებლად და გარსშემოეხვივნენ.
ხმამაღლა უთხრა მათ ივდითმა: ადიდეთ უფალი, ადიდეთ! ადიდეთ უფალი, რომელმაც არ მოაშორა თავისი წყალობა ისრაელის სახლს და ჩემი ხელით გაანადგურა მტრები ამ ღამეს.
ამოიღო თავი გუდიდან, აჩვენა მათ და უთხრა: აი, აშურელთა ჯარის მხედართმთავრის, ოლოფერნეს თავი და აი, გავალაკი, რომლის ქვეშაც იწვა გალეშილი. გაანადგურა იგი უფალმა ქალის ხელით.
იცოცხლოს უფალმა, რომელმაც დამიცვა ჩემს გზაზე, რომლითაც გავემართე, რათა დასაღუპავად მეცთუნებინა იგი ჩემი გარეგნობით, არ აღასრულებინა ცოდვა ჩემს შესაბილწად და შესარცხვენად.
ძლიერ განცვიფრდა მთელი ერი. მუხლი მოიდრიკეს, თაყვანი სცეს ღმერთს და თქვეს ერთხმად: კურთხეულ ხარ, ღმერთო ჩვენო, რომელმაც არარაობად აქციე შენი ერის მტრები დღევანდელ დღეს.
უთხრა მას ყუზიამ: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, მაღალი ღმერთისგან მთელი ქვეყნიერების ასულთა შორის და კურთხეულია უფალი ღმერთი, რომელმაც დაამკვიდრა ცანი და ქვეყანა, და წაგიძღვა, რომ ჩვენი მტრების მთავრისათვის თავი მოგეკვეთა.
არ მოაკლდება შენი იმედი ადამიანთა გულებს, რომელთაც უკუნისამდე ეხსომებათ ღმერთის ძლევამოსილება.
უფალმა მოგაგოს სანაცვლო საუკუნო პატივითა და კურთხევით, რომ სიცოცხლე გაიმეტე, როცა ჩვენი მოდგმა დამდაბლებული იყო, და შური იძიე ჩვენი დაცემისთვის და წრფელი გზით იარე ჩვენი ღმერთის წინაშე. შესძახა მთელმა ერმა: იქმნას, იქმნას.
და ვითარცა შემწუხრდა, ისწრაფეს მონათა მათ წარსლვად ადგილად თჳსად და ბაგუა შეაჴშა კარნი კარავთანი გარეგნით და წარავლინნა წინაშემდგომელნი პირისაგან უფლისა თჳსისა,
და დაშთა ივდით მხოლო ჰოლომფორესა თანა კარავთა შინა
და ჰრქუა ივდით მჴევალსა თჳსსა, რათა დადგეს გარეშე სასუენებელისა და სცვიდეს გამოსლვასა მისსა, რათა არა ვინ იყოს შორის მათსა, ვითარცა-იგი ყვის დღითი დღედ. და ვითარცა განვიდა, თქუა ლოცვა და ბაგუას ეტყოდა სიტყუათა მათვე.
და წარვიდეს ყოველნი და არა ვინ დაშთა სასუენებელსა მას შინა მცირითგან დიდადმდე. და ივდით დგა ცხედარსა მისსა თანა და თქუა გულსა შინა თჳსსა: უფალო ღმერთო ყოვლისა ძლიერებისაო, მოიხილე ჟამსა ამას ჴელთა ჩემთა აღსამაღლებელად იერუსალჱმისათჳს,
რამეთუ აწ არს ჟამი შეწევნისა სამკჳდრებელისა შენისა და საქმისა ამის განზრახვისა ჩემისა, მოსრვად მტერთა ჩემთა, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა. განმაძლიერე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა!
და მოუჴდა ფიცარსა ცხედრისასა თავით კერძო ჰოლომფორესა, აღმოჴადა საბარკალი მისი მისგან და მიეახლა ცხედარსა მას.
და სცა ორგზის ყელსა მისსა ძალითა თჳსითა და მოჰკუეთა თავი მისი.
და გარდააგორვა გუამი მისი სარეცელისაბან და გარდამოიღო სამუმლე იგი სუეტთა მათგან. და ამისა შემდგომად გამოვიდა და მისცა თავი ჰოლომფორნესი შიმუნვარსა თჳსსა.
და შთადვა იგი მახალსა მას სასაგზლესა და გამოვიდეს ორნივე ზოგად, ვითარცა ჩვეულება აქუნდათ ლოცვისათჳს და განვლეს ბანაკი იგი და აღვიდეს მთასა მას ბეტულასასა.
და მოიწინეს ბჭეთა მის ქალაქისათა და ჰრქვა ივდით შორითვე მჴუმილავთა მათ ბჭისათა: განმიხუენით, განმიხუეუით მე ბჭენი, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოსღა ძლიერებაჲ ისრაჱლისა შორის და შემუსრვა მტერთა ჩუენთა, ვითარცა ყო დღეს.
ესმა კაცთა მათ ქალაქისათა ჴმაჲ მისი, ისწრაფეს გარდამოსლვად ბჭეთა ქალაქისათა და მოუწოდეს მღდელთა მოხუცებულთა ქალაქისათა.
და მორბიოდეს ყოველნი მცირითგან დიდადმდე, რამეთუ საკჳრველუჩნდა მათ მოსლვა იგი მისი და განუხუნეს მათ ბჭენი და შეიყვანნეს იგინი.
და თქუა ივდით ჴმითა დიდითა: ძენო ისრაჱლისანო, აქებდით ღმერთსა,
და აღმოიღო თავი იგი ჰოლომფორესი მახლისა მისგან, უჩუენა მათ და ჰრქუა მათ: აჰა ესერა, თავი ჰოლომფორესი, ერისთავისა ერისა ასურთასა, და აჰა, სამუმლე იგი მისი, რომელსა ქვეშე წვა მთურალი. და მოკლა იგი უფალმან ღმერთმან ჴელითა დედაკაცისათა.
და ცხოველ არს უფალი ღმერთი, რომელმან დამიცვა ანგელოზისა მისისა მიერ და წარმავლინა მუნ, და დამიფარა მუნ და მომაქცია აქავე. და არა მოუშვა უფალმან შებილწებად მჴევლისა თჳსისა და უცოდველად ვღაღადებ და ვიხარებ ძლევასა მისსა ზედა და განრინებასა ჩემსა და ჴსნასა თქუენსა.
და განუკჳრდა ფრიად ყოველსა მას ერსა და მუჴლნი მოუდრიკნეს და თაყუანი-სცეს ღმერთსა და თქუეს ერთბამად ყოველთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელმან შეურაცხ-ჰყვენ დღევანდელსა ამას დღესა მტერნი ერისა შენისანი ჴელითა ქალისათა.
და ჰრქუა ოზია ივდითს: კურთხეულ ხარ, ასულო, ღმრთისა მიერ მაღლისა უფროს ყოველთა დედათა ქუეყანისათა.
რამეთუ არა მოაკლდეს სახელი შენი გულთა კაცთასა და მოიჴსენებდენ ძალსა ღმრთისასა ვიდრე უკუნისამდე. და იყავნ შენდა იგი სიმაღლედ საუკუნოდ მოხედვად შენდა კეთილითა ამისთჳს, რამეთუ არა ჰრიდე სულსაცა შენსა სიმდაბლისათჳს ნათესავისა ჩუენისა, არამედ განხვედ დაცემისა ჩუენისათჳს. სიწრფოებით ხჳდოდე წინაშე ღმრთისა ჩუენისა
და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ!