გალატელთა მიმართ, თავი 5
თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.
აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, ვერაფერს ირგებთ ქრისტესაგან.
კვლავაც ვუმოწმებ ყველას, ვინც წინადაიცვეთს, რომ მთელი რჯულის აღსრულება მართებს.
ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს.
ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან.
რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით.
მშვენივრად რბოდით და ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ ჰმორჩილებდეთ ჭეშმარიტებას?
ეს შეგონება მისეული როდია, ვინც გიხმობთ.
მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს.
მწამს თქვენი უფალში, რომ არ გექნებათ სხვა აზრი: ვინც უნდა იყოს თქვენი ამამღვრეველი, ვერსად წაუვა მსჯავრს.
რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა.
ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი.
ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი.
ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.
თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,
კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,
სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ.
აჰა ესერა მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს.
ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანა-მდებ არს იგი ყოველსა შჯულსა ყოფად.
განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ.
რამეთუ ჩუენ სულითა სარწმუნოებისაგან სასოებასა სიმართლისასა მოველით.
რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაჲ, არამედ სარწმუნოებაჲ, სიყუარულისაგან შეწევნული.
ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად?
მორჩილებაჲ ეგე არა მისგან არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ.
მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის.
მე გესავ თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არარას ზრახვიდეთ; ხოლო რომელი-იგი აღგძრავს თქუენ, მან იტჳრთოს საშჯელი, ვინცა-იგი არს.
ხოლო მე, ძმანო, წინადაცუეთასა ღათუ ვქადაგებდე, რაჲსაღა-მე ვიდევნები? გან-მე-ქარდა საცთური იგი ჯუარისაჲ?
ჯერ-იყო, გან-თუმცა-გეშორნეს, რომელნი-იგი გაშფოთებენ თქუენ.
რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთარს.
რამეთუ ყოველი შჯული ერთითა სიტყჳთა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ.
ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ.
რამეთუ ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მჴდომ არიან ურთიერთარს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, მას ჰყოფდეთ.
უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე.
ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი,
კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი,
შურნი, კაცის-კლავნი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.
ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,
მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.
ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.
უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.
ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.