გალატელთა მიმართ, თავი 2
თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმს ბარნაბასთან ერთად, და თან ვიახლე ტიტეც.
ასვლით კი გამოცხადებით ავედი და იქაურებს (უპირატესად - ყველაზე ცნობილთ) წარვუდგინე სახარება, რომელსაც ვქადაგებ წარმართთა შორის: ამაოდ ხომ არ მიწვალია, ან ვწვალობ-მეთქი.
მაგრამ თვით ჩემთან მყოფი ტიტეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენია, არ გაუხდიათ იძულებული, წინადაეცვითა.
შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, -
წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში.
ხოლო მათ, ვინც ყველაზე ცნობილნი ჩანდნენ (როგორნი იყვნენ ისინი უწინ, მე არ დავეძებ: ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას), მეტი არაფერი დაუვალებიათ ჩემთვის.
პირიქით, როცა დაინახე, რომ მე მომენდო ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს - წინადაცვეთილთათვის
(რადგან ვინც წინადაცვეთილთა შორის მოციქულობაში შეეწია პეტრეს, მეც შემეწია წარმართთა შორის)
და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.
მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს.
მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;
ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.
მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.
მაგრამ, როდესაც დავრწმუნღი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ?
ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი.
მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურთა? არამც და არამც.
რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს?
ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის.
ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
მერმე მეათოთხმეტესა წელსა კუალად აღვედ იერუსალჱმდ ბარნაბაჲს თანა; ჩემ თანა წარვიყვანე ტიტეცა.
ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაჲ იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის, ხოლო თჳსაგან მათ, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი.
არამედ არცაღა ტიტე, რომელი-იგი იყო ჩემ თანა, რამეთუ წარმართღა იყო, იიძულა წინადაცუეთად,
შემოსულთა მათთჳს ძმათა-მტყუვართა, რომელნი შემოვიდეს განმსტურობად აზნაურებასა მას ჩუენსა, რომელი მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ჩუენ დაგჳმონნენ,
რომელთაჲ ჟამ ერთცა არა თავს-ვიდევით დამორჩილებაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ იგი სახარებისაჲ დაადგრეს თქუენ თანა.
ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს.
არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთელებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს - წინადაცუეთილებისაჲ.
რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.
და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ.
გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად.
და რაჟამს მოვიდა პეტრე ანტიოქიად, წინაშე პირსა მისსა აღუდეგ, რამეთუ შეკდებულ იყო.
და რამეთუ პირველ მოსლვადმდე ვიეთამე იაკობისგან წარმართთა თანა ჭამდა; ხოლო რაჟამს მოვიდეს, იჯმნა და განაშორა თავი თჳსი, რამეთუ ეშინოდა წინადაცუეთილთა მათგან.
და მის თანა ორგულ იქმნნეს სხუანიცა ჰურიანი, ვიდრე ბარნაბაცა მიერჩდა მათსა მას ორგულებასა.
არამედ რაჟამს ვიხილე, ვითარმედ არა მართლ წარმართებულ არიან ჭეშმარიტებისა მიმართ სახარებისა, ვარქუ პეტრეს წინაშე ყოველთასა: უკუეთუ შენ ჰურია ხარ და წარმართებრ და არა ჰურიაებრ სცხონდები, ვითარ აიძულებ წარმართთა ჰურიაებად?
ჩუენ ბუნებით ჰურიანი ვართ და არა წარმართთაგანნი ცოდვილნი;
და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი.
უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნა? ნუ იყოფინ!
რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო.
რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ.
ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.
არა შეურაცხ-ვჰყოფ მადლსა მას ღმრთისასა. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს სიმართლე, ქრისტე სამე ცუდად მოკუდა?