ლოცვანი
აპლიკაცია

გალატელთა მიმართ, თავი 1

1

პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთისაგან, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით,

2

და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს:

3

მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან,

4

რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,

5

ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

6

მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე.

7

თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება.

8

მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.

9

რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს.

10

ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი.

11

გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი,

12

ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.

13

თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.

14

ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.

15

ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -

16

კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.

17

არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.

18

სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.

19

სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.

20

ხოლო იმაში, რასაცა გწერთ, ღმერთია მოწმე, არ ვცრუობ.

21

შემდგომ ამისა, სირიასა და კილიკიაში ჩავედი.

22

ხოლო ქრისტეს ეკლესიები იუდეაში პირადად არ მიცნობდნენ მე. -

23

მხოლოდ ის სმენოდათ, რომ ოდესღაც მათი მდევნელი ამჟამად ახარებს რწმენას, რომელსაც უწინ ებრძოდა.

24

და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.

1

პავლე მოციქული არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ, არამედ იესუ ქრისტეს მიერ და ღმრთისა მამისა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით,

2

და ჩემ თანა ყოველი ძმანი ეკლესიათა გალატიაჲსათა:

3

მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა,

4

რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა,

5

რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

6

მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად,

7

რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი.

8

არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!

9

ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!

10

აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ.

11

ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,

12

და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა.

13

რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ.

14

და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღრუებათა.

15

ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა

16

გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა,

17

არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ.

18

და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.

19

ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.

20

და რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, აჰა ესერა წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუვი.

21

და მერმე მოვედ ადგილთა მათ ასურეთისა და კილიკიაჲსათა.

22

ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი იყვნეს ქრისტეს მიმართ;

23

გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ რომელი-იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა-იგი ოდესმე ტყუენვიდა.

24

და ადიდებდეს ჩემთჳს ღმერთსა.

123456