ლოცვანი
აპლიკაცია

გალატელთა მიმართ, თავი 4

1

ამასაც ვიტყვი: ვიდრე მემკვიდრე ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია.

2

არამედ, მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და მეურვეებს ემორჩილება.

3

ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყისთ ვემონებოდით.

4

მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.

5

რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.

6

ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!

7

ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ.

8

მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები.

9

ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?

10

დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით.

11

ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის.

12

გევედრებით, ძმანო, ჩემსავით იყავით, ვინაიდან მეც თქვენსავით ვარ. არაფერი დაგიშავებიათ ჩემთვის.

13

ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ.

14

მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.

15

სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით.

16

მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ?

17

თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის.

18

მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ.

19

შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე.

20

ოჰ, ნეტა თქვენს შორის ვიყო და ხმა გამომაცვლევინა, ვინაიდან აღარა მესმის რა თქვენი.

21

მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა რჯულს?

22

რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი - თავისუფალი ქალისაგან.

23

მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა - აღთქმისაგან,

24

რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი,

25

რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია.

26

ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა.

27

რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“.

28

ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ.

29

და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც.

30

მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“.

31

ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.

1

ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.

2

არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა.

3

ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ.

4

ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე,

5

რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ.

6

და რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო.

7

ამიერითგან არღარა ხართ მონა, არამედ შვილ; ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა ღმრთისა ქრისტეს მიერ.

8

არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ.

9

ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად?

10

დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა.

11

მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ.

12

იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ, არარაჲ შემცოდეთ მე.

13

ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად;

14

და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ.

15

რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე,

16

ვითარცა მტერ რაჲ-მე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ?

17

გეშურობდა თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ.

18

ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ,

19

შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის.

20

ხოლო მინდა მისლვად თქუენდა და აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს.

21

მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა?

22

რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: აბრაჰამს ორ ძე ესხნეს: ერთი მჴევლისგან და ერთი აზნაურისაგან.

23

არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციელად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაჲ იგი - აღთქუმისაგან.

24

რომელი-იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი შჯულნი: ერთი იგი სინა მთით, შობილი მონებად, რომელ არს აგარ.

25

რამეთუ აგარ სინა მთაჲ არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა.

26

ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ.

27

რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე რომელსა-იგი ესუას ქმარი.

28

ხოლო ჩუენ, ძმანო, ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ.

29

არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეთცა აწ.

30

არამედ რასა იტყჳს წიგნი? განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი; რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა.

31

ხოლო ჩუენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მჴევლისანი, არამედ აზნაურისანი.

123456