ლოცვანი
აპლიკაცია

ამოს წინასწარმეტყველი, თავი 8

1

ასე მახილვინა უფალმა. ღმერთმა: აჰა, მოწეული ხილით სავსე კალათა.

2

მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მოწეული ხილით სავსე კალათას-მეთქი. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ.

3

მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, ამბობს უფალი ღმერთი; უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრიან უხმოდ.

4

ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა შთამთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო;

5

რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორითო,

6

ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატავნი, პურის განაცხრიბოი კი გავყიდოთო?

7

დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება, თუკი ოდესმე დავივიწყოო ერთი მათი ნამოქმედარიც კი.

8

ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? აიწევს ერთიანად ნილოსივით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით.

9

იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი ღმერთი, რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას.

10

დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!

11

აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას.

12

იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ.

13

ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისგან.

14

სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: ცოცხალია შენი ღმერთი დანი, ცოცხალია ბერშებას გზაო, დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.

1

ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, ჭურჭელი მემახურისა

2

და თქუა: რასა ხედავ შენ, ამოსს? და ვთქუ: ჭურჭელსა მემახურისასა. და თქუა უფალმან ჩემდამო: მოიწია აღსასრული ერსა ზედა ჩემსა ისრაჱლსა, არა შევსძინო მერმე თანაწარსლვად მისა.

3

და ვალალებდენ სართულნი ტაძრისანი. და მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მრავალი დაცემული ყოველსა ზედა ადგილსა, ზედა მივაგდო დუმილი.

4

ისმინეთ ესენი, რომელნი შეჰმუსრავთ განთიად დავრდომილსა და ჰმძლავრობთ გლახაკთა მიმწუხრი

5

მეტყუელნი: ოდეს გარდახდეს თთუე და განვყიდოთ, და შაბათნი და განვახუნეთ საუნჯენი ქმნად მცირე საწყეოჲ, და განდიდებად საწონი და ქმნად სასწორი უსამართლოჲ

6

მოსყიდად გლახაკნი ვეცხლითა და დავრდომილნი ფერჴთშესასხმელთა წილ, და ყოვლისაგან საქმისა ვივაჭროთ.

7

ფუცავს უფალი ამპარტავანებისათჳს იაკობისსა: უკეთუ დაივიწყნენ ძლევად ყოველნი საქმენი თქუენნი.

8

და ამათ ზედა არა აღშფოთნეს ქუეყანაჲ. და იგლოოს ყოველმან დამკჳდრებულმან მას ზედა და აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული და შთავიდეს, ვითარცა მდინარე ეგჳპტისაჲ.

9

და იყოს მას დღესა შინა,- იტყჳს უფალი, უფალი. -დაჰჴდეს მზე შუადღე და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა დღესა ნათელი.

10

და გარდავაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოად, და ყოველნი გალობანი თქუენნი გოდებად, და აღვიღო ყოველსა წელსა ზედა ძაძაჲ, და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე, და დავდვა მე იგი, ვითარცა გლოვაჲ საყუარელისაჲ, და მისთანანი, ვითარცა დღე სალმობისაჲ.

11

აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, უფალი, - და გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ.

12

და შეიძრნენ წყალნი ზღჳთგან ვიდრე ზღუამდე. და ჩრდილოთგან ვიდრე აღმოსავალთამდე მიმორბიოდიან მეძიებელნი სიტყჳსა უფლისასა და არა პოონ.

13

მას დღესა შინა მოაკლდენ ქალწულნი შუენიერნი და ჭაბუკნი წყურილითა

14

მფუცავნი სალხინებელსა ზედა სამარიაჲსასა და მეტყუელნი: ცხოველ არს უფალი შენი დან; ცხოველ არს უფალი შენი ბერსაბედ. და დაეცნენ და არა აღდგენ მერმე.

123456789