ამოს წინასწარმეტყველი, თავი 6
ვაი უზრუნველთ სიონზე და უდარდელთ სამარიის მთაზე, სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი!
მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გეთში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები?
ხომ არ გგონია, დააცდევინო უბედურების დღეს ან დააჩქარო მძლავრობის მეუფება?
განისვენებენ სპილოსძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცლებზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ.
ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობელად მოაქვთ თავი.
სამსხვერპლო თასებიდან სვაშენ ღვინოს და საუცხოო ზეთით იპოხებიან, არ ადარდებთ იოსების უბედურება.
ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა შეწყდება.
დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძულს იაკობის ამპარტავნობა და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს.
მოხდება ისე, თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, დაიხოცებიან ყველანი.
როცა ნათესავი თუ ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის სახლის შიგნით მყოფს, თუ დაგრჩა ვინმეო, ისიც უპასუხებს: არავინო, უთხრას: ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება.
თუ ურბენიათ ცხენებს კლდეზე, ან თუ უხნავთ ის ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი და აბზინდად - სიმართლის ნაყოფი.
რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა სახლებს.
ჰე, ამაოებით მოხარულნო, რომ ამბობთ, განა ჩვენი ძალით არ შევიძინეთ რქებიო?
რადგან, აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, და მიგკუჭავს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე.
ვაჲ, რომელნი შეურაცხ-ყოფენ სიონსა და მოსავ არიან მთისა მიმართ სამარიისაჲსა. მოისთულნეს დასაბამნი წარმართთანი და შევიდა მათდა სახლი ისრაჱლისაჲ
გარდავედით ყოველნი ქანანად და იხილეთ და განვლეთ მიერ დიდად ემათ, რავვად მიმართ და შთავედით გეთდ და უცხოტომთად, უმტკიცესთა ყოველთაგან მეფობათა მათთასა, უკუეთუ უმრავლეს არიან საზღუარნი მათნი საზღუართა თქუენთა
რომელნი მოვლენ დღედ ბოროტად, რომელნი მიეახლებიან და შეეხებიან შაბათთა ნაცილთა
მძინარნი ცხედართა ზედა პილოჲძუალედთა. და მშუებელნი სარეცელთა ზედა მათთა და მჭამელნი თიკანთანი სამწყსოთაგან და ჴბოებსა შორის სამროწლისა მწუარებსა
რომელნი მტყუელვარეობენ ჴმისა მიმართ ორღანოთასა, ვითარცა მდგომარენი შეჰრაცხნეს და არა ვითარცა მლტოლვარენი
მსუმელნი წურვილსა ღჳნოსა და პირველთა მიჰრონთა მცხებელნი და არა ივნებდეს არარას შემუსრვასა ზედა იოსებისასა.
ამისთჳს აწ ტყუენი იყვნენ დასაბამსა ძალთასა და აღებულ იქმნეს ჴუვილი ცხენთა ეფრემისგან
რამეთუ ფუცა უფალმან თავისა მიმართ თჳსისა და თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან, ვითარმედ: მძაგს მე ყოველი გინებაჲ იაკობისი და ქუეყანანი მისნი მოვიძულენ და აღვიღო ქალაქი ყოველთა თანა დამკჳდრებულთა მისთა
და იყოს, უკეთუ დაშთენ ათნი მამაკაცნი ერთსა შინა სახლსა და მოკუდენ
და დაშთენ ნეშტნი და მოიხუნენ სახლეულთა მათთა და იძულებოდიან გამოხუმად ძუალთა მათთა სახლისაგან. და ჰრქუას ზედამდგომელთა სახლისათა: უკუეთუ არსღა შენ თანა?
მით, რამეთუ, აჰა, უფალი ამცნებს და დასცეს სახლი დიდი წყლვითა და სახლი მცირე განხეთქითა
უკეთუ სდევდენ კლდეთა შორის ცხენნი, ანუ დუმდენ დედალთა შორის, რამეთუ თქუენ გარდააქციეთ გულისწყრომად მსჯავრი და ნაყოფი სიმართლისაჲ სიმწარედ
მოხარულთა არა რას ზედა, სიტყვისა მეტყუელთა: არა ძალითა ჩუენითა გუქონან რქანი
მით, რამეთუ აჰა, მე აღვადგინო თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მოლაშქრეთა ნათესავი და გაჭირვებდენ თქუენ არა შესლვად ემათად და ვიდრე ნაღუარევისამდე დასავალთაჲსა.