ამოს წინასწარმეტყველი, თავი 7
ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლისას, და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ.
როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.
გადაიფიქრა უფალმა, არ მოხდებაო, თქვა უფალმა.
ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები.
მე ვთქვი: უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.
გადაიფიქრა უფალმა, არც ეს მოხდებაო, თქვა უფალმა ღმერთმა.
ასე მახილვინა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და შვეული უჭირავს ხელში.
მითხრა უფალმა: რას ხედავ, ამოს? ვუთხარი: შვეულს. თქვა უფალმა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას.
გაუკაცურდება ისაკის გორაკები და ისრაელის საწმიდარები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობოამის სახლის წინააღმდეგ.
შეუთვალა ამაციამ, ბეთილის მღვდელმა, იერობოამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში; მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს;
რადგან ასე ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იერობოამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან.
უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე.
ბეთილში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი.
მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი;
წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო.
ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო.
ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან.
ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, აღმოფუილი მკალთაჲ, მომავალი ცისკრეული და, აჰა, ბუზი გოგისსა მიმართ მეფე.
დაიყოს, და-თუ-ასრულოს ჭამაჲ თივასა ქუეყანისას და ვთქუ: უფალო, უფალო, მხილებელ იქმენ. ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს?
შეინანე, უფალო, ამას ზედა. და ესე არა იყოს, -თქუა უფალმან.
ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან. და, აჰა, უწოდა სასჯელსა ცეცხლისა მიერ უფალმან, უფალმან. და შეჭამა უფსკრული მრავალი და შეჭამა ნაწილი.
და ვთქუ: უფალო, უფალო, დააცხრვე! ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს?
შეინანე, უფალო, ამას ზედა და ესე არა იქმნეს -იტყვის უფალი, უფალი.
ესრეთ მიჩუენა უფალმან, უფალმან: და, აჰა, კაცი ერთი მდგომარე ზღუდესა ზედა ადამანტისასა და ჴელსა შინა მისსა ადამასი.
და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ხედავ შენ, ამოს? და ვთქუ: ადამასსა. და თქუა უფალმან: აჰა, მე დავამტკიცე ადამანტი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისასა, არღა მერმე შევსძინო თანაწარსვლად მისსა.
და უჩინო იქმნნენ ბომონნი სიცილისანი და საზორველნი ისრაჱლისანი მოოჴრდენ და აღვდგე სახლსა ზედა იერობოამისსა მახჳლით.
და განავლინა ამასია მღდელმან ბეთელისამანი ერობოამის მიმართ, მეფისა ისრაილისა, მეტყუელმან: მიმოქცეულებათა ჰყოფს ძჳნად შენდა ამოსს შორის სახლსა ისრაჱლისსა. ვერ შემძლებელ არს ქუეყანა დათმენად ყოველთა ამათ სიტყუათა
მით, რამეთუ ამათ იტყჳს ამოს: მახჳლითა აღესრულოს იერობოამ, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიქციოს და წარიყვანოს ქუეყანით მისით.
და თქუა ამასია ამოსის მიმართ: მხედველო, ვიდოდე, განეშორე შენ ქუეყანად იუდაჲსსა და მუნ წინაწარმეტყუელებდე.
ბეთილს. არა მერმე შესძინო წიმაწარმეტყუელებად, რამეთუ სიწმიდე მეფისა არს.
მიუგო ამმოს და თქუა ამასიაჲს მიმართ: არა ვიყავ წინაწარმეტყუელი მე, არცა ძე წინაწარმეტყუელისაჲ, არამედ თხათ მეკოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა.
და აღმიღო მე უფალმან ცხოვართაგან და თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, წინაწარმეტყუელებდ ერსა ზედა ჩემსა, ისრაჱლსა.
და აწ ისმინე სიტყუაჲ უფლისა - შენ იტყჳ: ნუ წინაწარმეტყუელებდ სახლსა ზედა ისრაჱლისასა და ნუ ერისკრება-ჰყოფ სახლსა ზედა იაკობისსა.
ამოსთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ცოლი შენი შორის ქალაქისა ისძვიდეს. და ძენი შენნი და ასულნი შენნი მახჳლისა მიერ დაეცნენ. და ქუეყანაჲ შენი საბლითა განიზომოს და შენ ქუეყანასა არაწმიდასა აღესრულო, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიქციოს ქუეყანისაგან თჳსისა.