ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ეზრა, თავი 5

1

წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით ანგია წინასწარმეტყველი და ზაქარია ყიდოს ძე, წინასწარმეტყველნი, იუდაელებზე, რომელნიც იუდაში და იერუსალიმში იყვნენ.

2

მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შალთიელის ძე და იესო-იოცადაკის ძე და შეუდგნენ ღვთის სახლის შენებას იერუსალიმში; მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და მხარს უჭერდნენ მათ.

3

იმ ხანადვე მივიდნენ მათთან თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი და ასე უთხრეს მათ: ვინ მოგცათ ნება ამ სახლის აშენებისა და კედლების აყვანისა?

4

მაშინ ვუთხარი იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აგებენ.

5

მათი ღვთის თვალი იყო იუდაელ უხუცესებზე და არ ეკრძალებოდათ შენება, ვიდრე დარიოსს არ შეატყობინეს ამბავი და უკანვე არ დააბრუნეს წერილი ამ საქმეზე.

6

ცალი წერილისა, დარიოს მეფისადმი, რომელიც გაგზავნეს თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა, აფარსექელებმა, მდინარის გაღმა რომ არიან.

7

წერილი გაუგზავნეს მას და, აი, რა ეწერა მასში: დარიოს მეფეს დღეგრძელობა!

8

იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღმერთის სახლთან. დიდრონი ქვებისგან შენდება იგი, კედლებში ძელებს ატანენ. მუშაობა სწრაფად მიდის და წარმატებით სრულდება მათ ხელში.

9

მაშინ შევეკითხეთ იმ უხუცესებს, ასე ვუთხარით: ვინ დაგრთოთ ნება ამ სახლის შენებისა და კედლების ამოყვანისა?

10

მათი სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელები, რომლებიც სათავეში უდგანან მათ.

11

ხოლო მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ცისა და მიწის ღმერთისა: ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინათ აშენდა; ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა კიდეც.

12

მას მერე, რაც ჩვენ მამა-პაპამ განარისხა ცათა ღმერთი, მან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველს, ჩაუგდო ისინი ხელში, რომელმაც ეს სახლი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა.

13

მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის, პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად.

14

ხოლო ღვთის სახლის ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაზიდა იერუსალიმის ტაძრიდან და მიიტანა ბაბილონის ტაძარში, უკანვე წამოიღო კიროს მეფემ ბაბილონის ტაძრიდან და ჩააბარეს კაცს, სახელად შეშბაცარს, მხარის განმგებლად რომ ჰყავდა დანიშნული;

15

უთხრა: წაიღე ეს ჭურჭელი, წადი და დააწყვე იერუსალიმის ტაძარში და აშენდეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილზე.

16

მაშინ მოვიდა ის შეშბაცარი, და დაუდო საფუძველი ღვთის სახლს იერუსალიმში. მას შემდეგ შენდება იგი და ჯერ არ გასრულებულა.

17

ახლა თუ ინებებს მეფე, მოიძიონ სამეფო წიგნთსაცავში, იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში, და გამოგვიგზავნონ მეფის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე.

1

და წინასწარმეტყუელობდეს ანგეა და ზაქარია ადდოვისა, წინასწარმეტყუელებდენ ზედა ჰურიასტანსა და იერუსალემსა სახელითა უფლისა ღმრთისათა ისრაელისათა.

2

მას ჟამსა აღდგეს ზორობაბელ სალათიელეანი და ისუ იოსედეკეანი და იწყეს შენებად სახლისა მის უფლისა ღმრთისა ისრაილისა იერუსალჱმს. და ერთსიტყვა იყვნეს მათ თანა წინასწარმეტყუელნი ღმრთისანი და შეეწეოდეს მათ.

3

მას ჟამსა მოვიდა თათანი მთავარი ევფრატით მდინარით კერძო და სათრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი და ჰრქუეს მათ: ვინ გიბრძანა შენება სახლისა მაგის თქუენ, ანუ ვისითა სიტყჳთა აღმართენით გოდოლი მაგისი?

4

ანუ რა ჰქჳან, სახელი კაცთა მაგათ, რომელნი წინამძღუარ არიან შენებისათჳს ამის ქალაქისა?

5

და იყვნეს თუალნი უფლისა ღმრთისა ზედა ჰურიათა მოქცეულთა ტყუეობისაგან, და არა დაუყვნეს იგინი, ვიდრემდის აუწყონ დარეჰ მეფესა. მაშინ წარავლინეს ხარკისმომჴდელნი იგი ამის საქმისათჳს, რათა მეცნიერ იქმნნენ წიგნთა.

6

ესრეთ წერილ იყო, რომელი-იგი წარავლინეს თათანაელ, მთავარმან მდინარითკერძომან, და სათრაბუზან და მონათმოდგამთა მათთა და ფარსაქე და რესიმონ:

7

დარეჰ მეფისა მშჳდობაჲ მრავალი.

8

თქუენდა უწყებულ იყავნ, მეფისა, რამეთუ მოვედით ჩვენ ქუეყანად ურიასტანისა, ქალაქად იერუსალიმად და ვიხილეთ ტაძარი უფლისა ღმრთისა დიდსა, რამეთუ აშენებდეს რჩეულითა ქვითა, ძელსა სათხეპელად უპყრობდეს კედელთა მისთა, და საქმე წარუმართებელ იყო ჴელთა შინა მათთა.

9

მაშინ ვკითხეთ მოხუცებულთა და ვარქვით: ვინ გიბრძანა თქუენ სახლისა ამის აშენებაჲ, ანუ ვისითა სიტყჳთა აშენებთ?

10

და ვკითხეთ სახელი წინამძღუართა მათთა, რათამცა გვაუწყნეს, რამეთუ აღვწეროთ სახელნი კაცთა მფლობელთა მათთანი.

11

და ესე მოგვიგეს ჩვენ ურიათა: ჩვენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა. და ვაშენებთ სახლსა ამას, ვითარცა შენებულ იყო უწინარეს მრავლისა წლისა, რომელ აღაშენა მეფემან ისრაელისამან დიდმან სოლომონ და მსგავსად ჩვენცა დავამტკიცოთ ესე.

12

რამეთუ მამათა ჩვენთა განარისხეს ღმერთი ცისა და ქვეყანისა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელთასა და ქალდეველთასა, და სახლი ესე აღაოჴრა და ერი იგი მწირობდა ბაბილონს.

13

და პირველსა წელსა კჳროს მეფისა ბაბილოვნელისა კვიროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ღმრთისა.

14

და ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა, რომელ წარეღო ნაბუქოდონოსორს იერუსალემით, მოვიდა და მოიღო სახლთა ღმრთისა თჳსისა, და გამოიღო კჳროს მეფემან სახლით სამეუფოთ; და მისცა სამნასაროს მეფესა

15

და ჰრქვა: ყოველივე სამსახურებელი ჭურჭელი სახლისა უფლისა აღიღე და მიიღე სახლსა უფლისასა, რომელ-იგი არს იერუსალიმსა. მიიღე ეგე ადგილსავე თჳსსა.

16

მას ჟამსა სამნასარ მოვიდა და დადვა საფუძველი სახლისა უფლისა ღმრთისა იერუსალემს, და მიერითგან ვაშენებთ და არა აღგჳსრულებიეს

17

აწ, თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, ძიება-ყავ და იხილე სახლთა დასამარხველთა წიგნთა საჴსენებელთა მეფეთა ბაბილოვნელთასა, რათა გულისხმა-ყო, უკეთუ ნანდვილვე კჳროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ჰურიასტანს და იერუსალემს, და მეცნიერ იქმენ შენ, მეფე, ამის საქმისათჳს მოწერე ჩვენდა.

12345678910