ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ეზრა, თავი 3

1

დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე ქალაქებში ესახლნენ; შეიკრიბა ერი იერუსალიმში როგორც ერთი კაცი.

2

ადგნენ იესო იოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები - ზერუბაბელ შალთიელის ძე და მისი ძმები და აუგეს ისრაელის ღმერთს სამსხვერპლო, რათა აღსავლენი მსხვერპლი შეეწირათ მასზე, როგორც მოსეს, ღვთისკაცის რჯულში იყო დაწერილი.

3

დადგეს სამსხვერპლო თავის ადგილზე, რადგან ქვეყანათა ხალხების შიში ჰქონდათ, და სწირავდნენ მასზე აღსავლენ მსხვერპლს უფლისადმი დილით და საღამოთი.

4

მართავდნენ კარვობის დღესასწაულს დაწერილისამებრ და სწირავდნენ დღიურ აღსავლენ მსხვერპლს განსაზღვრულ რიცხვში ყოველდღიური წესის მიხედვით.

5

ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ აღსავლენს ახალმთავრობისას და უფლის ყოველ კურთხეულ დღესასწაულზე და ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობითი შესაწირავი მიჰქონდა უფლისათვის.

6

მეშვიდე თვის პირველი დღიდანვე დაიწყეს აღსავლენის შეწირვა უფლისადმი. უფლის ტაძრის საძირკველი ჯერ კიდევ არ იყო ჩაყრილი.

7

დაურიგეს ვერცხლი ქვისმთლელებს და ხუროებს, საჭმელ-სასმელი და ზეთი ციდონელებს და ტვიროსელებს, რომ მოეზიდათ კედარის ძელები ლიბანიდან ზღვით იაფოში სპარსეთის მეფის, კიროსის მიერ მათთვის გაცემული ნებართვით.

8

ღვთის სახლთან, იერუსალიმში, მათი მოსვლის მეორე წლის მეორე თვეს შეუდგნენ საქმეს ზერუბაბელ შალთიელის ძე, იესო იოცადაკის ძე და დანარჩენი მათი ძმები, მღვდლები - ლევიანები და ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებული მთელი ხალხი, და დაადგინეს ლევიანები, ოც წელს გადაცილებულნი, უფლის სახლის სამუშაოების ზედამხედველებად.

9

დადგნენ იესო, მისი შვილები და ძმები, კადმიელი, და მისი შვილები, იუდას შვილები, როგორც ერთი კაცი, ღვთის სახლში მომუშავეთა ზედამხედველებად; აგრეთვე ხენადადიანები, მათი შვილები და მათი ძმები, ლევიანები.

10

როცა მშენებლები შეუდგნენ უფლის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით და ლევიანები, ასაფის ძენი, დაფდაფებით, რათა ედიდებინათ უფალი ისრაელის მეფის, დავითის, წესის მიხედვით.

11

უმღერდნენ ქება-დიდებას უფალს: რადგან კეთილია, რადგან საუკუნოა მისი წყალობა ისრაელზე! მთელი ხალხი კი მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება-დიდებას უფლის სახლის დაფუძნების გამო.

12

ბევრი მღვდელი და ლევიანი, მამისსახლთა თავკაცნი, მოხუცებულნი, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირვანდელი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს; ბევრნი სიხარულის ყიჟინას სცემდნენ.

13

ხალხი ვერ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდა ხალხი და შორს ისმოდა მათი ხმა.

1

და მოიწია თთუჱ მეშჳდე და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ქალაქსა და შეკრბა ყოველი ერი ერთბამად, ვითარცა ერთი კაცი იერუსალჱმდ.

2

და აღდგა ისუ იოსედეკიანი და ძმანი მისნი მღდელნი და ზურობაბელ, ძე სალათიელისი, და ძმანი მისნი ექუსნი. და აღაშენეს საკურთხეველი საზორველისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა შეწირვად მას ზედა საკუერთხი, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, კაცისა ღმრთისა.

3

და განამზადეს საზორველნი წესისაებრ თჳსისა. რამეთუ ეშინოდა ნათესავთაგან მის ქუეყანისათა, და შესწირეს საკუერთხი მეყსეულად უფლისა ღმრთისა მათისა: ერთი ცისკარს და ერთი მწუხრი.

4

და ყვეს დღესასწაული ტაძრობისა, ვითარცა წერილ არს, საკუერთხი დღითი დღე ერთ რიცხვად, ვითარცა ამცნო მათ.

5

და შესწირვიდეს სხუათაცა საკუერთხთა თვისთავთა და შაბათთა და ყოველთა დღესასწაულთა წლისათა უფლისა სიწმიდეთა ყოველთა უნებელთა, რომელთა შესცოდეს უფალსა.

6

და პირველსა მას თთჳსასა მეშჳდისა იწყეს შეწირვად საკუერთხთა უფლისა ღმრთისა და სახლისა მის აღარ დადებულ იყო საფუძველი.

7

და მისცა ვეცხლი ქვისმჴდელთა და ხუროთა სასმელი და საჭმელი და ზეთი სიდონელთა და ტჳრელთა, და მოაქუნდა ნაძჳსძელი ლიბანით ზღჳთ იოპეთ, ვითარცა უბრძანა მათ კჳროს, მეფემან სპარსთამან.

8

და მეორესა წელსა გამოსლვისა მათისასა, რაჟამს მოვიდეს ტაძარსა უფლისასა იერუსალჱმად თთუესა მას მეორესა, იწყეს ზორაბაბელ სალათიელმან და ისუ იოსედეკიანმან და ძმათა მათთა მღდელთა ლევიტელთა ყოველთა მოსლვად ტყუეობისა მისგან იერუსალჱმდ, და დაადგინებდეს ლევიტელთა ოც წლითგან ზედამდგომელად საქმისათჳს სახლისა უფლისასა

9

ისუ და ძენი მისნი, მდგომელნი ზედა საქმისა სახლისა მის უფლისასა, ძენი ენადისანი და ძმანი მისნი და ლევიტელნი.

10

და დადვეს საფუძველი და იწყეს შენებად სახლისა უფლისა; დგეს მღდელნი, და შთაეცვა კუართები, და ჰბერვიდეს ნესტუებსა თჳსსა ლევიტელნი და ძენი ასაფისნი წინწილითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა, ვითარცა განაწესა დავით, მეფემან ისრაჱლისამან.

11

და ჰრქუა კაცმან მოყუასსა თჳსსა: აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი ისრაჱლსა ზედა, და ყოველი იგი კრებული დიდითა ჴმითა აკურთხევდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა. რამეთუ დაიდვა საფუძველი სახლისა უფლისაჲ.

12

და მრავალნი მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და მფლობელთა მათ მამათმთავართა და მოხუცებულთა, რომელთა ეხილვა ტაძარი იგი უფლისაჲ, და აწ იხილეს თუალითა თჳსითა საფუძველი მისი, ტიროდეს დიდითა ჴმითა; და ყოველი ერი სასწაულსა ჰყოფდა სიხარულისასა და აღამაღლებდეს ჴმასა მათსა

13

და არა ვინ იყო კრებულისა მისგან, რომელმანცა შეუძლო ცნობად და სმენად ჴმა სიხარულისა. ერი იგი ღაღადებდეს ჴმითა დიდითა და მიესმოდა ჴმაჲ იგი შორიელთა ადგილთა.

12345678910