ლოცვანი
აპლიკაცია

ნაუმ წინასწარმეტყველი, თავი 2

1

აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაცნედ! გამართე დღესასწაულები, იუდა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი; საბოლოოდ განადგურდა.

2

შემართულია შენს თავზე ურო, ნინევე! დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიფე!

3

რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს.

4

წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.

5

დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.

6

გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.

7

გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე.

8

გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.

9

წყლისგან დაიცალა ნინევე - წყალსატევი; ისინი კი გარბიან. დადექით! დადექით! მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.

10

დაიტაცეთ ოქრო, დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი, ძვირფასი ნივთები.

11

გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ.

12

სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არავინ იყო დამაფრთხობელი?

13

ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის და აღრჩობს თავისი ძუსთვის; ნატაცებით ავსებს თავის ბუნაგს და გამოქვაბულს - დაგლეჯილი ნადავლით.

14

აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვერებს; შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენს მოციქულთა ხმა.

1

რამეთუ აღვიდა მბერავი პირისა შენისაჲ განმარინებელი ჭირისაგან. მოიმსტურე გზაჲ, მოიმტკიცე წელი, განმჴნდი ძალითა ფრიად

2

მით, რამეთუ გარემიაქცია უფალმან გინებაჲ იაკობისი, ვითარ-იგი გინებაჲ ისრაჱლისი მით, რამეთუ განმბერტყელთა განბერტყნეს იგინი და მონაგებნი მათნი განხრწნნეს.

3

ჭურნი ძლიერებისა მისისანი კაცთაგან. მამაცნი ძლიერნი მომღერალნი ცეცხლითა, სადევენი ეტლებისა მათისანი დღესა შინა განმზადებულებისა მისისასა და მჴედარნი.

4

5

აღბორგნენ, გზათა ზედა შემოკრბენ ეტლნი და აღიხუნენ შეიგანთა შორის, ხილვაჲ მათი ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ და ვითარცა ელვანი წარმრბენელნი.

6

და მოჴსენებულ იქმნენ დიდებულნი მათნი და მოუძლურდენ სლვასა შინა მათსა და ისწრაფიან ზღუდეთა ზედა და განჰმზადებენ წინსაცავთა მათთა.

7

ბჭენი ქალაქთანი განეხუნეს და სამეფონი დაეცნეს.

8

და მონაგები გამოცხადნა და იგიაჲ აღვიდოდა. და მჴევალნი მისნი უძღოდეს, ვითარცა ტრედნი მჴმობარენი გულთა შინა მათთა.

9

და ნინევი, ვითარცა საბანელი წყლისაჲ, წყალნი მისნი და იგინი ვითარცა მლტოლვარენი არ დადგეს. და არა იყო ზედამხედველი.

10

და იტაცებდეს ვეცხლსა და იტაცებდეს ოქროსა და არა იყო ბოლოჲ მისი. დამძიმდეს უფროს ყოველთასა ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი.

11

განბერტყაჲ და წდოლაჲ და ჟრუნვაჲ, და გულისა შემუსრვაჲ, და დაჴსნაჲ მუჴლთა, და ლმობანი ყოველსა ზედა წელსა და პირები ყოველთაჲ, ვითარცა ნაწუავი ქოთნისაჲ.

12

სადა არს სამკჳდრებელი ლომთა და საძოარი მყოფი ლეკუთად, სადა ვიდოდა ლომი შესლვად, მუნ ლეკჳ ლომისაჲ და არა იყო მაშინებელი.

13

ლომმან იტაცნა კმასაყოფელნი ლეკუთა მისთანი და დაუშთვნა ლეკუთა თჳსთა და აღავსო ნადირითა ბუდე თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი ნატაცებითა.

14

აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი, ყოვლისმპყრობელი - და შევწუა კუამლითა სიმრავლე შენი. და ლომნი შენნი დაჭამნეს მახჳლმან. და მოვასრულო ქუეყანისაგან ნადირი შენი და არღა ისმნენ მერმე საქმენი შენნი.

123