ლოცვანი
აპლიკაცია

კოლასელთა მიმართ, თავი 1

1

პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე -

2

კოლოსეში მყოფი წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისაგან.

3

დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას,

4

რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,

5

ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,

6

რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;

7

როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;

8

მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.

9

ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,

10

რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,

11

ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,

12

სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;

13

რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში,

14

ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;

15

ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,

16

რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.

17

ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.

18

ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,

19

რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება,

20

რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც.

21

და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი,

22

აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე,

23

მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.

24

ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.

25

ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, -

26

საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის,

27

რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,

28

რომელსაც ვქადაგებთ და შევაგონებთ ყველას, რათა მთელი სიბრძნით დავმოძღვროთ ყოველი კაცი და სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში;

29

რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.

1

პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ

2

კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ:

3

მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. ვჰმადლობ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მარადის თქუენთჳს ვილოცავთ.

4

გუესმა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი ქრისტე იესუჲს მიმართ და სიყუარული ყოველთა მიმართ წმიდათა

5

სასოებისა მისთჳს, განმზადებულისა თქუენთჳს ცათა შინა, რომელი-იგი წინაწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა,

6

რომელი-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის, ვინაჲ დღითგან გესმა და სცანთ მადლი იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით,

7

ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფრაჲსგან, საყუარელისა თანა-მონისა ჩუენისა, რომელ-იგი არს სარწმუნოჲ თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი,

8

რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა.

9

ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის-ყოფითა სულიერითა,

10

რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა,

11

ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა, ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა, სიხარულით,

12

ჰმადლობდით მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათაჲსა ნათელსა შინა,

13

რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა,

14

რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ,

15

რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ.

16

რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა.

17

და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა.

18

და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ;

19

რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად

20

და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა.

21

და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა,

22

ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა,

23

უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.

24

აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ,

25

რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა

26

საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა,

27

რომელთაჲ-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის, რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაჲ იგი დიდებისაჲ,

28

რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ, ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ.

29

რომლისათჳსცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა.

1234