ლოცვანი
აპლიკაცია

კოლასელთა მიმართ, თავი 3

1

თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.

2

ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.

3

რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.

4

როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით.

5

მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება.

6

მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე,

7

რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით.

8

ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.

9

ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,

10

და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,

11

სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.

12

მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.

13

შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.

14

ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.

15

დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.

16

დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

17

ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას.

18

ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.

19

ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ.

20

შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს.

21

მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.

22

მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.

23

ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.

24

იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით.

25

უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება.

1

უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე.

2

ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა.

3

რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა.

4

რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა.

5

მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ,

6

რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა,

7

რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხონდებოდეთ მათ შინა.

8

ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა.

9

ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ

10

და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა,

11

სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე.

12

შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ,

13

თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ.

14

და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ,

15

და მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ჴორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით.

16

და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა;

17

და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.

18

ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა.

19

ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათა მიმართ.

20

შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ.

21

მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ.

22

მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა.

23

და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა.

24

უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ.

25

ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალთ-ხუმა.

1234