ფილიპელთა მიმართ, თავი 4
ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო.
ვევედრები ევოდიას და სინტიქეს, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.
შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.
მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.
თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი.
ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.
და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.
და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.
რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან.
დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ.
იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს.
გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც.
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი.
თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან.
თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა.
იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.
ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.
ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.
ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.
მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.
ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნო და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დეგით უფლისა მიერ, საყუარელნო.
ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ;
ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა.
გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ.
სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს.
ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ,
და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ.
ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით.
რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.
ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ზრახევდით, ხოლო დაჰყუნდით.
და თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲსმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს: რომელთა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო.
ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ ვარ: განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად.
ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ.
გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა.
ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ.
რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ.
არა თუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა.
მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა.
ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ.
ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ. გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი.
გიკითხვენ თქუენ ყოველნი წმიდანი, უფროჲსღა სახლისა მის კეისრისანი.
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.