ლოცვანი
აპლიკაცია

გოდება იერემიასი, თავი 5

1

გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება.

2

ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები - გადამთიელმა.

3

ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;

4

ჩვენსავე წყალს ვერცხლის ფასად ვსვამთ, შეშას ვყიდულობთ;

5

კისრით მიგვათრევენ, ქანცი გაგვიწყდა, არა გვაქვს მოსვენება;

6

ეგვიპტეს ვუშვერთ ხელს, აშურს, რომ გავძღეთ პურით;

7

ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ სასჯელს ვიხდით;

8

მონები ხელმწიფობენ ჩვენზე, არა ჩანს მხსნელი მათი ხელიდან;

9

სიცოცხლის ფასად ვშოულობთ პურს, უდაბნოში მახვილის შიშით;

10

თონესავით გვიხურს კანი, შიმშილის ხვატისგან.

11

ქალებს ნამუსს ხდიან სიონში, ქალწულებს - იუდას ქალაქებში;

12

ხელებით ჰკიდებენ მთავრებს, შეურაცხყოფენ მოხუცებულთ;

13

მოყმენი დოლაბებს ეზიდებიან, ბიჭები ფორხილებენ შეშის ტვირთის ქვეშ;

14

მოხუცებულნი კარიბჭესთან აღარ სხდებიან, მოყმენი აღარ მღერიან;

15

შემწყდარია ჩვენი გულის სიხარული, გლოვად გადაიქცა ჩვენი ფერხულები;

16

თავზეით გვირგვინი მოგვეხადა; ვაი ჩვვნ, რადგან შევცოდეთ!

17

ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალისჩინი;

18

გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;

19

შენ კი საუკუნოდ მყოფობ, უფალო, შენი ტახტი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე!

20

სამუდამოდ რისთვის დაგვივიწყე, ასე ხანგრძლივად რისთვის მიგვატოვე?

21

შენკენ მოგვაქციე, უფალო, და მოვიქცევით; განგვიახლე დღეები, როგორც ძველად იყო!

22

ნუთუ საბოლოოდ შეგვიძულე და უსაზომოდ გაჯავრდი ჩვენზე?

1

მოიჴსენე, უფალო, რაჲ გუეყო ჩუენ. მოიხილე და იხილე ყუედრება ჩუენი.

2

სამკჳდრებელი ჩუენი გარდაიქცა სხუათად, სახლნი ჩუენნი უცხოთად.

3

ობოლ ვიქმნენით, ვითარცა არმქონებელნი მამასა. დედანი ჩუენნი ვითარცა ქურივნი.

4

წყალსა ჩუენსა ვეცხლითა ვსუემდით, დღეთაგან ჩუენთა შეშათა ჩუენთა საცვალებელითა

5

მოვიღებდით ქედსა ზედა, ვიდევნენით, დავშუერით, ვერ განვისუენეთ.

6

ეგჳპტემან მისცა ჴელი ასსურს განსაძღებელად პურითა.

7

მამათა ცოდეს, და არა არიან და ჩუენ უსჯულოებათა მათთა მოვიხუამთ.

8

მონანი გუეუფლნეს ჩუენ, დაჴსნა არა არს ჴელისაგან მათისა.

9

სულთა ჩუენთა შორის მოვიღოთ პური ჩუენი, პირისაგან მახჳლისა უდაბნოსაჲსა.

10

ტყავი ჩუენი, ვითარცა თორნე, დამრუმნა. შეიოჭა პირისაგან ნიავქარისა სიყმილისაჲსა.

11

დედანი სიონს შინა დაამდაბლნეს და ქალწულნი ქალაქთა შორის იუდაჲსათა.

12

მთავარნი ჴელებითა მათითა დამოეკიდნეს, პირნი მოხუცებულთანი არა ადიდნეს.

13

რჩეულნი წისქჳლთა შინა ფქჳდეს, და ჭაბუკნი ძელთა ზედა ჯუარს-ეცუნეს.

14

მოდევნებულნი ბჭისაგან დასცხრეს, და რჩეულნი ფსალმუნთა მათთაგან დაეცნეს.

15

დაირღუა სიხარული გულისა ჩვენისაჲ, გარდაიქცა გლოად მწყობრი ჩუენი.

16

იგლოვა გჳრგჳნმან თავისა ჩუენისამან. ვაჲ ჩუენ, რამეთუ ვცოდეთ.

17

ამისთჳს იქმნა სალმობიერ გული ჩუენი. ამისთჳს დაბნელდეს თუალნი ჩუენნი

18

მთასა ზედა სიონსა, რამეთუ უჩინო იქმნა, მელთა განვლეს მის შორის.

19

ხოლო შენ, უფალო, საუკუნომდე მკჳდრ ხარ. საყდარი შენი ნათესავად და ნათესავად.

20

რაჲსათჳს სრულიად დამივიწყენ ჩუენ? დაგჳტევებ ჩუენ სიგრძედ დღეთად.

21

მოგუაქციენ ჩუენ შენდა მომართ, უფალო, და მოვიქცეთ, და განაახლენ დღენი ჩუენნი, ვითარცა წინაწარ,

22

რამეთუ განმთხეველმან განმთხიენ ჩუენ, განჰრისხენ ჩუენ ზედა ვიდრე ფრიად.

12345