გოდება იერემიასი, თავი 3
მე ვარ კაცი, ტანჯვის მნახველი მისი რისხვის კვერთხის ქვეშ;
წამიძღვა და მივყავდი ბნელისკენ, არა ნათლისკენ;
მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი;
გამიცვითა მან ხორცი და კანი, შემიმუსრა ძვლები;
შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება;
ჩამსვა წყვდიადში საუკუნოდ მკვდარივით;
ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები;
კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები;
დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული;
გზებს გადამაგდინა და გამწეწა, ცარიელი დამტოვა;
მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა;
გულ-ღვიძლში გამიტარა თავისი კაპარჭის ამონასხლეტი;
ქვეყნის ხალხის სასაცილო შევიქენი, მათ სამღერელად მთელი დღისთვის;
სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა;
კბილები ჩამილეწა ხრეშით, მტვერში გამთელა;
მშვიდობა წაართვი ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა;
ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი;
გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი;
კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული;
ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;
არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;
განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი.
ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი;
კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;
კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში;
ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი;
მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი;
თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით;
არ გასწირავს საუკუნოდ უფალი;
კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით;
რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს,
როცა ფეხქვეშ თელავენ ქვეყნის პატიმრებს,
როცა სამართალს უმრუდებენ კაცს უზენაესის წინაშე,
როცა ჩაგრავენ ადამიანს მის სამართალში, განა ამას ვერ ხედავს უფალი?
ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა?
განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე?
გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ;
ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი:
ჩვენ შევცოდეთ და განვდექით, შენ არ გვაპატიე;
რისხვით მოიბურე და გვდევნი, გვხოცავ შეუბრალებლად;
ღრუბლით მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები;
ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხთა შორის;
ხახა დააღეს ჩვენს ჩასანთქმელად ჩვენმა მტრებმა;
შიში და საფრთხე გვხვდა წილად, ნგრევა და დაღუპვა;
ცრემლის ნაკადულები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო;
იღვრება ჩემი თვალი განუწყვეტლივ, არ არის შვება;
ვიდრე არ მოხედავს და არ იხილავს უფალი ციდან;
ჩემი თვალები სულს მიდარდიანებენ ჩემი ქალაქის ასულთა გამო;
მომინადირეს ჩემმა მტრებმა როგორც ჩიტი რამ, უმიზეზოდ;
ცოცხლად ჩამაგდეს ორმოში და ქვები დამაყარეს;
გადამფარა წყალმა, ვთქვი, დავიღუპე-მეთქი;
ვუხმე შენს სახელს, უფალო, ორმოს სიღრმიდან;
ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას;
შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის!
შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე!
შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სამართალი!
შენ დაინახე მათი შური ჩემს მიმართ, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ!
შენ გაიგონე მათი გინება, უფალო, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ!
ჩემს მომხდურთა ბაგეები და ფიქრები ჩემს წინააღმდეგ არის მთელი დღე;
სხედან თუ დგანან, შეხედე, მათი სამღერელი შევიქენი;
მიაგე მათ საზღაური, უფალო, მათ ხელთა საქმეთაებრ!
მოუვლინე მათ გულის სიბნელე, უფალო, და წყევლა შენი!
რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში!
ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა.
შემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა,
რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა.
ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა სრულიად.
აღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი.
რუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.
გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა ჩემისა.
და თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი.
და ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა.
დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული და ვითარცა ლომი ფარულსა შინა,
მდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად.
გარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ.
ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა,
ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე.
განმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა.
ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი.
და განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი.
და ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.
ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა ჩემისა და ნავღლისა ჩემისა.
ჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა.
ესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას.
ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი.
განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა.
ნაწილ ჩემდა უფალი, - თქუა სულმან ჩემმან, - ამისთჳს დაუთმობ მას.
ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი.
კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ.
კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე.
იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე.
მისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა.
მისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ,
ხაფ. რამეთუ არა საუკუნომდე განიშოროს უფალმან,
რამეთუ დამამდაბლებელმან შეიწყალოს სიმრავლისაებრ წყალობისა მისისა.
არა მიუგო გულით გამო თჳსით და დაამდაბლნა ძენი კაცთანი.
ლამედ. დამდაბლებად ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველთა კრულთა ქუეყანისათა,
განდრეკად მშჯავრსა კაცისასა წინაშე პირსა მაღლისასა,
დაშჯად კაცი სასჯელსა შინა თჳსსა, უფალმან არა იხილა.
მემ. ვინ ესრეთ თქუა და იქმნა? უფალმან არა ამცნო.
პირისაგან მაღლისა არა გამოვიდენ ძჳრნი და კეთილნი.
რად დრტჳნავს კაცი ცოცხალი და მამაკაცი ცოდვისათჳს მისისა.
ნონ. გამოძიებულ იქმნა გზაჲ ჩუენი და გაიკითხა და მოვიქცეთ უფლისა მიმართ.
აღვიხუნეთ გულნი ჩუენნი მაღლისა მიმართ ჴელთა ჩუენთა დამკჳდრებულისა ცასა შინა.
ჩუენ ვცოდეთ, და უსჯულო ვიქმნენით და შენ არა ლხინება-ჰყავ.
სამეხ. ზედდაგუფარენ, გულისწყრომითა წარმდევნენ ჩუენ, მომკლენ და არა გუერიდე.
ზედდაჰბურე ღრუბელი მტკიცე თავსა შენსა ლოცვისათჳს წუხვად ჩემდა და განგებად,
სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერსა,
ჳე. აღაღეს ჩუენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა,
შიში და დასულება შეგუემთხჳა ჩუენ, აფხურა და შემუსრვა.
გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა.
აინ. თუალთა ჩუენთა ეურვების და არა დასცხრენ. ნუ იყოფინ ქარვება,
ვიდრე არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით.
თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა უმეტეს ყოველთა ასულთა ქალაქისა ჩემისათა.
სადე. მომნადირებელთა მომინადირეს, ვითარცა სირი მედად, მტერთა ჩემთა.
მოაკუდინა მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი და ზედდადვა ლოდი ჩემ ზედა.
ზეშთაგარდაეცა წყალი თავსა ზედა ჩემსა, ვთქუ: განმაგდე მე.
კოფ. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმისაგან უქუეშისა.
ჴმისა ჩემისა გესმა. ნუ დაჰფარავ ყურთა შენთა ვედრებისამო ჩემისა და ღაღადებისა.
შეწევნად ჩემდა მოეახლა დღე, რომელსა გხადე შენ. მარქუ მე: ნუგეშინინ.
რეს. საჯენ, უფალო, სასჯელნი სულისა ჩუენისანი, იჴსენ ცხორება ჩემი.
იხილენ, უფალო, აღძრვანი ჩემნი, საჯე სასჯელი ჩემი.
იხილე ყოველი შურისძიებაჲ მათი და ყოველნი გულისზრახვანი მათნი ჩემ ზედა.
სინ. მესმა ყუედრება მათი, უფალო, ყოველნი გულისზრახვანი მათნი ძალად ჩემდა.
ბაგენი ზედაღდგომილნი ჩემნი და წურთანი მათნი ძჳნად ჩემდა დღე ყოველ,
დაჯდომასა მათსა ზედამოიხილე. მე ვიქმენ საჭრტინავ მათდა.
თავ. იხილე ამპარავანება სულთა მათთა და მიაგე მათ, უფალო, მისაგებელი, უფალო, მახე გულისა მათისაჲ,
საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიაგე მათ. შეწევნა გულისა ჩემისა რუდუნება მათდა.
შენ იგინი სდევნნე რისხვითა და მოასრულნე იგინი ქუეშე კერძო ცისა, უფალო.