ლოცვანი
აპლიკაცია

გოდება იერემიასი, თავი 4

1

როგორ დაიბინდა ოქრო, ფერი იცვალა ბაჯაღლომ; გაფანტულია საწმიდრის ქვები ყოველ გზაჯვარედინზე;

2

ოქროს სწორი, სიონის ძვირფასი ძენი, როგორ შეირაცხნენ მექოთნის ნაზელ თიხის ნამტვრევებად!

3

ტურებიც კი აწვდიან ძუძუს და აწოვებენ თავიანთ ლეკვებს; ჩემი ერის ასული კი გულქვა გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში.

4

მწოველის ენა სასას მიეკრა წყურვილისგან; ბავშვები პურს ითხოვენ, მაგრამ არ არის მიმწოდებელი.

5

ნუგბართა მჭამელნი ქუჩებში სულს ღაფავენ; ძოწეულში ნახვევნი ნაკელში ყრიან.

6

ჩემი ერის ასულის ბრალი აღემატა სოდომის ცოდვას, წამში რომ დაიქცა და ვერა ხელმა ვერ დაიხსნა.

7

მათი მთავრები თოვლზე სპეტაკები იყვნენ, რძეზე თეთრები, მათი ტანი ბადახშზე წითელი, მათი გამოხედვა - საფირონი.

8

ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე, ვერავინ იცნობს მათ ქუჩაში; ძვლებს ეკვრის მათი კანი, ხესავით არის გამომშრალი.

9

ხმლით გაწყვეტილნი უფრო ბედნიერნი არიან, ვიდრე შიმშილით გაწყვეტილნი, რომლებიც დაილივნენ მინდვრის საკვებს მოკლებულნი.

10

გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს.

11

გადმოსცალა უფალმა თავისი რისხვა, გადმოაფრქვია თავისი წყრომის ალი, ცეცხლი წაუკიდა სიონს და შეაჭმევინა მისი საძირკველნი.

12

არ სჯეროდათ ქვეყნის მეფეებს ან მკვიდრებს ამა სოფლისა, თუ მტერი და მომხდური შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში;

13

ეს მოხდა მის წინასწარმეტყველთა ცოდვების და მის მღვდელთა შეცოდებების გამო, მართალთა სისხლს რომ ღვრიდნენ მის წიაღში.

14

ქუჩებში დაძრწოდნენ, როგორც ბრმები, სისხლში გასვრილნი, და ვერაფერს ეკარებოდნენ სამოსელით.

15

შორს უწმიდურნო! უყვიროდნენ, შორს, შორს, არ მოგვეკაროო! ასე გარბოდნენ და დაწანწალებდნენ, ხალხში ამბობდნენ: მეტს აღარ ვაცხოვრებთო აქ.

16

თავად უფალმა გაფანტა ისინი, მეტად აღარ მოხედავს მათ; მღვდლებს პატივს არ სცემენ, მოხუცებულთ არ იბრალებენ.

17

და კიდევ: დაგვევსო თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში; სათვალთვალო კოშკიდან ვუმზერდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო.

18

ზვერავდნენ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს ქუჩებში რომ არ გვევლო. მოაწია ჩვენმა ბოლომ, გასრულდა ჩვენი დღეები, დადგა ჩვენი ბოლო.

19

ცის არწივთა უსწრაფესნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე გვედევნებოდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ.

20

სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა შორის.

21

იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო, ყველა ქვეყანაში მცხოვრებო! შენთანაც ჩამოივლის თასი: დაითვრები და გაშიშვლდები!

22

გათავდა შენი სასჯელი, სიონის ასულო; მეტს აღარ დაგტოვებს დევნილებაში. შენ კი მოგკითხავს დანაშაულს, ედომის ასულო, და გაამჟღავნებს შენს ცოდვებს.

1

ალეფ. ვითარ მრუმე იქმნას ოქროჲ, შეიცვალოს ვეცხლი კეთილი, განითხინეს ქვანი წმიდანი დასაბამთა ზედა ყოველთა გამოსავალთასა.

2

ბეთ. ძენი სიონისანი პატიოსანნი, აღმაღლებულნი ოქროჲთა, ვითარ შეირაცხნეს, ვითარცა ჭურჭელნი კეცისანი, საქმენი ჴელთა მეკეცისათანი.

3

გიმელ. და ვეშაპთაცა განძარცუნეს ძუძუნი, აწოეს ლეკუთა. ხოლო ასულნი ერისა ჩემისანი უკურნებელობად, ვითარცა სირი უდაბნოს შინა.

4

დალეთ. განექუა ენაჲ მწოარისაჲ სასისა მიმართ მისისა, წყურილითა ჩჩჳლთაჲთა იძიეს პური, და განმყოფელი მათი არა არს.

5

ჱე. მჭამელნი შუებათანი უჩინო იქმნეს. გამოსავალთა შორის განპოხებულთა ძოწეულთა ზედა გარემოიდვეს სკორე.

6

ოავ. და განდიდნა უშჯულოება ასულისა ერისა ჩემისაჲ უფროს უსჯულოებათა სოდომისათა დაქცეულისათა და დაქცევითა საუკუნოთა, ვითარ-იგი სწრაფაჲ, და არა ილმნეს მას ზედა ჴელნი.

7

ზაინ. წმიდა იქმნეს ნაზირეველნი მისნი, უფროს თოვლისა განბრწყინდეს, უმეტეს სძისა შეიყუნეს, უფროს ქვისა საფირონისა სახე მათი.

8

ეთ. დააშავნა უფროს ნახშირისა სახე მათი, არ საცნაურ იქმნეს გამოსავალთა შორის, და აექუა ტყავი მათი ძუალთა მათთა ზედა, განჴმეს, იქმნეს ვითარცა შეშაჲ.

9

ტეთ. კეთილ იყუნეს წყლულებანი მახჳლისანი, ვიდრე წყლულებანი სიყმილისანი. ვიდოდეს დაგუმერილნი ნაშრომთაგან ველთასა.

10

იოთ. ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი მათნი. იქმნეს საჭმელ მათდა შემუსრვასა შინა ასულისა ერისა ჩემისასა.

11

ხაფ. შეასრულა უფალმან გულისწყრომაჲ მისი. განჰფინა გულისწყრომაჲ რისხვისა მისისაჲ, და აღაგზნა ცეცხლი სიონს შინა, და შეჭამნა საფუძველნი მისნი.

12

ლამედ. არა ირწმუნეს მეფეთა ქუეყანისათა, ყოველთა დამკჳდრებულთა მკჳდროვნისათა, ვითარმედ შევალს მაჭირვებელი ბჭეთა მიერ იერუსალჱმისათა.

13

მემ. ცოდვათაგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲსა უსამართლოებათა მღდელთა მისთაჲსა, დამთხეველთა სისხლსა მართალსა შორის მისსა.

14

ნონ. შეიძრნეს მღჳძარენი მისნი გამოსავალთა შინა, შეიგინნეს სისხლითა ვერშეძლებითა მათგან შეხებასა სამოსელთა მათთასა.

15

სარეხ. განეშორენით არაწმიდათა, უწოდეთ მათ, განეშორენით, განეშორენით, ნუ ეხებით, რამეთუ აღეგზნნეს და შეიძრნესცა, _ თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ არღა შესძინონ მსხემობად.

16

აინ. მერმე ყოფასაღა ჩუენსა მოაკლდა თუალთა ჩუენთა შეწევნად ცუდად სტუანვითა ჩუენითა.

17

ჳე. პირი უფლისაჲ ნაწილ მათდა. არა შესძინოს ზედმოხილვად მათდა, პირსა მღდელისასა არ თუალ-ახუნეს, მოხუცებულნი არ შეიწყნარეს, ყრმათა მათ იმსტრობ, ნათესავსა ვერგანმარინებელსა.

18

სადე. მოვინადირენით მცირენი ჩუენნი. არასლვად უბანთა ზედა ჩუენთა, კუალნი ჩუენნი უჩინო იქმნნეს. მოეახლა ჟამი ჩუენი, აღესრულნეს დღენი ჩუენნი, წარმოდგა აღსასრული ჩუენი.

19

კოფ. სუბუქ იქმნეს მდევარნი ჩუენნი უფროს არწივთა ცისათა, მთათა ზედა აღეტყინნეს, უდაბნოს შინა გჳმზირდეს ჩუენ დღეთა.

20

რეს. სული პირისა ჩუენისაჲ ქრისტე უფალი შეპყრობილ იქმნა განხრწნილებათა შინა ჩუენთა, რომლისაჲ ვთქუთ, აჩრდილსა მისსა შორის ვცხონდებოდით წარმართთა შორის.

21

სენ. იხარებდ და იშუებდ, ასულო იდუმეასაო, დამკჳდრებულო ქუეყანასა უზისსა, და შენ მიერცა განვიდეს სასუმელი უფლისაჲ, ჰსუა შენ და დაითრო, და აწ აღმოსთხიო.

22

თავ. მოაკლდა უსჯულოება შენი, ასულო სიონისაო! არა შესძინო მერმე განსახლვად. ზედმოიხილა უსჯულოებათა შენთა, ასულო ედომისო! განაცხადა უთნოებათა შენთა ზედა.

12345