ლოცვანი
აპლიკაცია

ფილიპელთა მიმართ, თავი 3

1

სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის, თქვენთვის კი სიმხნევეა.

2

ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას,

3

რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.

4

თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე - მით უმეტეს:

5

მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი,

6

შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო,

7

მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;

8

და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,

9

და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;

10

რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს

11

და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.

12

იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო.

13

არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;

14

დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში.

15

ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც.

16

ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ.

17

მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში.

18

რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,

19

რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.

20

ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,

21

რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.

1

ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ! იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს.

2

ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან, ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა, ხედევდით განკუეთილებასა მას,

3

რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმრთისა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ და არა ჴორცთა ვესავთ,

4

და ღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ, უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ჴორცითა, მე - უფროჲსღა:

5

წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი,

6

შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო.

7

არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად.

8

არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუნისაჲთა, რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო.

9

და ვიპოო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგან, არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით,

10

ცნობად მისა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანა-ხატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა,

11

რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა.

12

არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ; ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ.

13

ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები,

14

და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ.

15

რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ.

16

გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ.

17

მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა.

18

რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალ-გზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა,

19

რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს, რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაჲ - სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ.

20

ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა,

21

რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი.

1234