ეკლესიასტე, თავი 4
კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი.
უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდიხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ.
და ორთავეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება.
ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.
ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს.
კიდევ და კიდევ განვიცადე ამაოება ამ მზისქვეშეთში.
არსებობს კაცი მარტოხელა, არ ჰყავს არავინ, არც ძმა, არც შვილი, ხოლო მის შრომას ბოლო არ უჩანს და ვერ გაძღება მისი თვალი დოვლათის ხილვით. ვისთვისღა ვშრომობ და სიამეს რისთვის ვიკლებდი? ამაოება არის ესეც და ფუჭი საქმე.
მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში.
თუ დაეცნენ, ერთი მაინც წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ ვაი, მარტომყოფს, თუ დაეცა ვინღა უშველის?
თუ ორნი დაწვნენ, გათბებიან; მარტომყოფს კი რაღა გაათბობს!
თუ ერთს დასძლევს ვინმე, ორი ხომ გაუმკლავდება. მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი.
ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის.
რადგან იგი საპყრობილიდანაც გამოვა მეფედ, თუნდაც თავის სამეფოში უპოვრად იშვას.
ვიხილე: ყოველ მკვიდრს მზისქვეშეთში ყმაწვილი ახლავს, ეს მისი სხვაა, მის ნაცვლად დადგება.
არ უჩანს დასასრული ხალხს, ვინც მათ უწინარეს იყო, და არც შემდგომნი მოინატრებენ მათ. რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
ფეხს ნუ აუჩქარებ ღვთის სახლისკენ მიმავალი; გაფრთხილდი, მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად არ შესწირო, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან.
და მოვაქციე მე და ვიხილენ ყოველნივე ცილისწამებანი, რომელნი იქმნებიან მზესა ქუეშე, და აჰა, ესერა, ცრემლნი ცილისშემწამებელთანი და არა ვინ არს მათდა ნუგეშინის-მცემელ ჴელისაგან ცილისშემწამებელისა ძალ
და ვაქენ მკუდარნი, რომელნი მომწყდარ არიან, უფროს ცხოველთასა, რომელნი ცხოველ არიან აქამომდე
და უმჯობეს ამათ ორთასავე, რომელი არღა იყოს, რომელმან არღა იხილა ქმნილი ესე ბოროტი, რომელნი იქმნებიან ცასა ქუეშე
და ვიხილე ყოველი შრომაჲ და ყოველი მჴნექმნილთაჲ, რამეთუ შური კაცისაჲ მოყუსისაგან თჳსისა. და ესეცა ამაო და ჴდომა სულისა
უგუნურმან მოისხნა ჴელნი მისნი და შეიჭამნა ჴორცნი მისნი
უმჯობეს არს მჭელი სავსე განსუენებითა უფროს სავსეთა ორთა მჭელთასა შრომით და ჴდომითა სულისაჲთა
და მოვიქეც მე და ვიხილე ამაოებაჲ მზესა ამას ქუეშე
არს ერთი და არა არს მეორე, და ძე და ძმაჲ არა არს მისი. და არა არს დასასრული ყოვლისა შრომისა. და თუალნი მისნი ვერ განძღებიან სიმდიდრითა, და ვისთჳსმე ვშურები და დავაკლებ სულსა ჩემსა კეთილისაგან? და ესეცა ამაო და მოტაცება ბოროტ არს
უმჯობეს არიან ორნი ერთისა, რომელ არს მათდა სასყიდელი, კეთილ არს შრომასა შინა მისსა
უკეთუ დაეცნენ, ერთმან აღადგინოს მოყუასი თჳსი. და ვაჲ ერთისა მის, უკეთუ დაეცეს და არა ვინ იყოს მეორე, რომელმან აღადგინოს იგი
და უკეთუ დაწვნენ ორნი, განტფენ იგინი და ერთი იგი ვითარმე განტფეს
და უკეთუ განძლიერდეს ერთი იგი, ორნი ესე დადგენ წინაშე მისსა, და საბელისმოდებული არა ადრე განსქდეს
უმჯობეს არს მონაჲ გლახაკი და ბრძენი უფროსღა მეფისა მოხუცებულისა და უგუნურისა, რომელმან არა ცნა კრძალულებაჲ
რამეთუ სახლისაგან საპყრობილისა გამოვიდეს მეფობად, და რამეთუ მეფობასა შინა მისსა იქმნა გლახაკ
ვიხილენ ყოველნივე ცხოველნი, რომელნი ვლენან მზესა ქუეშე ჭაბუკისა მის თანა მეორისა, რომელი დადგეს მის წილ
არა არს დასრულება ყოვლისა ერისა. ყოველთავე, რომელნი იყვნეს უწინარეს მათსა და უკანასკნელ არავე იხარებდენ მათ ზედა, რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა
დაიცევ ფერჴი შენი, ვიდრემდე ხუალ სახლსა შინა ღმრთისასა, რამეთუ მივახლე სმენად