ბარუქ წინასწარმეტყველი, თავი 4
განიძარცვე, იერუსალიმო, სამოსელი შენი გლოვისა და სიმძიმილისა და ღვთის დიდების მშვენება შეიმოსე საუკუნოდ.
მოისხი ორმაგი მოსახხამი ღვთისმიერი სიმართლისა და დაიდგი თავზე საუკუნო დიდების შარავანდი.
რადგან ღმერთი ყველას უჩვენებს შენს ბრწყინვალებას ცისქვეშეთში.
რადგან შენ ღვთის მიერ საუკუნოდ დაგერქმევა სახელი: მშვიდობა სიმართლისა და დიდება ღვთისნიერებისა.
აღდექ, იერუსალიმო, და შედექი მაღალზე, გახედე აღმოსავლეთს და იხილე შენი ვაჟები, წმიდის სიტყვით შეკრებილნი მზის დასავალიდან აღმოსავლამდე, რომ ღმერთმა გაიხსენა ისინი.
რადგან შენგან ფეხით გავიდნენ მტრების მიერ წაყვანილნი, მაგრამ შემოიყვანს მათ ღმერთი დიდებაში, როგორც სამეფო ტახტზე.
რადგან ყველა მაღალ მთასა და მარადიულ ბორცვს დამდაბლება უბრძანა უფალმა, ხევებს კი ამოვსება მიწის დასავაკებლად, რათა ისრაელმა უშიშრად იაროს ღვთის დიდებაში;
ხოლო ჭალებმა და ყოველმა კეთილსურნელოვანმა ხემ ისრაელს მოუჩრდილეს ღვთის ბრძანებით;
რადგან წარუძღვება ღმერთი ისრაელს სიხარულით თავისი დიდების ნათელში თავისი წყალობითა და სიმართლით.
განიძარცუე, იერუსალიმ, სამოსელი გლოვისა და ძჳრის-ხილვისა შენისა და შეიმოსე შვენიერება ღმრთისამიერისა დიდებისაჲ საუკუნოდ.
მოისხ ჩოტკეცი ღმრთისამიერისა სიმართლისა და ზედდადევ მიტრაჲ თავსა ზედა შენსა დიდებისა საუკუნოსაჲ,
რამეთუ ღმერთმან უჩუენოს ცისქუეშესა ყოველსა ბრწყინვალება შენი,
რამეთუ გეწოდოს სახელი შენი ღმრთისა მიერ უკუნისადმე, მშჳდობა სიმართლისა და დიდებაჲ ღმთისმსახურებისა.
აღდეგ, იერუსალჱმ, და დადეგ მაღალსა ზედა, და მიიხილე აღმოსავალთამი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი მზისა დასავალთაჲთგან ვიდრე აღმოსავალთამდე სიტყჳთა წმიდისაჲთა მოხარულნი ჴსენებითა ღმრთისათა.
რამეთუ განვიდეს შენგან მკჳრცხლნი წარქცეულნი მტერთაგან, ხოლო შემოიყვანნეს იგინი ღმერთმან შენდამო და ამაღლებულნი დიდებითა, ვითარცა საყდარი მეფობისაჲ.
რამეთუ უბრძანა ღმერთმან დამდაბლებად ყოველსა მთასა მაღალსა და ბორცუთა სამარადისოთა, და ჴევთა აღვსებად მოსავაკებლად ქუეყანისა, რაჲთა ვიდოდის ისრაჱლი უცთომელად დიდებითა ღმრთისათა.
ხოლო დააგრილეს მაღნართაცა და ყოველმან ხემან სულნელისამან ისრაჱლსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა,
რამეთუ უძღოდის ღმერთი ისრაჱლსა მხიარულებითა ნათლისა დიდებისა მისისათა მოწყალებისა თანა და სიმართლისა მისმიერისა.