ბარუქ წინასწარმეტყველი, თავი 1
ეს არის სიტყვები წიგნისა, რომელიც ბარუქმა, ძემ ნერეიასი, ძისა მაყასეიასი, ძისა ციდკიასი, ძისა ხასადიასი, ძისა ხილკიასი, დაწერა ბაბილონში
მეხუთე წელს, თვის მეშვიდე დღეს, იმ დროს, როცა ქალდეველებმა იერუსალიმი აიღეს და ცეცხლში დაწვეს.
წაიკითხა ბარუქმა ამ წიგნის სიტყვები იექონიას, იუდას მეფის იეჰოაკიმის ძის, გასაგონად, და მთელი ხალხის გასაგონად, რომელიც მოვიდა წიგნის მოსასმენად.
ძალმოსილთა, უფლისწულთა, უხუცესთა გასაგონად და მთელი ხალხის, პატარიდან დიდამდე, ყველას გასაგონად, ვინც კი ბაბილონში, მდინარე სუდის ნაპირას ცხოვრობს.
ტიროდნენ, მარხულობდნენ და ლოცულობდნენ ღვთის წინაშე;
შეკრიბეს ვერცხლი, ვის რამდენი შეეძლო,
და გაუგზავნეს იერუსალიმში იეჰოაკიმს, ძეს ხილკიასი, ძისა შალუმისა, მღვდელმთავარს, მღვდლებს და მთელ ხალხს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა იერუსალიმში.
მიიღო ბარუქმა ტაძრიდან გამოტანილი უფლის სახლის ჭურჭელი იუდას ქვეყანაში დასაბრუნებლად სივანის მეათე დღეს, ჭურჭელი ვერცხლისა, რომელიც გააკეთა ციდკიამ, იუდას მეფის, იოშიას ძემ,
მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადაასახლა იექონია, მთავრები და ტყვეები, ძალმოსილნი და ქვეყნის ერი იერუსალიმიდან და ბაბილონში წაიყვანა.
თქვეს: აჰა, გიგზავნით ვერცხლს და იყიდეთ ვერცხლით საკლავი აღსავლენისთვის და ცოდვებისთვის, და საკმეველი, გაამზადეთ საძღვნო შესაწირავი და მიიტანეთ ჩვენი უფლის სამსხვერპლოზე.
ილოცეთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის სიცოცხლისათვის და ბალთასარისა, მისი ძის სიცოცხლისათვის, რათა იყოს მათი დღეები, როგორც ცის დღეები დედამიწაზე;
და უფალი მოგვცემს ჩვენ ძალას და გაგვინათლებს თვალებს და ვიცხოვრებთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ჩრდილქვეშ და ბალთასარის, მისი ძის ჩრდილქვეშ და დავემორჩილებით მათ მრავალ დღეს და ვპოვებთ სიხარულს მათ წინაშე.
ილოცეთ ჩვენთვისაც უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს და დღემდე არ უკუქცეულა უფლის გულისწყრომა და მისი რისხვა ჩვენგან.
წაიკითხეთ ეს წიგნი, რომელსაც გიგზავნით უფლის სახლში გამოსაცხადებლად დღესასწაულის დღეს და დაწესებულ დღეებში.
თქვით: უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ კი პირზე სირცხვილი გვაქვს, როგორც დღეს იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრებს,
ჩვენს მეფეებს და ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს და ჩვენს წინასწარმეტყველებს, და ჩვენს მამა-პაპას,
რადგან შევცოდეთ უფლის წინაშე
და არ დავემორჩილეთ მას და არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის ხმა, რომ გვევლო უფლის მცნებებით, რომლებიც გამოაცხადა ჩვენს წინაშე.
იმ დღიდან, როცა უფალმა ჩვენი მამა-პაპა გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, ამ დღემდე ურჩნი ვიყავით უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე და არ გვაწუხებდა, რომ არ ვისმენდით მის ხმას.
აგვეწება ჩვენ, ისევე როგორც დღეს, უბედურებანი და წყევლა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს, თავის მორჩილს, იმ დღეს, როცა გამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნადან, რათა მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის, ხმა იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებში, რომელნიც ჩვენთან გამოგზავნა.
დავდიოდით თითოეული საკუთარი უკეთური გულის კარნახით უცხო ღმერთების სამსახურში და ბოროტებას ჩავდიოდით უფლის, ჩვენი ღვთის თვალში.
და ესე სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწერნა ბარუქ, ძემან ნირისმან, ძისა მაასესმან, ძისა სედეკიასმან, ძისა სადისმან, ძისა ქელკისმან, ბაბილონს შინა.
წელსა მეხუთესა, შჳდსა თჳსასა, ჟამსა, რომელსა წარიღეს ქალდეველთა იერუსალჱმი და მოწუეს იგი ცეცხლითა.
და წარიკითხნა ბარუქმან სიტყუანი წიგნისანი ყურთა მიმართ იექონიაჲსთა, ძისა იოაკიმისთა, მეფისა იუდაჲსთა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა, რომელნი მოვიდოდეს მის წიგნისა,
და ყურთა ძლიერთა და ძეთა მეფეთასა, და ყურთა მიმართ მოხუცებულთასა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა კნინითგან ვიდრე დიდადმდე მათდა, ყოველთა დამკჳდრებულთა ბაბილონს შინა, მდინარესა ზედა სუდსა.
და რომელთა ესმათ, ტიროდეს და იმარხვიდეს და ილოცვიდეს ლოცვათა წინაშე უფლისა.
და შეკრიბეს ვეცხლი, ვითარცა თჳთეულისაჲ შემძლებელ იყო ჴელი.
და წარგზავნეს იერუსალჱმდ იოაკიმის მიმართ, ძისა ქელკისსა, ძისა სალომისა, მღდელისა და მღდელთა მიმართ, და ყოვლისა ერისა მიმართ, პოვნილთა მათ თანა იერუსალჱმს შინა,
მოღებასა მისსა ჭურჭელთა სახლისა უფლისათა, გამოხმულთა ტაძრისაგან, მიქცევად ქუეყანად იუდაჲსასა მეათესა სიუაჲსასა ჭურჭელნი ვერცხლისანი, რომელნი შექმნნა სედეკია, ძემან იოსიასმან, მეფისა იუდაჲსამან.
შემდგომად წარტყუენვისა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა, იექონიაჲსსა და მთავართა და შემწირველთა და ჴელოანთა და ძლიერთა და ერისა ქუეყანისაჲსა იერუსალჱმით და შეყვანებისა მათისა ბაბილონდ
და თქუეს: აჰა, წარმოვგზავნეთ თქუენდა ვეცხლი და იყიდენით ვერცხლითა ყოვლადდასაწუელნი და ცოდვათა ძლითნი და გუნდრუკი, და ყავთ მანანაჲ, და აღიღეთ საკურთხეველსა ზედა უფლისა ღმრთისა ჩვენისასა.
და ილოცეთ ცხორებისათჳს ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, და ცხორებისათჳს ვალტაშარ, ძისა მისისა, რაჲთა იყვნენ დღენი მათნი, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.
და გუცეს უფალმან ძალი ჩუენ, და განგჳნათლნეს თუალნი ჩუენნი, და ცოცხალ ვიყვნეთ აჩრდილსა ქუეშე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისასა და აჩრდილთა ქუეშე ვალტასარ, ძისა მისისა. და ვჰმონოთ მათ დღეთა მრავალთა და ვპოოთ მადლი წინაშე მათსა.
და ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა და არ უკუნიქცა გულისწყრომა უფლისაჲ და რისხვა მისი ჩვენგან, ვიდრე დღისამდე ამის.
და წარიკითხეთ წიგნი ესე, რომელი წარმოვგზავნეთ თქუენდა აღსარებად სახლსა შინა უფლისასა დღეთა შინა დღესასწაულისა და დღეთა შინა ჟამისათა.
და ჰრქუათ უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ სირცხჳლი პირთაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცსა იუდაჲსასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა,
და მეფეთა ჩუენთა და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და წინაწარმეტყუელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა წინაშე უფლისა,
რომელ ვცოდენით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, და არა ვირწმუნეთ და განვეშორენით მისგან.
და ვეურჩენით მას და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად ბრძანებათა მისთა, რომელნი მოგუცნა წინაშე პირსა ჩუენსა.
დღითგან, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი, ქუეყანით ეგჳპტისა და ვიდრე დღისამდე ამის ვართ ურჩ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, და ვმგულებლობდით არსმენისა მიმართ ჴმისა მისისა.
და აღგუეწებნეს ჩუენდამი ძჳრნი და წყევაჲ, რომელი შეუწყო უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, დღესა შინა, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი ეგჳპტით, მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ, მდინარი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღე ესე.
და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა ყოველთაებრ სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი მოავლინნა ჩუენდამო.
და ვიდოდეთ თითოეული გაგონებისაებრ გულისა თჳსისა უკეთურისა საქმედ ღმერთთა უცხოთა, ქმნად ბოროტთა წინაშე თუალთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა.