ბარუქ წინასწარმეტყველი, თავი 3
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო, ისრაელისა, სული შევიწროებული და სული შეწუხებული შემოგღაღადებს შენ.
შეისმინე, უფალო, და შეგვიწყალე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე,
რადგან შენ საუკუნოდ დამკვიდრებული ხარ, ჩვენ კი - საუკუნოდ დაკარგულები.
უფალო, ყოვლისამპყრობელო, ღმერთო ისრაელისა, შეისმინე ვედრება ისრაელის მკვიდრებისა და მათი შვილებისა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე, რომელთაც არ შეისმინეს ხმა უფლისა, მათის ღვთისა, და აგვეწება ჩვენ უბედურებანი.
ნუ გაიხსენებ ჩვენი მამა-პაპის უსამართლობებს, არამედ გაიხსენე შენი ხელი და შენი სახელი ამ ჟამს,
რადგან შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და გადიდებთ შენ, უფალო.
რადგან მოგვეცი შენი შიში ჩვენს გულებში, რომ მოვუხმოთ შენს სახელს და გადიდოთ შენ ჩვენს გადასახლებაში, რადგან განვდევნეთ ჩვენი გულებიდან ყველა ჩვენი მამა-პაპის უსამართლობა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე.
აჰა, დღეს ჩვენს გადასახლებაში ვართ, სადაც გაგვფანტე ჩვენს შესაგინებლად და შესაჩვენებლად, და დასასჯელად ყველა უსამართლობის გამო ჩვენი მამა-პაპისა, რომელნიც განუდგნენ უფალს, ჩვენს ღმერთს.
ისმინე, ისრაელ, მცნებანი ცხოვრებისა, ყურად იღე ჩასაწვდომად სიბრძნისა.
რა არის ეს, ისრაელ, რომ მტრის მიწაზე ხარ, რომ დაბერდი უცხო მიწაზე.
წაიბილწე მკვდრებთან ერთად, შეირაცხე ჯოჯოხეთში მყოფთა შორის?
შენ დატოვე წყარო სიბრძნისა.
ღვთის გზით რომ გევლო, მშვიდობით დამკვიდრდებოდი საუკუნოდ.
ისწავლე, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, სად არის გაგება, რათა ამასთან ერთად შეიცნო, სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად არის სინათლე თვალთა და მშვიდობა.
ვინ იპოვა მისი ადგილი და ვინ შევიდა მის საუნჯეში?
სად არიან ხალხთა მთავარნი და დედამიწის ცხოველთა მეუფენი,
ისინი, რომელნიც ზეცის ფრინველებით იქცევდნენ თავს, მომხვეჭელნი ოქრო-ვერცხლისა, რომელთა იმედი აქვს ხალხს და რომელთა ხვეჭას ბოლო არ უჩანს;
ან ისინი, ვერცხლს რომ ამუშავებდნენ და ერთ ზრუნვაში იყვნენ, რომელთა ნახელავი აღარსად ჩანს?
გაქრნენ და ჯოჯოხეთში ჩავიდნენ და სხვანი გამოჩდნენ მათ სანაცვლოდ.
ახალგაზრდებმა იხილეს ნათელი და დამკვიდრდნენ მიწაზე, მაგრამ ცოდნის გზა ვერ ისწავლეს;
ვერც მისი ბილიკები გაიგნეს და ვერც მას ჩასწვდნენ; მათი შვილები შორს იყვნენ მისი გზისგან.
არც ქანაანში გაისმა იგი და არც თემანში გამოჩნდა;
ვერც აგარის შვილებმა, რომელნიც მიწიერ ცოდნას ეძიებდნენ, ვერც მერანისა და თემანის ვაჭრებმა, ვერც მთხრობელებმა და ვერც ცოდნის მძებნელებმა ვერ გაიგნეს სიბრძნის გზა და ვერ გაიხსენეს მისი ბილიკები.
ო, ისრაელ, რა დიდია ღვთის სახლი და რა ვრცელია მისი სამფლობელო!
დიდია იგი და არა აქვს დასასრული, მაღალია და განუსაზღვრელი.
იქ იშვნენ ბუმბერაზები, რომლებიც სახელოვანნი იყვნენ დასაბამიდან, ტანმაღალნი, მცოდნენი ომისა.
მაგრამ ისინი არ გამოურჩევია ღმერთს და არც ცოდნის გზა მიუცია მათთვის;
დაიღუპნენ, რადგან არ ჰქონდათ სიბრძნე, დაიღუპნენ თავიანთი უგუნურებით.
ვინ ავიდა ზეცად, ვინ აიღო სიბრძნე და ჩამოიტანა ღრუბლებიდან?
ვინ გავიდა ზღვის გაღმა და მოიპოვა, და წამოიღო იგი, რჩეულ ოქროზე უმჯობესი?
არავინაა შემმეცნებელი მისი გზისა და არც გულისხმისმყოფელი მისი ბილიკისა,
მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გონებით მოიპოვა მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით,
ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; მოუწოდა მას და ისიც დაემორჩილა მას თრთოლვით;
ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს;
მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს თავიანთ შემოქმედს.
ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე.
მან იპიავა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა.
შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის.
უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, სულმან სულთქმათაშინამან და სულმან მოწყინებისამან ღაღად-ყო შენდამი.
ისმინე, უფალო, და შეიწყალე, რამეთუ ღმერთი მოწყალე ხარ და შეგჳწყალენ, რამეთუ ვცოდეთ წინაშე შენსა.
რამეთუ შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ, და ჩუენ წარწყმედილნი საუკუნოდ.
უფალო, მიერთისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, ისმინე მომკუდართა ისრაილისათა ლოცვისაჲ და ძეთა შეცოდებულთაჲსაჲ წინაშე შენსა, რომელთა არა ისმინეს ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და აღგუეწებნეს ჩუენ ძჳრნი.
ნუ მოიჴსენებ უსამართლოობათა მამათა ჩუენთასა, არამედ მოიჴსენე ჴელისა შენისა და სახელისა შენისა ჟამსა ამას შინა,
რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და გაქებთ შენ, უფალო,
რამეთუ ამისთჳს მოეც შიში შენი გულთა ზედა ჩუენთა, ხადად სახელისა შენისა და გაქებთ შენ განსახლულობასა შინა ჩვენსა, რამეთუ გარემივაქციეთ გულისაგან ჩუენისა ყოველი უსამართლოებაჲ მამათა ჩუენთა მცოდველთაჲ წინაშე შენსა.
აჰა, ჩუენ დღეს განსახლულობასა შინა ჩუენსა, სადა განვითესენით, მუნ დღესა ამას საყუედრელად და საწყევარად და სათანამდებოდ ყოველთათჳს უსამართლოებათა მამათა ჩუენთასა, რომელნი განდგეს შენგან, უფალო ღმერთო ჩვენო.
ისმინენ, ისრაილ, მცნებანი ცხოვრებისანი, ყურად-იღეთ ცნობად გონიერებისა.
რაჲ არს ისრაილ! რად, რამეთუ ქუეყანასა მტერთასა ხარ?
განჰკფდი ქუეყანასა შინა უცხოსა? თან შეიბილწე, მკუდართა თანა შეირაცხე ჯოჯოხეთისათა შორის.
დაუტევე წყაროჲ სიბრძნისაჲ.
გზასა თუმცა ღმრთისასა სრულ იყავ, და-მცა-მკჳდრებულ იყავ მშჳდობით საუკუნესა ჟამსა.
ისწავე, სადა არს ცნობა, სადა არს ძალი, სადა არს გულისჴმის-ყოფაჲ, სადა გაგონება ერთბამად, სადა გრძელ საწუთოობა და ცხოვრება, სადა არს ნათელი თვალთა და მშჳდობა?
ვინ პოვა ადგილი მისი და ვინ შევიდა საუნჯეთა მიმართ მისთა,
სადა არიან მთავარნი წარმართთანი, დაუფლებულნი მჴეცთა ზედა ქუეყანისათა,
მფრინველთა შორის ცისათა მომღერალნი.
და ვეცხლისა მეუნჯენი და ოქროჲსანი, რომელსა ესვიდეს კაცნი, და არა არს დასასრული მოგებისა მათისა, ვეცხლისა მქანდაკებელნი და მზრუნველნი, და არა არს მოპოვნება საქმეთა მათთა,
უჩინო ქმნეს და ჯოჯოხეთად შთაჴდეს და სხუანი აღდგეს ნაცულად მათდა.
უჭაბუკესთა იხილეს ნათელი და დაემკჳდრნეს ქუეყანასა ზედა, ხოლო გზაჲ ზედმიწევნულობისაჲ არა ცნეს,
არცა გულისჴმა-ყუნეს ალაგნი მისნი, არცა შეეწინეს მას ძენი მათნი, გზისა მისისაგან შორს იქმნეს.
არცა ისმა ქანაანს შინა, არცა გამოჩნდა თემანს შინა.
და ძეთა აგარისთა, გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისა ქუეყანასა ზედა, ვაჭართა მერრანისა და თემანისა, და ზღაპარსიტყუადთა, და გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისათა, ხოლო გზაჲ სიბრძნისა არა ცნეს, არცა მოიჴსენეს ალაგთა მისთაჲ.
ჵ, ისრაჱლ, ვითარ დიდ არს სახლი ღმრთისაჲ და კეთილგრძელ ადგილი შენებულებისა მისისა!
დიდ არს და არა არს დასრულება მაღალ და უსაზომო.
მუნ იშუნეს გმირნი სახელოვანნი, დასაბამითგან ქმნილნი კეთილ, დიდად მეცნიერნი მბრძოლობად.
არა ესენი გამოირჩინა ღმერთმან, არცა გზა ზედმიწევნილობისა მისცა მათ.
და წარწყმდეს არქონებისგან ცნობისა, წარწყმდეს განუზრახველობისათჳს მათისა.
ვინ აღვიდა ცად და დაიპყრა იგი და შთამოიღო იგი ღრუბელთაგან?
ვინ განვიდა წიაღ ზღჳსა და პოვა იგი, და მოიღო იგი ოქროჲთა რჩეულითა?
არა არს მცნებელი გზისა მისისა, არცა გულად მომღები ალაგისა მისისა,
არამედ მეცნიერმან ყოვლისამან იცის იგი. მოიღო იგი გულისხმისყოფითა თჳსითა, რომელმან დაჰმზადა ქუეყანაჲ საუკუნესა ჟამსა, აღავსო იგი საცხოვარებითა ოთხფერჴებითა
გამომავლენელმან ნათლისამან და ვიდოდეს. უწოდა მას და ერჩდა მას ძრწოლით,
ხოლო ვარსკულავნი განბრწყინდეს საჴმილავთა მისთა ზედა და იშუებდეს.
და უწოდა მათ, და ჰრქუეს: იქა ვართ. და უნათობდეს სიხარულით შემოქმედსა მათსა.
ესე არს ღმერთი, არ შეირაცხოს სხუაჲ მის თანა.
მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ.
ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა.