ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე ეზრა, თავი 9

1

წამოდგა ეზრა ტაძრის ეზოდან და გაემართა იოხანან ელიაშიბის ძის შრამელისკენ.

2

იქ მყოფს არც პური უჭამია და არც წყალი უსვამს, გოდებდა ერის დიდი ურჯულოების გამო.

3

უხმობდა ქადაგი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყველას, ტყვეობიდან - გამოსულს, შეკრებილიყვნენ იერუსალიმში.

4

რომელნიც არ მოვიდოდნენ ორი ან სამი დღის განმავლობაში, უხუცესთა წინამძღოლების მსჯავრით წაერთმეოდათ ქონება და თავად გაძევებულ იქნებოდნენ ტყვეყოფილთა კრებულისგან.

5

შეიკრიბნენ იერუსალიმში ყველანი, იუდას და ბენიამინის ტომიდან, სამ დღეში (ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს).

6

იჯდა მთელი ერი ტაძრის ეზოში და ცახცახებდა დამდგარი ზამთრის გამო.

7

წამოდგა ეზრა და მიმართა მათ: თქვენ დაარღვიეთ რჯული და შეეუღლეთ უცხოელ დედაკაცებს, მიუსართეთ რა ცოდვა ისრაელს.

8

ახლა უთხარით აღსარება და დიდება უფალს, ჩვენი მამა-პაპის ღმერთს;

9

აღასრულეთ მისი ნება და განეშორეთ ქვეყნის ხალხებს და უცხო თესლთა ცოლებს.

10

ხმა აღმოხდა მთელს ერს და შეჰღაღადა დიდი ხმით: როგორც შენ სთქვი, ისე აღვასრულებთ.

11

მაგრამ ხალხმრავლობაა და ზამთრის ჟამია, არ ძალგვიძს დგომა ცის ქვეშ. ვფიქრობთ, ერთი დღის და ორი დღის საქმე არ არის ეს, რადგან ბევრზე ბევრი ცოდვა გვაქვს ჩადენილი ამ საქმეში.

12

დადგენილ იქნან ერის წინამძღოლნი; და ყველა ვინც ჩვენთან მკვიდრობს, და რომელთაც უცხოტომის ცოლი ჰყავს, გამოცხადდეს, როცა დრო ჰპოვოს,

13

თითოეული ადგილის უხუცესისა და მსაჯულის თანხლებით, ვიდრე არ დაცხრება ჩვენზე უფლის რისხვა ამ საქმეების გამო.

14

იონათანმა, ყასაელის ძემ, და იახზეიამ, თიკვას ძემ, თავს იდვეს ყოველივე, ხოლო მეშულამი და შაბთაი - ლევიანები განიკითხავდნენ მათთან ერთად.

15

შეასრულეს ყოველივე ამის მიხედვით ტყვეობიდან გამოსულებმა.

16

გამოირჩია თავისთვის ეზრა მღვდელმა მამისსახლთა წინამძღვარნი, ყველანი სახელდებით, და დასხდნენ ერთად მეათე თვის ახალ მთვარვზე, საქმის გამოსაძიებლად.

17

დასრულდა იმ კაცთა საქმის გამოძიება, რომლებსაც ჰყავდათ ცოლებად უცხოტომისანნი, პირველი თვის ახალმთვარობისთვის, და

18

აღმოჩნდა, რომ შეკრებილ მღვდელთაგან უცხოთესლის ცოლები ჰყავდათ:

19

იესოს ძეთაგან, ძისა იოცადაკისა და მის ძმათაგან - მაყასეიას, ელყაზარს, იარიბს და გედალიას.

20

დასდვეს ხელნი, რომ განეშორებოდნენ თადიანთ ცოლებს, და მოიყვანეს ვაცები თავიანთი შეცოდების საპატიებლად.

21

იმერის ძეთაგან ხანანი, ზებადია, მაყასეია, შემაყია, იენიელი და ყაზარია.

22

ფაშხურის ძეთაგან ელიოყენაი, მაყასეია, იშმაყელი, ნეთანიელი, იოზაბადი და ელყასა;

23

ლევიანთაგან იოზაბადი, შიმყი, კელაია (იგივე კელიტა), ფეთახია, იუდა და იოხანანი.

24

მგალობელთაგან ელიაშიბი და ბაკქური;

25

მეკარეთაგან შალუმი და ტელემი.

26

ისრაელისგან, ფარყოშის ძეთაგან რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელყაზარი, ხაშაბია და ბენაია;

27

ყელამის ძეთაგან მათანიასი, ზაქარია, ყაზრიელი, აბდია, იერემოთი და ელია;

28

ზამოთის ძეთაგან ელიადაყი, ელიაშიბი, მათონია, იერემოთი, ზაბადი და ზერდაია;

29

ბებაის ძეთაგან იოხანანი, ხანანია, ზაბდი და ყათლაი;

30

მანის ძეთაგან ყოლამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და იერამოთი;

31

ყიდოს ძეთაგან ნაათოსი და მაყასეია, ლაკკუნოსი და ნაიდოსი, ბესკასფასმისი, სესთელი, ბინუი და მენაშე;

32

ნანანის ძეთაგან ელიოყენაი, ყასაია, მალქია, შესიმეონ ქოსამელი;

33

ხაშუმის ძეთაგან მათნაი, მათათა, ზაბადი, ელიფელაცი, მენაშე და შიმყი;

34

ბანის ძეთაგან იერემია, მაყადაი, მაერი, იოელი, მამდაი, ფედია, ანოსი, კარაბასიონი, ელიაშიბი, მამნითანაი, ელიაშიბი, ბანუი, ელიალისი, შიმყი, შელემია, ნეთანია; ეზორას ძეთაგან შეშაი, ყაზარიელი, ყაზრაელი, სამატოსი, ზაბდი, იოსები;

35

ნაყმანის ძეთაგან მაზითა, ზაბადი, იდო, იოელი, ბენაია.

36

ყველა ესენი ცხოვრობდნენ უცხოთესლის ცოლებთან და გაუშვეს ისინი ბავშვებთან ერთად.

37

დაემკვიდრნენ მღვდლები, ლევიანები და ისრავლისაგანნი იერუსალიმში და სოფლად, მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე, როცა ისრაელიანები თავიანთ სამკვიდრებში იმყოფებოდნენ.

38

შეიკრიბა მთელი ერი ერთსულოვნად ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, გაშლილ ადგილას,

39

და სთხოვეს ეზრას, მღვდელმთავარსა და მკითხველს, გამოეტანა მოსეს რჯული, მოცემული ისრაელის უფლის მიერ.

40

გამოუტანა ეზრა მღვდელმთავრმა რჯული მთელს ერს - კაციდან ქალამდე და ყველა მღვდელს, რათა მოესმინათ რჯული მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე.

41

კითხულობდა ტაძრის კარიბჭესთან გაშლილ ადგილას ცისკრიდან შუადღემდე კაცთა და ქალთა წინაშე, და მთელს ერს გონება ჰქონდა მიპყრობილი რჯულისათვის.

42

აღიმართა ეზრა, მღვდელი და რჯულის მკითხველი, გამზადებულ ხის კვარცხლბეკზე.

43

მხარმარჯვნივ ედგნენ მათათა, შამუაყი, ხანანი, ყაზარია, ურია, ხიზკია და ბაალსამოსი,

44

ხოლო ხელმარცხნივ ფედაია, მიქაელი, მალქია, ლოთასუბი, ნაბარია და ზაქარია.

45

აიღო ეზრამ რჯულის წიგნი ერის წინაშე და დაჯდა დიდებით ყველას წინაშე.

46

და ვიდრე იგი რჯულს განმარტავდა, ყველა წელგამართული იდგა, და აკურთხა ეზრამ უფალი, მაღალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი, ყოვლისმპყრობელი.

47

და შეჰღაღადა მთელმა ერმა: ამენ! აღაპყრო ხელები, დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა უფალს.

48

იესო, ანიუთი, შარაბია, იადინა, ყაკუბი, შაბათაი, ჰოდია, მაყასეია და კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანია და ფალია - ლევიანები ასწავლიდნენ საღვთო რჯულს და ერის წინაშე კითხულობდნენ უფლის კანონს და უხსნიდნენ კითხვასთან ერთად.

49

უთხრა განმგებელმა ეზრას, მღვდელმთავარს და მკითხველს, და ლევიანებს, რომლებიც მოძღვრავდნენ ერს, ყველას:

50

ეს დღე წმიდაა უფლისათვის! ყველა ტიროდა, როცა უსმენდა რჯულს.

51

ახლა წადით და ჭამეთ გემრიელი და სვით ტკბილი, მიეცით წყალობა უპოვართ,

52

რადგან წმიდაა ეს დღე უფლისათვის, და ნუ იმწუხრებთ; რადგან უფალი განგადიდებთ თქვენ.

53

ლევიანებიც შთააგონებდნენ მთელ ხალხს და მოუწოდებდნენ: წმიდაა ეს დღე და ნუ იმწუხრებთ.

54

წავიდა ყველა, რათა ეჭამათ და ესვათ, ემხიარულათ და გაეცათ წყალობა უპოვართათვის, და ილხენდნენ დიდად,

55

რადგან განმსჭვალულნი იყვნენ იმ სიტყვებით, რომლებითაც განისწავლნენ. და შეერთდნენ.

1

და აღდგა ეზრა ეზოსა მისგან ტაძრისა უფლისა და მივიდა სახლსა იოანესასა და ელისაბენისასა.

2

და მუნ დაადგრა და პური არა ჭამა და წყალი არა სვა და გოდებდა ზედა უსჯულოებათა დიდ-დიდთა ცოდვათა სიმრავლისასა.

3

და ქადაგი ჴმობდა ყოველსა ურიასტანსა და იერუსალჱმსა, ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, და მოვიდეს და მოკრბეს იერუსალჱმს.

4

შემდგომად ორისა და სამისა დისა, რომელნი-იგი ვერ მიეწიფნეს მუნ განსჯილნი წინამძღუართა მათგან და მოხუცებულთა, და იავარ-ყვეს მონაგები მათი, და იგინი უცხო ქმნილნი გარეგანჴდეს სიმრავლესა ერისა მის წარტყუენულისასა.

5

და შეკრბეს ყოველნი, რომელნი იყუნეს ნათესავისა მისგან იუდასნი და ბენიამენისნი ვიდრე მესამედ დღედმდე იერუსალჱმდ თთუესა მას მეცხრესა ოცსა მის თთჳსასა.

6

და დასხდეს მის თანა ყოველი იგი სიმრავლე სივრცესა მის ეზოსა სახლისა უფლისასა და განბრწყინვებულნი ძრწოდეს სიფიცხისა მისგან ზამთრისასა.

7

და აღდგა ეზრა და თქუა: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასურთაგან უცხოთესლთასა და შესძინეთ უსჯულოებასა და ცოდვასა ზედა ისრაჱლსა.

8

და აწ მიეცით აღსარება და დიდებაჲ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა.

9

და ყავთ ნება მისი და განეყენენით ყოველთა წარმართთა ქუეყანისათა და ცოლთა მათგან უცხოთესლთასა, რომელნი-იგი ისხენით.

10

და ერთბამად ყოველი იგი სიმრავლე ღაღადებდა დიდითა ჴმითა და იტყოდა: ეგრეთვე ვყოთ, ვითარცა-ესე სთქუ,

11

რამეთუ ჟამი ესე ზამთარი არს, და ჩუენ მრავალ ვართ ფრიად და ვერ შეუძლოთ ესრეთ დათმენად ზამთრისა ამის იწროებასა, და საქმე ესე არა თუ ერთი დღე არს, ანუ ორი, რამეთუ ფრიად შევსცოდეთ ჩუენ საქმითა ამით.

12

აწ დადგედ მთავარნი და წინამძღუარნი ზედა სიმრავლესა ყოველსავე, რომლისა იყოს სახლსა თჳსსა დედაკაცი უცხოთესლი.

13

მივიდენ და მოჰჴადონ მას თჳთეულად ადგილსა, და დადგედ მოხუცებულნი იგი და მსაჯულნი და ლხინება-ყვედ და დააცხრვედ ჩუენგან რისხვა უფლისა დიდ-დიდთა უკეთურებათათჳს, რომელნი ჩუენ ვქმნენით.

14

და იონათან აზალეანმან და ეზეკია თოკუანმან თავს-იდვეს ყოფად ამისა მოსოლამიოს, და ლევია და საბატეოს, რომელნი-იგი ერთ-სიტყუა იყუნეს მათ თანა.

15

და ყვეს ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი უბრძანეს, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან.

16

და გამოირჩია ეზრა კაცნი მღდელნი და მფლობელნი და მამათმთავარნი მსგავსად სახელისა მათისა და დასხდეს თთჳსთავსა მას თთჳსასა მეათესსა, რათა აღასრულონ საქმე იგი.

17

და მოკრიბონ და მოიყვანნეს მამანი და დედანი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ვიდრე წელთა მათ თთუეთა პირველამდე.

18

და იპოვეს მღდელთაგანნი, რომელნი შეკრებულ იყუნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგანი და იყუნეს შერეულ უღმრთოთა,

19

ძეთა მათგან იესუვისთა: იოსედეკანი და ძმა მისი მათელა და ელეაზარ და იორიბოსი და იოვადან.

20

და იწყეს განშორებად ცოლთა თჳსთა უცხოთესლთა და შეწირეს თჳთეულად ვერძები მოსატევებელად ცოდვათათჳს.

21

და ძეთა მათგან ემორისთა: ანანია, და ბადდიოს, და მანნეს, და სამმეს, და იერიელ და აზარიას.

22

და ძეთა მათგან ფასურისთა: ელიანას, და მასსიას, ისმაელ, და ნათანაელ, და სოკეთლედოს, და სალთოს.

23

და ძეთა მათგან ლევიტელთა: იაზაპტოს, და სემის, და კონოს, და ესე იგი არს სალვიტას, და ფათეოს, რომელი-იგიცა იყო იუდა და იონას.

24

მეფსალმუნეთა მათ მსახურთაგანი: ელიასიბოს და ბაქოროს.

25

მეკარეთა მათგანნი: სალმოს და ტოლბინეს.

26

და ისრაჱლისაგანნი: ძეთა მათგან ფეროსისთა: იერამოს, და იედდიოს, და მელქიას, და მალეს, და ელიაზაროს, და საბოს, და ბანეს.

27

და ძეთა მათგან ელიაკიმისთა: მატთანიას, ზაქარიას, იეზროლიელს, იოადიოს, და იერიმოთს, და აედიოს.

28

და ძეთა მათგან ზათუმისთა: ელიადას, ელისიმოს, იოთონიას, არიმოთს, და საბათოს, და ზარდეას.

29

და ძეთა მათგან ბებეასთა: და იოანნეს, და ანანიას, და იოზბოს და ევმოთს.

30

და ძეთა მათგან მანისთა: ლამოს, ასმამუმოს, იეგეოს, იასუბოს, იასაელოს და იერემოთს.

31

და ძეთა მათგან ადდისთა: ნათოს, და მოოსიას, ლაკვინოს, ნაიდას, მატათიას, სესთელს, ბალუნოს და მანასეს.

32

და ძეთა მათგან ანნასთა: ელონას, და ასეას, და მელქიას, და საბეოს, სიმონოს და ქოსამეოს.

33

და ძეთა მათგან ასიმატისთა: ანნესოს, მატათიას, ბანეოს ელიფატანს, მანასეს, და სემეის.

34

და ძეთა მათგან ბაანისთა: ერემიას, მომფდის, ისმაეროს, და იოველს და მამბლეს, პერდას, ანოს, რაბასიოს, ანასიბოს, მამნიტანემოს, ელიასის, ბანუს, ელიალი, სომეია, სელემიას, ნათანიას, და ძეთა მათგან ეზორასთა: აემ, ეზრიელ, აზელ, სამატონ, ზამბრის, იოსებ.

35

და ძეთა მათგან ნაუმაასთა: ზაზეკიას, ზაბადის, ედესიუელ, ბენესეას.

36

ესე ყოველნი იყუნეს, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგანი და განიშორეს ცოლები იგი თჳსი და შვილნი თჳსნი.

37

და დაიმკჳდრეს მღდელთა მათ და ლევიტელთა და იერუსალჱმით იერუსალჱმსა დაბნებსა მას თთჳსთავსა მას თთუესა მეშჳდესა და ძეთა მათ ისრაჱლისათა დაიმკჳდრეს სამკჳდრებელსა თჳსსა.

38

შეკრბა ყოველი იგი სიმრავლე ერთბამად ფართოსა ადგილსა მზისა აღმოსავლით კერძო წინაშე ბჭისა მის ტაძრისასა.

39

და ჰრქუეს ეზრას მღდელმოძღუარსა და მთხრობელსა სჯულისასა რათა მიიღოს სჯული იგი მოსესი მოცემული უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

40

და შუა წარმოიღო ეზრა სჯული იგი წინაშე ყოველთა მათ მამათა და დედათა და წინაშე ყოველთა მღდელთასა. და ისმინეს სჯული მოსესი, რომელი-იგი იყო უფლისა მიერ თთჳსთავისა მის თთვისა მეშჳდესასა.

41

და იკითხვიდა წიგნსა მას ბჭესა ტაძრისასა ფართოსა მას ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამამდე წინაშე ყოველთა მამათა და დედათა, ისმენდეს და გულისხმა-ჰყოფდეს ყოველი იგი სიმრავლე სჯულისა მის უფლისა ღმრთისასა.

42

და დადგა ეზრა მღდელი და მთხრობელი სჯულისა უფლისა ზედა ძელისა ბემონსა, რომელი-იგი განემზადა.

43

დადგეს მახლობელად მისა მარჯუენით კერძო: მატათია, სამუს, ანანია, აზარია, ჰურიას, ეზეკიაოს, ბალასამოს.

44

და მარცხენით კერძო: ფალთოზ, მისაელ, მელქიას, ლოვთას, ობუს, ნაბადის, ზაქარიას.

45

და მოიღეს ჴელითა ეზრასითა წიგნი იგი სჯულისა, რამეთუ ჯდა იგი დიდითა დიდებითა წინაშე ყოველთასა და ყოველი იგი სიმრავლე სხდა წინაშე მისსა.

46

რაჟამს განყუნნა წიგნნი იგი სჯულისანი, ზეადგა ყოველი იგი სიმრავლე და აკურთხა ეზრა უფალი ღმერთი მაღალი, ღმერთი საბაოთ ყოვლისა მპყრობელი.

47

და ერთბამად ყოველმან სიმრავლემან თქუა: ამენ. და აღიპყრნეს ჴელნი თჳსნი ზე და დავარდეს ქუეყანასა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანისცემდეს უფალსა ღმერთსა.

48

და ისუ, და ანნოს, და ასარაბიას, იადინოს, იაკობოს, საბატეოს, დოვდიას, მაანნეას, კალვიტას, აზარიას, იაზობდოს, ანანიას, ფილათას,

49

და ჰრქუა ატტარატეს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულისა უფლისასა და ლევიტელთა, რომელნი ასწავებდეს სიმართლესა მას.

50

და ჰრქუა მათ წინაშე ყოველთა: დღე ესე დღე არს სიწმიდისა უფლისა და ყოველნი დაჴსნილ არიან სმენით მით სჯულისა მის უფლისათა.

51

და წარვედით და ჭამეთ სიპოხე და სუთ სიტკბოება და მიუძღუანეთ მათ წიგნი, რომელთა არა აქუნდეს,

52

რამეთუ წმიდა არს დღე ესე უფლისა და ნუ შეაწუხებთ მათ, რამეთუ უფალი ღმერთი არს, რომელმან დიდებულ-გუყვნა ჩუენ.

53

და ლევიტელთა მათ ყოველთა უბრძანეს სიმრავლესა მას და ჰრქვეს: დღე ესე წმიდა არს და ნუ შეაწუხებთ მათ.

54

და ჰრქუა სიმრავლესა მას, რომელსა აქუნდეს, ჭამენ და სუნ და მხიარულ იყავნ და ეცნ მას, რომელსა-იგი არა აქუნდეს. და იყუნენ ყოველნი მხიარულ მას დღესა შინა, რამეთუ აღივსენით და გულისხმა-ყვენით სიტყუანი სჯულისა უფლისანი, რომელსა თქუენ შეჰკრებთ და ჩუენ გასწავებთ თქუენ.

55

123456789