მეორე ეზრა, თავი 6
დარიოსის მეფობის მეორე წელს წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარიამ, ყიდოს ძემ, უწინასწარმეტყველეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ იუდაელებს უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით.
მაშინ ადგა ზერუბაბელი, ძე შალთიელისა და იესო, ძე იოცედეკისა, და იწყეს შენება უფლის სახლისა იერუსალიმში უფლის წინასწარმეტყველთა თანდასწრებით, რომელიც შეეწეოდა მათ.
ამ დროს გამოეცხადა მათ სისინესი, სირიისა, ფინიკიის განმგებელი, და ბეთარბოზნაი მათი თანამდგომნი და უთხრეს მათ:
ვისი ნებართვით აშენებთ ამ სახლს და ამ ჭერს, და სხვა დანარჩენს აღასრულებთ? ვინ არიან მაშენებელნი, რომ აღასრულებენ ამას?
მიიღეს მადლი უფლისგან, ტყვეობაში მყოფთა მფარველისგან, იუდეველთა უხუცესებმა,
და არ დაუშალეს მათ შენება, ვიდრე არ აუწყებდნენ მათ შესახებ დარიოსს და პასუხს არ მიიღებდნენ.
პირი წერილისა, რომელიც მისწერა დარიოსს და გაუგზავნა სისინესმა, სირიისა და ფინიკიის განმგებელმა, ბეთარბოზნაიმ და მათმა თანამდგომმა, მთავრებმა სირიასა და ფინიკიაში.
მეფე დარიოსს, იხარებდე! უნდა გეუწყოს ყოველივე ჩვენს უფალს, მეფეს; როცა მოვედით იუდაელთა ქვეყანაში და შევედით ქალაქ იერუსალიმში, ვპოვეთ ტყვეობიდან გამოსულნი იუდაელთა უხუცესნი, რომლებიც ქალაქ იერუსალიმში აგებენ უფლის ახალ დიდ სახლს ძვირფასი თლილი ქვებით და კედლებში ძელთა დატანებით;
ეს სამუშაოები თავგამოდებით სრულდება და კარგად მიდის საქმე მათ ხელში და ყოველივე დიდებითა და გულმოდგინებით კეთდება.
მაშინ ვკითხეთ უხუცესებს და ვუთხარით: ვისი ბრძანებით აშენებთ ამ სახლს და აფუძნებთ ამ საქმეებს?
ასე ვკითხეთ მათ, რათა გვეცნობებინა და მოგვწერა შენთვის თავკაცთა შესახებ და მოვითხოვდით მათი წინამძღოლების ნუსხას.
ხოლო მათ პასუხად მოგვიგეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ღვთისა, ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
ეს სახლი მრავალი წლის წინათ აშენდა ისრაელის დიდი და ძლიერი მეფის მიერ და დასრულდა.
როცა ჩვენმა მამებმა განარისხეს და შესცოდეს ზეციერ უფალს ისრაელისას, მისცა ისინი ხელთ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა მეფეს.
სახლი დაანგრიეს და დაწვეს და ხალხი ტყვედ წაასხეს ბაბილონში.
მაგრამ ბაბილონის ქვეყანაში კიროსის გამეფების პირველ წელს მეფე კიროსმა ბრძანა ამ სახლის აშენება.
ოქროსი და ვერცხლის წმიდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმის სახლიდან და დადო თავის საკერპოში, მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან გამოიტანა და გადასცა ზერუბაბელს და მთავარ შეშბაცარს.
ებრძანა მას დაებრუნებინა მთელი ჭურჭელი და დაედო იერუსალიმის ტაძარში და აეშენებინათ ღვთის ტაძარი მისსავე ადგილას.
მაშინ შეშბაცარი მოვიდა და დადო საფუძვეღი უფლის სახლისა იერუსალიმში, და იმ დროიდან დღემდე შენდება და არ დასრულებულა.
აწ, თუ ინებებ, მეფეო, მოიძიონ მეფე-ბატონის სამეფო წიგნთსაცავებში, რომლებიც ბაბილონშია:
თუ აღმოჩნდება, რომ მეფე კიროსის ნებით შენდებოდა უფლის სახლი იერუსალიმში და ნებავს ჩვენს მეფე-ბატონსაც, გვეუწყოს ამის შესახებ.
მაშინ ბრძანა მეფე დარიოსმა, ეძებნათ ბაბილონმი არსებულ სამეფო წიგნთსაცავებში და აღმოჩნდა ქალაქ ეკბატანაში, მიდიის ქვეყანაში, ერთი ნაწერი. რომელშიც მოხსენებული იყო შემდეგი:
კიროსის მეფობის პირველ წელს ბრძანა მეფე კიროსმა აეშენებინათ უფლის სახლი იერუსალიმში, სადაც სწირავენ მსხვერპლს ჩაუქრობელ ცეცხლზე.
სიმაღლით სამოცი წყრთა, სიგანით - სამოცი წყრთა, თლილი ქვის სამი სახლითა და ერთი ახალი სახლითურთ ადგილობრივი ხისაგან, ხოლო სახსარი გაიცეს კიროს მეფის სახლიდან.
უფლის სახლის წმინდა ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის სახლიდან წამოიღო ბაბილონში, დაუბრუნდეს იერუსალიმის სახლს, და სადაც შენახული იყო, იქ დაიწყოს.
ებრძანა სისინესს, სირიისა და ფინიკიის მთავარს, ბეთარ-ბოზნაის და მის თანამდგომთ. სირიასა და ფინიკიაში მმართველად განწესებულთ, რათა განეშორონ იმ ადგილებს და დაანებონ უფლის მორჩილს, ზერუბაბელს, იუდაელთა მთავარს, და იუდაელთა უხუცსებს უფლის სახლის შენება თავის ადგილზე.
ხოლო მე ვბრძანე სრულად აღაშენონ და თვალი მიადევნონ, რათა შეეწეოდნენ ტყვეობიდან გამოსულ იუდაელებს უფლის სახლის გასრულებამდე.
კოილე სირიისა და ფინიკიიდან შეკრებილი ხარკიდან გულმოდგინედ ეძლეოდეს ამ ხალხს საუფლო მსხვერპლისათვის, მთავარ ზერუბაბელს ზვარაკებისმ ვაცებისა და კრავებისათვის.
ასევე ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი განუწყვეტლივ ყოველწლიურად, როგორც იერუსალიმში მყოფი მღვდლები მოითხოვენ სახარჯად ყოველდღიურად, უსიტყვოდ.
რათა სწირავდნენ საღვრელს მაღალი ღმერთის წინაშე მეფისა და მისი შვილებისათვის და ლოცულობდნენ მათი სიცოცხლისათვის.
ბრძანა, თუკი ვინმე დაარღვევს რამეს ნათქვამში და დაწერილში, ან შეცვლის, აიღონ ძელი მისივე საკუთრებიდან და მასზე ჩამოჰკიდონ, ხოლო მისი საცხოვრებელი მეფეს გადაეცეს.
ამის გამო უფალი, ვის სახელსაც უხმობენ იქ, აღხოცავს ყველა მეფეს და ხალხს, რომელიც ხელს აღმართავს დასაბრკოლებლად ან ბოროტების ქმნად უფლის სახლის წინააღმდეგ იერუსალიმში.
მე მეფე დარიოსს დამიდგენია - იქმნას ურყევად ამის მიხედვით.
და მეორესა წელსა დარეჰ მეფისასა წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია, და წინაწარმეტყუელებდეს ჰურიასტანს და იერუსალჱმს სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა.
მას ჟამსა ზორობაბელ სალეთეალეანმან და ისუ იოსედეკეანმან იწყო შენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს წინაწარმეტყუელითურთ უფლისათა, რომელნი-ეგე შემწე იყუნეს მათა.
მას ჟამსა მოვიდეს მათა სისინე, მთავარი ასურასტანელთა და ფინიკელთა, და სართაბუზან და სხუანიცა მათ თანა მოყუასნი მათნი.
და ჰრქუეს მათ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ ტაძარსა მაგას და ეზოთა მაგისთა? ანუ ვინმე არიან იგინი, რომელთა ჰნებავს აღშენება მაგისი და აღსრულება?
იქმნა მადლი მოძღურებისა უფლისა მიერ მღდელთა მათ ზედა ჰურიასტანს.
და არა დააყენნეს იგინი შენებისაგან ვიდრე მიწერადმდე დარეჰ მეფისა, და რათა მოიღონ ბრძანება მისგან - წიგნი, რომელი მიწერეს და მიუძღუანეს დარეჰ მეფესა:
სისინი, მთავარი ასურასტნელთა და ფინიკელთა, და სათარბუზან და რომელნი არიან მათ თანა ასურასტანელთა და ფინიკელთა და მოსაქმენი და მთავარნი დარეჰ მეფესა გიკითხავთ.
უწყებულმცა შენდა, უფალო ჩუენო მეფე, რამეთუ მივედით და მივიწივენთ ჩუენ ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა, და შევედით ქალაქსა იერუსალჱმსა და ვპოვენთ მუნ განსრულნი იგი ტყუეობისაგან მოძღუარნი მათნი ქალაქსა იერუსალჱმს და ვიხილეთ, რამეთუ აშენებდეს ტაძარსა უფლისასა დიდ-დიდსა
და იყო საქმე სწრაფითა წარმართებულ ჴელთა შინა დიდითა დიდებითა, ენება მეყუსეულად აღშენება მისი.
მას ჟამსა ვკითხეთ ჩუენ მოხუცებულთა მათ და ვარქუთ: ვისითა ბრძანებითა აშენებთ სახლსა მაგასა, ანუ ვისითა სიტყჳთა დასდევით საფუძველი მაგისი?
და ვკითხეთ მათ და აწ გაუწყოთ და გიჩუენოთ შენ კაცნი წინამძღუარნი მათნი და მიგწერნეთ სახელნი მათნი, რომელნი არიან მთავარნი საქმისა მათისანი.
მათ მოგჳგეს და გურქვეს: ჩუენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისანი, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა.
და იყო აღშენებულ ტაძარი ესე უპირატეს მრავლისა ჟამისა ჴელითა დიდისა მის და ძლიერისა მეფისა ისრაჱლისათა.
ხოლო რაჟამს მამათა ჩუენთა განამწარეს და შესცოდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილოვანისათა, რომელ-იგი იყო მეფე ქალდეველთა.
პირველსა წელსა მეფობასა კჳროსისასა დაწერა ბაბილონს მეფემან კჳროს ბრძანა აღშენება ტაძრისა ამის.
და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი ტაძრისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ მეფემან ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმით და დადვა დასაცველად სახლსა კერპთა თჳსთა, და მერმე კჳროს გამოიღო სახლისა მისგან კერპთა და მისცა ზორაბაბელსა და სალმანასარსა
და უბრძანა მათ, მოიღონ და დადვან ჭურჭელი და სამსახურებელნი ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს და ტაძარი იგი უფლისა, ბრძანა, აღაშენონ ადგილსა თჳსსა.
მას ჟამსა სალმანასარ აღვიდა იერუსალჱმდ და დადვა საფუძველი ტაძრისა მის, ვიდრე აქამომდე ვაშენეთ და არღარა აღსრულებულ არს.
და აწ, უფალო ჩუენო დარეჰ მეფე, ძიებად-ყავ და იხილე სახლსა მატიანეთასა, სადა ძეს წიგნები საჴსენებელთა დამარხულად მეფისა კჳროსისა.
თუ იპოოს ბრძანებითა კჳროს მეფისათა და სიტყჳთა მისითა, აღაშენონ ტაძარი ესე უფლისა იერუსალჱმს, და ზედმიიწიე ბრძანებასა კჳროს მეფისასა და გვაუწყე ჩუენ ამის ყოვლისა საქმისათჳს.
მას ჟამსა დარეჰ მეფემან უბრძანა ძიებად სახლსა მატიანთასა სამეუფოსათა, რომელი-იგი იდვა ბაბილონს და პოვა ბატანბარიტენისსა მართა სოფელსა, ადგილსა, სადა იდვა წიგნი საჴსენებელთაჲ, რომელსა წერილ იყო ესრეთ:
წელსა მას პირველსა შარავანდედებასა კჳროსისასა მეფემან კჳროს ბრძანა აღშენებად სახლი იგი უფლისა იერუსალჱმს, შესწირვენ საკუერთხთა განცხადებულად ჴელითა ცეცხლისაჲთა.
და უბრძანა ესე საზომისა სახე აღშენებად სიმაღლე მისი წყრთა ათი და სივრცე მისი სამეოც წყრთა, და ქვა და ძელი ყოველთავე ბრძანა მიცემად სამეუფოთა.
და ჭურჭელი სამსახურებელი სახლისა უფლისა ოქროსა და ვეცხლისა, რომელი-იგი მოეღო ნაბუქოდონოსორს ბაბილონად, რომელი იყო ტაძრისაგან უფლისა იერუსალჱმს, უბრძანა კჳროს მიღებად სახიდ უფლისა, რათა დადვან მუნ, ვითარცა იყო პირველ.
და შე-ღავე-სძინა ბრძანება დარეჰ მეფემან და ჰრქუა: სისინი მთავარი ყოველთა ასურთა და ფინიკელთა და სათრაბუზან და სხუანი მოდგმანი თქუენნი, რომელ განწესებულ არიან საქმესა ასურასტანელთასა და ფინიკელთასა, განეშორენით ადგილისა მაგისგან და ნუ მიეახლებით მონასა მაგას უფლისასა ზორაბაბელს, რომელი-იგი არს მთავარი ჰურიათა, და ნუცა მღდელთა, მოძღუართა ჰურიათასა, რომელნი აშენებენ სახლსა უფლისა ადგილსა თჳსსა
მე ვბრძანე, რომელ ყოვლადვე სრულიად აღეშენოს ღა ვეყო შემწე ჰურიათა მაგათ, რომელნი აღვიდოდეს იერუსალიმდ, ვიდრემდის აღასრულონ ტაძარი ეგე უფლისა ღმრთისა თჳსისა.
ხარკთაგან ასურეთით კერძოთა ფინიკელთა, მცნებით მიბრძანებიეს, რათა მისცენ კაცთა მაგათ შესაწირავისათჳს საკუერთხთა უფლისათა. და მოიბენინ ზორაბაბელ მთავარმან ზვარაკები და ვაცები და კრავები,
მისვე სახისაებრ იფქლი და მარილი, ღჳნო და ზეთი, და იყავნ ეგე ყოველი განწესებულ წლითი წლად, რაოდენ ჟამცა მღდელთა იერუსალჱმს ბრძანონ სამსახურებელად უფლისა, დღითი დღე დაუბრკოლებელად.
შე-რა-სწირონ მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მაღლისა მეფისათჳს და ძლიერებათა მისთათჳს და ლოცვა-ყონ ცხორებისათჳს მეფისა.
და უბრძანა: უკუეთუ ვინმე უდებ-ყოს, ანუ გარდაჴდეს ბრძანებასა ჩემსა, რომელ-ესე მივსწერე, პატიჟზღუეულიმცა ზღავს ყოველსა თჳსით თავით და აღკიდებულიმცა იგუემების, და ყოველსამცა მონაგებსა მისსა სამეუფოდ მიიღებნ.
სადაცა წოდებულ არს სახელი უფლისა, მუნ ბრძანებულ იყო ყოველივე საღვაწი სამეუფო ნათესავთა, და მან იკადრა ჴელის განდგმად. და დაყენებად და იზრახა ბოროტი ტაძრისა მისთჳს უფლისა იერუსალჱმს.
მე, დარეჰ მეფემან, დიდითა კრძალულებითა ვბრძანე ყოფად და აღსრულებად ამისა ყოვლისა.