პირველი პეტრესი, თავი 5
ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს:
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.
და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.
ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.
მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.
იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.
წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.
დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.
მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.
სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ.
ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა.
იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინეთ.
ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას.
და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი.
ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა თჳსსა.
ყოველივე ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რამეთუ იგი იღუწის თქუენთჳს.
განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.
რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით.
ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ.
მისა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
სილოანეს მიერ, ძმისა თქუენისა, სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე, გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ.
გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს, ძე ჩემი,
მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა.