პირველი პეტრესი, თავი 4
ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს.
რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი.
რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას, ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი.
ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც.
მალე აგებენ პასუხს მის წინაშე, ვინც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს.
მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ, როგორც ღმერთს.
თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ.
უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს.
უდრტვინველად უმასპინძლეთ ერთურთს.
თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს.
თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ.
არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ.
თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება.
მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.
ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ?
თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს?
ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული.
ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ, რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან,
რაჲთა არღარა კაცთა გულის თქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად.
რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულის თქუმათაჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთ-მსახურებითა.
რომლისაგან უკჳრს არა სლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ.
რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელნი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა.
რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა.
ხოლო ყოველთაჲ აღსასრული მოახლებულ არს, განიწმიდენით უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად.
ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ.
სტუმრის მოყუარე იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტჳნვისა.
კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი.
რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა; რომელი ჰმსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ ქრისტეს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ.
არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ.
უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით.
ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა.
ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა.
რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ?
და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს?
ამიერითგან რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა ვითარცა სარწმუნოთა დამბადებელსა, შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილის საქმითა.