პირველი პეტრესი, თავი 1
პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და ბითვინიაში განთესილ ხიზნებს,
უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!
კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,
რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,
რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, - საქები, სადიდებელი და სასახელო აღმოჩნდეს თქვენთვის, როდესაც გამოგეცხადებათ იესო ქრისტე,
რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,
რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს: სულების ხსნას.
სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს.
და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას.
მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ თვითონ მათ კი არა, თქვენ გმსახურებდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან, ცით მოვლენილი სული წმიდის მიერ, და რისი წვდომაც სურთ ანგელოზებს.
მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
როგორც შვილნი მორჩილებისა, ნუ მიეცემით თქვენს უწინდელ, უმეცრების დროინდელ ვნებებს.
არამედ წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი.
ვინაიდან დაწერილია: „წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ“.
თუკი მამას უწოდებთ მას, ვინც პირუთვნელად განსჯის ყველას, თანახმად მისი საქმისა, მოშიშებით გალიეთ თქვენი ხიზნობის ყავლი.
რაკიღა იცით, რომ ხრწნადი საფასით - ოქრო-ვერცხლით როდი ხართ გამოსყიდულნი მამათა მიერ მოცემული ამაო ცხოვრებისაგან,
არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,
ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის,
რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ.
ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,
როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.
ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
ღვთის სიტყვა კი წარუვალია. სწორედ ესაა სიტყვა, თქვენ რომ გეხარათ.
პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა,
წინაწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა. მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ!
კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით,
სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ,
რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა.
რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალ-ფერთა შინა განსაცდელთა.
რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოვოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა.
რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა.
და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ.
რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ მადლსა მას გიწინაწარმეტყუელებდეს,
გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი, წინაწარ უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა.
რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.
ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა.
ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმათა,
არამედ მწოდებელსა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა.
რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.
და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელი-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითეულისა საქმეთაჲ, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით.
უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა,
არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა,
წინაწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკუანაჲსკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს;
რომელთა-ეგე მის მიერ გრწმენა ღმრთისა მიმართ, რომელმან-იგი აღადგინა იგი მკუდრეთით და მისცა მას დიდებაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და სასოებაჲ იყოს ღმრთისა მიმართ.
სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა, სულითა ძმათ მოყუარებისათჳს შეუორგულებულ იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად.
მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა, სიტყჳთა ღმრთისა ცხოველისაჲთა, რომელი-იგი ჰგიეს უკუნისამდე.
რამეთუ ყოველი ჴორცი თივაჲ არს და ყოველი დიდებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ყუავილი თივისაჲ: განჴმა თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა.
ხოლო სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჰგიეს უკუნისამდე, ხოლო ესე არს იგი სიტყუაჲ, რომელი გეხარა თქუენ.