პირველი იოანესი, თავი 5
ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს.
იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს.
ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია.
რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა.
ვინ არის ქვეყნის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?
ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.
ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია.
და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია.
თუ კაცთა მოწმობას ვიღებთ, ღვთის მოწმობა უმეტესია, რადგანაც ეს არის საღმრთო მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე.
ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე.
მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის ძეშია.
ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს.
ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.
და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ.
თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი.
ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი.
ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.
ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ, და მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული.
ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
შვილებო, დაიცავით თავი კერპთაგან. ამინ.
ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს და ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან.
ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.
რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან.
რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაჲ ჩუენი.
რაჲ არს, რომლითა სძლევს სოფელსა? არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ?
ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესუ ქრისტე არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა; და სული არს, რომელი წამებს, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ.
რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან.
რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი; და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან.
უკუეთუ წამებასა კაცთასა მოვიღებთ, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ღმრთისაჲ, რომელი წამა ძისა მისისათჳს.
რომელსა ჰრწმენეს ძისა მიმართ ღმრთისა, აქუს წამებაჲ იგი თავსა შორის თჳსსა; რომელსა არა ჰრწმენეს ღმერთი, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელი წამა ღმერთმან ძისა მისისათჳს.
და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე ცხორებაჲ ძისა მისისა თანა არს.
რომელსა აქუნდეს ძე, აქუს ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძე ღმრთისაჲ, მას არცა ცხორებაჲ აქუს.
ესე მივწერე თქუენდა, მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა.
და ესე არს განცხადებულებაჲ, რომელი მაქუს მისა მიმართ, რამეთუ უკუეთუ რაჲმე ვითხოოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა.
რაჲცა-იგი ვითხოოთ და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოაჲ იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან.
უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაჲ, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაჲ სასიკუდინე, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს.
ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ არა სასიკუდინე.
ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, არა ცოდოს, არამედ რომელი-იგი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხოს თავი თჳსი და ბოროტი მას არა შეეხოს.
ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას.
ხოლო ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ.
შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან. ამინ.