მეორე იოანესი, თავი 1
უხუცესი - რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებით, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება,
ჭეშმარიტების გულისთვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე.
მადლი, წყალობა, მშვიდობა ნუ მოგშლოდეთ მამა ღმერთისა და მისი ძის - იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით.
დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან.
ახლა გთხოვ, ქალბატონო, ისე კი არა, თითქოს ახალ მცნებასა გწერდე, არამედ იმას, რაცა გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.
სიყვარული კი ისაა, რომ მივსდევდეთ მისი მცნებების გზას; აი, მცნება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა მისი გზით იაროთ.
რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.
თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.
ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.
ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.
რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება.
ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე ქაღალდითა და მელნით, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გეწვევით და პირისპირ გესაუბრებით, რათა სრულ იყოს ჩვენი სიხარული.
მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულნი. ამინ.
მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიუყარან მე ჭეშმარიტებით და არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტებაჲ.
ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე.
იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით.
განვიხარე ფრიად, რამეთუ ვპოენ შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან.
და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა, და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხჳდოდით.
რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა ჴორციელად მოსრულსა; ესე არს მაცთური და ანტიქრისტე.
ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოვიღოთ.
ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს.
რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას.
რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა.
მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს.
გიკითხვენ შენ შვილნი დისა შენისა რჩეულისანი.