ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი იოანესი, თავი 4

1

საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.

2

ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.

3

ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.

4

თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად.

5

ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.

6

ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.

7

საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.

8

ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.

9

ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ამ ქვეყნად, რათა მისი წყალობით ვცხონდეთ.

10

სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ, და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მალხინებლად.

11

საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.

12

ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.

13

იმით შევიცნობთ, რომ მასში ვმკვიდრობთ, ხოლო ის - ჩვენში, რომ თავისი სულისაგან მოგვცა ჩვენ.

14

ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ მოავლინა ძე ქვეყნის მაცხოვრად.

15

ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში მკვიდრობს, ხოლო ის - ღმერთში.

16

ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.

17

ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად.

18

სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.

19

ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.

20

თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?

21

და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.

1

საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად.

2

ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს;

3

და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთჳს, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს.

4

თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა; რამეთუ უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან.

5

იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა.

6

ჩუენ ღმრთისაგან ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცნათ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ.

7

საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.

8

რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს.

9

ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ.

10

და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა.

11

საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული.

12

ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს.

13

ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ.

14

და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა.

15

რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.

16

და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.

17

ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა.

18

შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა.

19

ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ.

20

უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?

21

და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი.

12345