იონა წინასწარმეტყველი, თავი 2
მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში.
ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან.
თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა,
ვთქვი: გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსება-მეთქი შენი წმიდა ტაძრის ხილვა?
სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა,
მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო!
როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.
ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!
უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა.
და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა და იყო იონა მუცელსა შინა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე.
და ილოცა იონა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა მუცლით გამო ვეშაპისთჳს.
და თქუა: ღაღად-ვყავ ჭირსა შინა ჩემსა უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და შეისმინა ჩემი მუცლისაგან ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა, გესმა ჴმისა ჩემისა.
განმაგდე მე სიღრმედ მიმართ გულისა ზღჳსა და მდინარეთა მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა გარდაჴდეს.
და მე ვთქუ: განვიგდე თუალთა შენთაგან, სადმე შე-ღა-ვსძინო მიხედვად ტაძრისა მიმართ წმიდისა შენისა.
გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სულად ჩემდამდე, უფსკრულმან მომიცვა მე უკანაჲსკნელმან, დაჴდა თავი ჩემი
ნაპრალებსა მთათასა, შთავჴედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ. და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხორება ჩემი.
შენდამი უფალო, ღმერთო ჩემო, მოკლებასა შინა ჩემგან სულისა ჩემისასა. უფალი მოვიჴსენე და შევედინ შენდამი ლოცვა ჩემი, ტაძრით მიმართ, წმიდისა შენისა.
მცველთა ამაოსა და ცრუსათა წყალობა მათი დაუტევეს,
ხოლო მე ჴმისა თანა ქებისა და აღსარებისასა გამსხუერპლო შენ. რავდენი ვილოცე კუალად გაგო შენ მაცხოვარებად ჩემდა უფალსა.
და ებრძანა უფლისა მიერ ვეშაპსა და განაგდო იონა ჴმელსა ზედა.