ლოცვანი
აპლიკაცია

იაკობის ეპისტოლე, თავი 2

1

ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება.

2

რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით,

3

შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დაჯექიო,

4

განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ?

5

ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?

6

თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?

7

განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?

8

თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით.

9

მაგრამ თუ გარეგნობის მიხედვით ასხვავებთ ხალხს, ცოდვას სჩადიხართ და მხილებულნი იქნებით რჯულის მიერ, როგორც დამრღვევნი.

10

რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა,

11

რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ.

12

მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.

13

რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.

14

რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?

15

თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,

16

ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?

17

ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.

18

მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას.

19

შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც.

20

შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია?

21

განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა?

22

ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა.

23

და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი.

24

როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით.

25

განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ?

26

ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.

1

ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით, გაქუნ სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს დიდებისაჲ.

2

რამეთუ, უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა სამოსელითა შეურაცხითა.

3

და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე, და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა

4

და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა და იქმენით მსაჯულ გულის სიტყჳთა ბოროტითა?

5

ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა ღმერთმან, მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა თჳსთა?

6

ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი. ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ თქუენ სამსჯავროდ?

7

არა იგინი ჰგმობენა კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ არს თქუენ ზედა?

8

უკუეთუ სჯულსა აღსრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოფთ.

9

ხოლო უკუეთუ თუალთ-ღებით, ცოდვასა იქმთ და იმხილებით სჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი სჯულისანი.

10

რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ.

11

რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ, ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ სჯულისა.

12

ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა სჯულისაგან აზნაურებისა განსჯადნი.

13

რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა.

14

რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?

15

რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა

16

და ჰრქუას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცითაჲ, რაჲ სარგებელ არს?

17

ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო.

18

არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუნო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი.

19

შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან.

20

გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს?

21

აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძე თჳსი, საკურთხეველსა ზედა?

22

ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა?

23

და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა იწოდა.

24

ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო?

25

ეგრეთვე რააბცა, მეძავი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოვარნი იგი და სხჳთ გზით წარავლინნა?

26

რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.

12345