იაკობის ეპისტოლე, თავი 1
იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ.
ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;
მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.
მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.
ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან.
ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.
დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით,
ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი.
რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.
ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ.
ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს.
ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმანო.
ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.
მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.
მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.
რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.
დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.
მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.
წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.
იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა, – გიხაროდენ!
ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა;
უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ,
ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან.
ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას.
ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა.
ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან.
კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა.
იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა,
ხოლო მდიდარი – დამდაბლებასა თჳსსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაჲ, ეგრეთ წარჴდეს.
რამეთუ აღმოჰჴდა მზე სიცხითა თჳსითა და განაჴმო თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარჴდა. ეგრეცა მდიდარი სლვასა შინა თჳსსა დაჭნეს.
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მოიღოს გჳრგჳნი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა.
ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი.
არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების.
მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ-იქმნის და შვის სიკუდილი.
ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო!
ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ.
მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა.
აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად.
რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის.
ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა.
და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა.
უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა.
რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაჲ იყო.
ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა; ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა.
რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ.
მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან.