ეფესელთა მიმართ, თავი 5
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.
და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,
არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება.
რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში.
არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე.
ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.
გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს.
ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,
ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.
ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,
რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.
მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.
ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.
მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს სახელით.
ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.
მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,
და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.
ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.
ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.
რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.
იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი,
და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შეიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳის შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად.
ხოლო სიძვაჲ და ყოველი არა-წმინდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნურცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა ჰშუენის წმიდათა,
და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ გინა ლაღობაჲ, რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ.
და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა.
ნუცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა, რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა.
ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა,
რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ,
რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.
გამოიცადეთ, რაჲ-იგი არს სათნო უფლისა,
და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროჲსღა ამხილებდითცა.
რამეთუ, რაჲ-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა.
ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს,
რომლისათჳს იტყჳს: განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან.
ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი;
გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან.
ამისთჳს ნუ იყოფით უგნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ.
და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა,
ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა. 20. ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და მამასა.
დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა.
ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა.
რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ.
არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი - თჳსთა ქმართა ყოვლითა.
ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს,
რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა,
რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო.
ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს.
რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა,
რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი.
ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც.
გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა.