ლოცვანი
აპლიკაცია

ეფესელთა მიმართ, თავი 3

1

სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის,

2

თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის,

3

რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ;

4

როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო,

5

რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ;

6

რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში;

7

სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.

8

მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,

9

და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით,

10

რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე,

11

თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ,

12

ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით.

13

ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება.

14

სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე,

15

ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, -

16

რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში,

17

და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,

18

რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,

19

და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.

20

ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -

21

დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1

ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს.

2

უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მიმართ,

3

რამეთუ გამოცხადებით მაუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედრე,

4

რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმის-ყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა,

5

რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა სულითა წმიდითა,

6

რაჲთა იყვნენ წარმართნი თანა-მკჳდრ და თანა-ჴორც და თანა-მყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა იესუ ქრისტეს მიერ სახარებითა მით,

7

რომლისა ვიქმენ მე მსახურ ნიჭისა მისებრ მადლისა ღმერთისა, მოცემულისა ჩემდა შეწევნისაებრ ძალისა მისისა.

8

მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი

9

და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ,

10

რათა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ

11

გულს-მოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელ-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა,

12

რომლითა მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით სარწმუნოებითა მისითა.

13

ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდებაჲ თქუენდა.

14

ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ,

15

რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან,

16

რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა,

17

დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა,

18

სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,

19

ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა.

20

ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის,

21

მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

123456