ლოცვანი
აპლიკაცია

დანიელ წინასწარმეტყველი, თავი 7

1

ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

2

ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;

3

ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.

4

პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.

5

აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!

6

შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.

7

ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.

8

მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

9

ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

10

მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.

11

მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.

12

დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.

13

ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.

14

მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.

15

შემიშფოთდა დანიელს სული სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს.

16

მივუახლოვდი ერთ-ერთ იქ მდგომს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივე ამის მნიშვნელობა.

17

ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება.

18

შემდეგ უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე.

19

მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და საზარელი იყო, რომელიც რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით ნთქავდა, მუსრავდა და ფეხებით თელავდა.

20

მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა.

21

მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ,

22

სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ.

23

მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას.

24

ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს.

25

უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო.

26

შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.

27

მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება.

28

აქ არის ამ სიტყვების დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაძრწუნა და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს სიტყვები გულში დავიმარხე.

1

პირველსა შინა წელსა ვალტასარ მეფისა ქალდეველთაჲსსა ძილისშორისი იხილა დანიელ, და ხილვაჲ თავისა მისისა საწოლსა ზედა მისსა. და ძილისშორისი დაწერა დასაწყისი სიტყუათა მისთაჲ და მიმგებელმან თქუა:

2

მე, დანიილ, ვხედევდ ხილვასა შინა ჩემსა ღამისასა: და, აჰა, ოთხნი ქარნი ცისანი ეკუეთებოდეს ზღჳსა მიმართ დიდისა.

3

და ოთხნი მჴეცნი დიდნი აღმოვიდოდეს ზღჳსაგან, განსხუაებულნი ურთიერთას,

4

პირველი - ვითარცა ლომაჲ, და ფრთენი, ვითარცა არწივისანი. ვხედევდ, ვითარმედ მოეფხურნეს ფრთენი მისნი, და აღღებულ იქმნა ქუეყანით, და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა და გული კაცისაჲ მოეცა მას.

5

და, აჰა, მჴეცი სხუაჲ, მსგავსი დათჳსა, და ნაწილსა ერთსა ზედა დადგა, და სამნი გუერდნი პირსა შორის მისსა საშუალ კბილთა მისთა, და ესრეთ ეტყოდეს მას: აღდეგ, ჭამენ ჴორცნი მრავალნი!

6

შემდგომად ამისსა ვხედევდ და, აჰა, სხუაჲ მჴეცი, ვითარცა ვეფხი, და მისნი ფრთენი ოთხნი მფრინველისანი ზეშთა კერძო მისსა, და ოთხნი თავნი მჴეცსა, და ჴელმწიფებაჲ მოეცა მას.

7

და შემდგომად მისსა ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, მჴეცი მეოთხე საშინელი და განსაკჳრვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი, ჭამდა და დააწულილებდა, და დანაშთომთა მისთა დასთრგუნვიდა. და იგი განხრწნიდა მეტადრე უფროს ყოველთა მჴეცთა უწინარესთა მისთასა და რქანი ედგნეს მას ათნი.

8

და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი ვითარცა თვალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ-დიდთა. და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ.

9

და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე.

10

მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს.

11

და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა, რომელთა რქანი იგი იტყოდიან. მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა.

12

და ნეშტთაცა მჴეცთაჲ გარდადგა მთავრობაჲ. და სიგრძე სიცოცხლისა მიეცა მათ ვიდრე ჟამისამდე და წამისა.

13

ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი.

14

და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას.

15

განცჳბრდა სული ჩემი, მე, დანიელ, ანაგებსა შორის ჩემსა, და ხილვანი თავისა ჩემისანი შემაშფოთებდეს მე.

16

და მოუჴედ ერთსა მდგომარეთაგანსა და სიმკაცრესა ვეძიებდ მისგან ამათ ყოველთა ზედა, და მითხრა მე სიმკაცრე და თანშეტყუება სიტყუათაჲ მაუწყა მე:

17

ესე მჴეცნი დიდნი ოთხნი - ოთხნი მეფობანი აღდგენ ქუეყანასა ზედა,

18

რომელნი აღიხუნენ, და მიიღონ მეფობა წმიდათა მაღლისათა და იპყრან იგი ვიდრე საუკუნომდე და ვიდრე საუკუნომდე საუკუნეთა.

19

და ვეძიებდ სიმკაცრით მჴეცისათჳს მეოთხისა, რამეთუ განსხუაებულ იყო უფროს ყოვლისა მჴეცისა და საშინელ მეტად, კბილნი მისნი რკინანი და ფრცხილნი მისნი რვალისანი, ჭამდა და დააწულილებდა და ნეშტთა ფერჴებითა მისითა დასთრგუნვიდა.

20

და რქათა მისთათჳს ათთა თავისა მისისა შორისთა მისსა, და ერთისა მის რქისა, მავალისა და განმჴდელისა, უპირველესი იგი სამისა, რქისა მის, რომლისანი თუალნი და პირი მეტყველი დიდსა, და ხილვა მისი უმეტეს სხვათა.

21

და ვხედევდ და რქა იგი ყოფდა ბრძოლასა წმიდათასა, განძლიერდა მათდა მიმართ,

22

ვიდრე არა მოვიდა ძუელი დღეთა და მსჯავრი მისცა წმიდათა მაღლისათა. და ჟამი მოიწია და მეფობა დაიპყრეს წმიდათა.

23

და თქუა: ესე მჴეცი მეოთხე მეფობაჲ მეოთხე იყოს ქუეყანასა ზედა, რომელი ზეშთა იყოს ყოველთა მეფობათა, და შეჭამოს ყოველი ქუეყანაჲ, და დათრგუნოს იგი, და დაჭრას იგი.

24

და ათნი რქანი მისნი ათნი მეფენი აღდგენ. და შემდგომად მათსა აღდგეს სხუა, რომელი უფროს იყოს ბოროტებითა ყოველთა წინაწართასა, და სამნი მეფენი დაამდაბლნეს,

25

და სიტყუანი მაღლისა მიმართ თქუნეს, და წმიდანი მაღლისანი შეაცთუნნეს, და მოიგონოს ცვალება ჟამთა და შჯულისა, და მიეცეს ჴელსა შინა მისსა ვიდრე ჟამისამდე და ჟამთა და ნახევარსა ჟამისასა.

26

და სამსჯავრო დაჯდეს, და მთავრობა მისი გარდაადგინონ უჩინო-ყოფად და წარწყმედად ვიდრე სრულიად.

27

და მეფობა და ჴელმწიფებაჲ და დიდებულებაჲ მეფეთა ყოვლისა ცისქუეშისათაჲ მოეცა წმიდათა მაღლისათა, და მეფობა მისი - მეფობა საუკუნე. და ყოველნი მთავრობანი მას ჰმონებდენ და ერჩდენ.

28

ვიდრე აქამომდე დასასრული სიტყჳსაჲ. მე, დანიილს, გულისზრახვანი ჩემნი მრავლად შემაშფოთებდეს მე. და შესახედავი ჩემი იცვალა და სიტყუა გულსა შორის ჩემსა დავიცევ.

1234567891011121314